მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

5f79cb06307be
ირაკლი მაკალათია
04.10.20 18:00
1519
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (28 სექტემბერი -3 ოქტომბერი, 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. აგვისტოში ეკონომიკის 5.3%-იანი კლება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
2. სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3.8% შეადგინა
3. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და საგარეო ვალის მაჩვენებლები
4. “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა და აზერბაიჯანული Neqsol Holding საქართველოს მთავრობას უჩივლებს
5. 1 ოქტომბრიდან ლარის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის Bmatch პლატფორმით დადგინდება
6. საპენსიო ფონდის აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა
7. ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობს
8. „ეფკო“ ლურჯი მოცვის პალანტაციების განვითარებისთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს
9. პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო ტურისტულ გამოფენა -,, ITB Berlin 2023’’-ს უმასპინძლებს
10. მთავრობა საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე კიდევ 7.9 მლნ-ს დახარჯავს, ხოლო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებაში 15 მლნ ლარი დაიხარჯა


1. აგვისტოში ეკონომიკის 5.3%-იანი კლება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.6%-ია. 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის გოგიტა თოდრაძის განცხადებით ეკონომიკურ კლებაზე გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ვარდნამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელი.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში მთავრობის პროგნოზით ეკონომიკა მიმდინარე წელს 4.9%-ით შემცირდება, ხოლო მომავალ წელს 5%-ით გაიზრდება. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 4.5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 2.5%-ით გაიზრდება.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრიფინგი ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით: https://bit.ly/2Gqxg2B

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/2GANx4I; https://bit.ly/3lgXofn; https://bit.ly/2F1ToQm  


2. სექტემბერში ინფლაცის წლიურმა დონემ 3.8% შეადგინა
2020 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,9%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,4%-ით; ჯანმრთელობის დაცვა 7,5%; ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3%-ით. დეფლაცია დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 7,0%-ით; დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში 2,8%-ით; განათლების ჯგუფში ფასები შემცირდა 0,7%-ით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lblI25


3. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და საგარეო ვალის მაჩვენებლები
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლიც მიხედვითაც მთავრობა ხარჯებს მომდევნო წელს 1.1 მილიარდი ლარით ზრდის და ის 17.07 მილიარდი ლარი იქნება. 2020 წლისთვის საგადასახადო შემოსავლების სახით 9 მილიარდი ლარის მიღებას გეგმავს, ხოლო 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 10.45 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები ჯერჯერობით ასახული არ არის, რის მიზეზადაც ასახელებენ ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ გაურკვევლობას. აღნიშნულ ხარჯებზე მუშაობას კი ოქტომბერსა და ნოემბრის შუა პერიოდში გეგმავენ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.8 მლრდ აშშ დოლარია, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 111.5%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება, შესაბამისად 2021 წელს მთავრობა 2.2 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს და 2.6 მილიარდი ლარის ვალს მოემსახურება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34ldUny; https://bit.ly/2HQbjdD ; https://bit.ly/36qYqkG ; https://bit.ly/30zb1hM  
რომელ უწყებას ეზრდება და ვის უმცირდება დაფინანსება 2021 წლის ბიუჯეტით -https://bit.ly/36sfBCp


4. “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა და აზერბაიჯანული Neqsol Holding საქართველოს მთავრობას უჩივლებს
საერთაშორისო საარბიტრაჟო გამოცემა ,,Global Arbitration Review’’-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით აზერბაიჯანული Neqsol Holding საქართველოს მთავრობას უჩივლებს, მიზეზი კი კომუნიკაციების კომისიის მიერ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნაა. “Neqsol-ი, რომელიც არაერთი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მსხვილი მოთამაშეა, “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნას აფასებს, როგორც საერთაშორისო პროექტის განხორციელების შეჩერებისკენ მიზანმიმართულ ნაბიჯს, პროექტი კი მასშტაბურია, რომლის მიხედვითაც ცენტრალური აზია ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპას უნდა დაუკავშირდეს, რითაც შეძლებს ევროპის ქვეყნების მიაწოდოს ინტერნეტი რუსეთისგან დამოუკიდებელი მაგისტრალით.

