მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

5f01d41894631
ირაკლი მაკალათია
05.07.20 17:20
1495
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (29.06-04.07.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა
2. ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 6,1% შეადგინა
3. როდის აღდგება რეგულარული ფრენები და როგორია ტურიზმის მომავალი?
4. ავიაკომპანია WizzAir საქართველოში ბაზას დროებით ხურავს
5. ეროვნულმა ბანკმა 20-მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა
6. როდის დაიწყება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება და სად განხორციელდება პირველი ინვესტიციები?
7. გააკონტროლებს თუ არა აუდიტის სამსახური მედიის ფინანსურ საქმიანობას?
8. ბიძინა ივანიშვილის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას ძველი იპოდრომი მიჰყიდა
9. 1 ივლისიდან 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზარდათ
10. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში

1. მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 13.5%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4%-ია. 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა გოგიტა თოდრაძის განცხადებით: ეკონომიკის კლებაზე გავლენა იქონია დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 22.2%-ით შემცირებამ, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც. 94%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი ტურისტულ სექტორში, ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებასთან, ხოლო სამშენებლო მასალების იმპორტი დაახლოებით 39%-ით შემცირდა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2YZfhqL ; https://bit.ly/2AvmYeF  

2. ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 6,1% შეადგინა 

2020 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა. საბაზო ინფლაციამ (სამომხმარებლო კალათიდან: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების; ენერგომატარებლების; ადმინისტრირებადი ტარიფებისა და ტრანსპორტის ცალკეული ტარიფების გამორიცხვით) 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 6.2%.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში (13.6%), ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა -8.6%, სადაც ფასების ყველაზე მეტად კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.8%).

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2DbsEeT ; https://bit.ly/3izQxNA  

3. როდის აღდგება რეგულარული ფრენები და როგორია ტურიზმის მომავალი?

"TV პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას ქართული საავიაციო კომპანია “აერო ჯორჯია ჯგუფის" დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა განაცხადა, რომ აგვისტოში საქართველოდან რეგულარული ავიარეისების აღდგენა არარეალურია და ავიაბიზნესს პოზიციების აღდგენისთვის მინიმუმ ორი წელი დასჭირდება, ხოლო ფრენები პირველი აგვისტოდანაც რომ გაიხსნას, დატვირთვა მაქსიმუმ 30–40% შეიძლება იყოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ–მაისის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საავიაციო ტვირთბრუნვა 39%–ით შემცირდა და 5.6 ათასი ტონა შეადგინა.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება დეტალურად ის რეგულაციები, რომელთა შესრულება ბიზნესვიზიტორებს საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მოუწევთ. მათ ორი არჩევანი ექნებათ – PCR ტესტის გაკეთება თავიანთი ხარჯებით, ან ფასიანი კარანტინის გავლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ა.შ. ხოლო ბილეთის ფასები 200 ევროზე მეტი არ იქნება. მისივე თქმით ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში (ე.წ. „მწვანე ქვეყნები’’) საქართველოს შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური და იმ წარმატების აღიარება. პრემიერის განცხადებით, სახმელეთო საზღვრის გახსნა ჯერ არ იგეგმება და მთავრობა ამ საკითხზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2YXgChE https://bit.ly/2ZwDOSM ; https://bit.ly/2YXyzfU  ; https://bit.ly/3gtxNgO  


4. ავიაკომპანია WizzAir საქართველოში ბაზას დროებით ხურავს

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე, ამ პერიოდში 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. კომპანია გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები, მანამდე კი ქუთაისის ბაზაზე ოპერაციებს დროებით აჩერებს.

BMG-სთან ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მათი სერვისი კვლავ შესთავაზონ. კითხვაზე, თუ რამდენი ხანი დარჩება ქუთაისის ბაზა დახურული, კორპორატიული კომუნიკაციების უფროსის ანდრას რადოს თქმით, კომპანიაში მოწოდებული არიან, რომ ბაზა ხელახლა გახსნან, რაზეც სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან აქვთ მოლაპარაკებები. კომპანიამ ასევე გაიყვანა ქუთაისის ბაზაზე მყოფი თვითმფრინავები. კომპანიას პანდემის ყველაზე მძიმე პერიოდის დროს, კომპანიის სიმძლავრის 97% იყო გაჩერებული, ამჟამად კი 40%-იანი დატვირთვით ოპერირებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ დატვირთვას უახლოეს თვეში 60-70%-მდე გაზრდიან.

