მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

5f708ba3b6496
ირაკლი მაკალათია
27.09.20 16:38
1702
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (21-26 სექტემბერი 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ეროვნული ბანკის მორიგი სავალუტო ინტერვენცია და ლარის კურსი
2. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა 
3. აგვისტოში ქართული კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა
4. მთავრობამ “მოსავლის მართვის კომპანია” დააფუძნა
5. მთავრობა "აკურას" მესაკუთრეებს ქონების ჩამორთმევამდე არსებულ აქტივებს დაუბრუნებს
6. გამოიწვევს თუ არა ხორბლის გაძვირება პურზე ფასის ზრდას?
7. EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციის $250-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირება დააფინანსა
8. „კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება
9. სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
10. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გამართა სესია - საქართველო, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ქვეყანა

1. ეროვნული ბანკის მორიგი სავალუტო ინტერვენცია და ლარის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის 23 სექტემბერს მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. აღნიშნული ეროვნული ბანკის რიგით მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 449,7 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა ლარის კურსი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. 22 სექტემბერს 1 აშშ დოლარი 3.2295 ლარი ღირდა, გაუფასურება გაგრძელდა მომდევნო დღეებშიც და 26 სექტემბერს 1 აშშ დოლარი უკვე 3.3332 ლარი ღირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკას პოსტით უპასუხა, სადაც წერს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. ამასთან მიმოიხილა კორონა ვირუსის მიზეზით გაჩერებული ეკონომიკისა და ტურიზმის გავლენა ეკონომიკასა და კურსის გავლენაზე.

2. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა 

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ექსპორტი 14,7%-ით შემცირდა და 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 17,5%-ით შემცირდა და 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (296.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (284.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (266.0 მლნ. აშშ დოლარი). ხოლო უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი). სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა რაც მთელი ექსპორტის 22.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები (12.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები (7.0%). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიდან აღსანიშნავია: მსუბუქი ავტომობილები (9.7%); ნავთობი და ნავთობპროდუქტები (6.6%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები (6.3%).

3. აგვისტოში ქართული კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.39%-ით შემცირდა, რაც 197 მილიონი ლარის ღირებულების აქტივია. ამასთან 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 317 მილიონიანი ზარალი განიცადეს. ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირებაა. განვლილ პერიოდშიც, ზარალის მთავარ მიზეზს სწორედ საკრედიტო დანაკარგების დარეზერვება წარმოადგენდა. რაც შეეხება გაცემულ სესხებს, მისი მოცულობა 2020 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.93 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3cCyraM; https://bit.ly/3i7OjmT;

4. მთავრობამ “მოსავლის მართვის კომპანია” დააფუძნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით მთავრობამ 2020 წლის 4 აგვისტოს “მოსავლის მართვის კომპანია” დააფუძნა, სადაც 15 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვა იგეგმება. რაც შეეხება მეორე სახელმწიფო კომპანია შპს “აკურას” მას განაცხადი 35 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვაზე აქვს გაკეთებული. 2020 წლის რთველში 300 000 ტონამდე ყურძნის მოსავალს პროგნოზირებენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, ,,ახალი კომპანიის დაფუძნების საჭიროება წარმოიშვა მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა კახეთში, სოფელ აკურაში მდებარე ღვინის ქარხნის ძველი მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი.’’

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3jbp2JW; https://bit.ly/36hgOMy;

5. მთავრობა "აკურას" მესაკუთრეებს ქონების ჩამორთმევამდე არსებულ აქტივებს დაუბრუნებს

BMG-სთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ სს "აკურას", რომელიც სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს მის ყოფილ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ. სს "აკურა" სახელმწიფო საკუთრებაში 2004 წელს კანონდარღვევით გადავიდა, რომლის აქციონერები ფიზიკური პირები თეიმურაზ მეგრელიშვილი და ნოდარ მოდებაძე იყვნენ. ძველ მესაკუთრეებს გადაეცემათ ის აქტივები, რაც ამ კომპანიას ჰქონდა ჩამორთმევამდე. ხოლო ის აქტივები, რომლებიც კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში ოპერირების დროს დააგროვა, გადადის ახალდაფუძნებულ შპს "მოსავლის მართვის კომპანიაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას კომპანია “აკურას” მეშვეობით ახდენდა.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/334aHJJ; https://bit.ly/3kSry8g

6. გამოიწვევს თუ არა ხორბლის გაძვირება პურზე ფასის ზრდას?

საერთაშორისო ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 10-15 დოლარით გაძვირდა, ლარის გაუფასურების გავლენით კი ფასი დაახლოებით 60-70 ლარით გაიზარდა. პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით ამ ეტაპზე პურის ფასის გაძვირება არ მოხდება, რადგან პურ-პროდუქტების დამზადებისთვის საჭირო ძირითადი ნედლეულის პურის ფქვილის ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/308mXXG

7. EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციის $250-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირება დააფინანსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრობონდების რეფინანსირებაში დაეხმარება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2016 წელს 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდები გამოუშვა, რომლის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურებოდა. EBRD-ის წარმომადგენლების განცხადებით დაფინანსების შეთანხმება COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ მოხდა.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/2FUCWSt

8. „კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე ,,კავკასუს ონლაინს’’ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. თუ მოთხოვნა ერთი თვის განმავლობაში არ შესრულდა სანქციების დაკისრება იქნება განხილული. „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას და საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. მისი მოლოდინით სასამართლო დააკმაყოფილებს კომპანიის სარჩელს და არაკონსტიტუციურად ცნობს კანონის იმ ნორმებს, რომელიც ზღუდავს „კავკასუს ონლაინის“ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/2RZyhB4

9. სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით 2020 წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო მოცულობა 4.2 მლნ ლარიდან 7.2 მლნ ლარამდე უნდა გაზრდილიყო. თუმცა 15-მა სადაზღვევო კომპანიამ მიმართვა გააგზავნა, რომლის მიხედვითაც ცვლილებების ძალაში შესვლის გადავადებას ითხოვდა. მოთხოვნა გათვალისწინებულია და ცვლილება 1 წლით გადავადდა.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/3mU6gcg

10. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ გამართა სესია - საქართველო, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ქვეყანა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ Shared Services & Outsourcing Week Europe 2020 ფარგლებში გამართა სესია საქართველოზე, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე. ვირტუალურ შეხვედრას მოდერაცია გაუწია წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის Buck Consultants International პარტნიორმა. პანელისტებს შორის იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ბიზნეს-სერვისების/საერთო სერვისების (shared services) მიმართულების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა The Lego Group, ING, Kier Group, და Cognia Law. სააგენტოს ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და აღნიშნული მიმართულებით სააგენტოში აქტიურად მუშაობენ.

ვრცლად ღონისძიების შესახებ: https://bit.ly/3i8Q82U