ვრლაც ინტერვიუ: https://bit.ly/2YXrfRA  
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3f2FqdA  ; https://bit.ly/3f2eryP  

5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20-მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა

2 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გამყარდა. მიმდინარე წელს სებმა 8 ინტერვენცია განახორციელა (13 მარტი; 19 მარტი; 25 მარტი; 27 აპრილი; 21 მაისი; 10 ივნისი; 17 ივნისი; 2 ივლისი) და ჯამში 229 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკი გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოზე მუშაობას განაგრძობს. მიმდინარე თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა შემდეგი სამართლებრივი აქტები: „კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესი"; „რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესი"; "დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესი"; „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესი"; "საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტის შექმნისა და საქმიანობის წესი"; "ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის დებულება". როგორც ეროვნულ ბანკშ განმარტავენ, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება. (ვრცლად სამართლებრივი აქტების შესახებ: https://bit.ly/2ZB7PkF )

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. ,,მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 11.4%-ით გაიზარდა.’’ ( https://bit.ly/2C8JgTS )

6. როდის დაიწყება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება და სად განხორციელდება პირველი ინვესტიციები?

3 ივლისის მონაცემებით საპენსიო სააგენტოში ჯამში მობილიზებულია 837,2 მლნ ლარი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს, სახელმწიფოო კომპანიებში ინვესტირება კი საწარმოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საშუალებით მოხდება.  

საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, რომ რისკიანობიდან გამომდინარე საპენსიო დანაზოგების რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება უახლოესი სამი წელი არ განიხილება. 
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/2VK1gLd  


7. გააკონტროლებს თუ არა აუდიტის სამსახური მედიის ფინანსურ საქმიანობას?

,,საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების რეგულირება და მათთვის საჯარიმო ქვითრების გამოწერა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალება.’’ კანონპროექტის ინიციატორები არიან - არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი. ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სადაც განმარტავენ, რომ მედიის ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს სცილდება.  

აღნიშნულ კანონპროექტს აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორიც, რადგან მათი შეფასებით ეს ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველ ნაწილს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მხარეები შეთანხმდებიან, შესაძლებელია, რომ ეს ნორმა კოდექსიდან ამოიღონ.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/38tbNj5 ; https://bit.ly/31LbpLF ; https://bit.ly/2C3uoX8  

8. ბიძინა ივანიშვილის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას ძველი იპოდრომი მიჰყიდა

თბილისის ცენტრში მდებარე ძველი იპოდრომის ტერიტორია, რომლის ფართობიც 272 669 კვადრატული მეტრია, ,,ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის შვილობილმა კომპანიამ, შპს ინვესტ კაპიტალმა 2020 წლის 16 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე - “ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ქართუზე” 60 მილიონ ლარამდე გაყიდა.’’ თავად “ინვესტ კაპიტალმა” კი იპოდრომის ტერიტორია 2009 წლის 18 აგვისტოს შეიძინა ფონდი "ქართუ" იპოდრომის შეძენის თაობაზე ოფიციალური განცხადების თანახმად: ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და თავად ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3gsYKRM ; https://bit.ly/2YXwb95  

9. 1 ივლისიდან 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზარდათ

1 ივლისიდან 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზარდათ და მათთვის პენსია 250 ლარი გახდა. პარლამენტი განიხილავს მთავრობის კანონპროექტს პენსიების ინდექსაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც პენსიის მატება დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია წლიურად გაეზრდებათ იმ ნომინალში რაც აისახება 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულით, ოღონდ არანაკლებ 20 ლარისა. ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%, ოღონდ არანაკლებ 25 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ დაბალი ეკონომიკური ზრდა იქნა დაფიქსირებული ქვეყანაში.
ვრცლად პენსიის ზრდისა და ინდექსაციის შესახებ: https://bit.ly/2ZH4ala  


10. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ერეკლე მექვაბიშვილმა პარლამენტს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. უწყებამ შემოწმების შედეგად გამოავლინა საეჭვო გარემოებები. მათ შორის: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2018 წლის ფინანსური აუდიტის შედეგები. გამოვლენილია შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული მთელი რიგი ნაკლოვანებები. ასევე დარღვევებია გამოვლენილი შემდეგი მუნიციპალიტეტების შემოწმების შედეგად: წალკის, გორის, მცხეთის, მარნეულის, დუშეთის, ხონის, ხარაგაულის, მესტიის, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, აპინძის მუნიციპალიტეტებში.

აუდიტის გამოქვეყნებული ანგარიშები, რომლებიც შესაძლო ისეთ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს როგორიცაა: კორუფციისა და გაფლანგვის შესაძლო ნიშნები, გაეგზავნათ სამართალდამცავ უწყებებს

ვრცლად აუდიტის დასკვნის შესახებ: https://bit.ly/2YZU3sP ; https://bit.ly/38snpD7