ფრანგულმა გამოცემა L'Opinion გამოაქვეყნა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსის, თომას მურის ინსტიტუტის მკვლევრის, სირილ დალმონტის სტატია, სადაც ახალი ციფრული დერეფნის პროექტის მნიშვნელობაზე წერს და ასევე რუსეთის მხრიდან ზეწოლას, რის შედეგად, საქართველო აღნიშნული პროექტის განხორციელებას აფერხებს. პროექტის შეფერხებით შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) წარმომადგენლები; New Europe-ის საერთაშორისო მიმომხილველი, პიერ კლეპე; ამერიკული ორგანიზაცია Frontiers of Freedom-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ლანდრიტი; ასევე Forbes ადგილს უთმობს ამერიკული კომპანია CG/LA Infrastructure-ის მოსაზრებებს, რომლებიც პროექტის შეჩერების მიზეზად რუსეთის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/3nglYPb ; https://bit.ly/3jvX0Jc ; https://bit.ly/3cX0wK6 ; https://bit.ly/2HNePFE  

5. 1 ოქტომბრიდან ლარის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის Bmatch პლატფორმით დადგინდება
1 ოქტომბრიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით დადგინდება. ძველი სისტემის პირობებში, ვაჭრობაში ჩართულნი იყვნენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ხოლო ახალი სისტემით, ვაჭრობაში პირდაპირი მონაწილეების სახით კომპანიებიც დაიშვებიან. ამავე დროს, აღნიშნული პლატფორმით შესაძლებელი იქნება ბანკებმა გარიგებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელითაც გააკეთონ. ახალი სისტემა საშუალებას იძლევა მეტი ეკონომიკური სუბიექტი ჩაერთოს სავალუტო ვაჭრობაში და მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი კურსის ფორმირებაში.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/3naoM0h

6. საპენსიო ფონდის აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საპენსიო ფონდის აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ფონდში 1 მილიონი ადამიანის საპენსო დანაზოგი არის განთავსებული. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 484-მა ადამიანმა.

სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა, რომელმაც მოსახლეობის მიერ საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესი უნდა განსაზღვროს, ასევე დოკუმენტში განხილულია აქტივების რისკები, ესენია: დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხები რამდენიმე თვის განმავლობაში ისევ ბანკების ანგარიშებსა და დეპოზიტებზე დარჩება, რისი მიზეზიც არის ის რომ ჯერ არ ჰყავთ სპეციალიზირებული დეპოზიტარი, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jI1xZr ; https://bit.ly/3lbKiQh  
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი: https://bit.ly/3iwjZCJ  

7. ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობს
BM.Ge-ს მიერ გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფო საკუთრებაში იყო 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების, ხოლო დანარჩენი 179 ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში იყო. ფინანსთა სამინისტროში სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობა მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო, დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო საწარმოებს აქვთ პოტენციალი გახდნენ უფრო მეტად ეფექტიანები, რაზეც მიდის მუშაობა და რეფორმა 5 სვეტს მოიცავს: საწარმოთა კომერციალიზაცია; საწარმოებში დაინერგება კორპორაციული მართვის სტანდარტები OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით; განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა; სახელმწიფო დაიწყებს საწარმოთა სტრატეგიულ მართვას; გაანალიზდება და შემუშავდება ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2SpP14w

8. „ეფკო“ ლურჯი მოცვის პალანტაციების განვითარებისთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს
„ეფკო“ ლურჯი მოცვის პალანტაციების განვითარებისთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. კომპანიამ პლანტაციის აქტივები „საპარტნიორო ფონდისგან“ 2020 წლის ზაფხულში საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა. შპს „ეფკო“ ქართულ მულტი-პროფილურ საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპს“ წარმოადგენს, რომელიც 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას ფლობს გურიაში, მთლიანად კი კომპანია 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს. კომპანია გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს, როგორც სახელმწიფო საგრანტო პროგრამებში, ასევე, მჭრიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით საპარტნიორო ფონდი ლურჯი მოცვის კულტურის განვითარებას საქართველოში უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს, ხოლო ლურჯი მოცვის პროექტში 2.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/30zFA7g ; https://bit.ly/30wX0RK  

9. პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო ტურისტულ გამოფენა - "ITB Berlin 2023’’-ს უმასპინძლებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით -პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენა - "ITB Berlin 2023’’-ს უმასპინძლებს. მისი თქმით ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა, შედეგად გასამმაგდა სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა. მომდევნო წლებში კი ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით - მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას, შედეგად კი 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/3cZ0IZj ; https://bit.ly/2Gx0xsm  

10. მთავრობა საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე კიდევ 7.9 მლნ-ს დახარჯავს, ხოლო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებაში 15 მლნ ლარი დახარჯა
"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კარანტინის ზონების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 7.9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს საკარანტინედ სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი აქვთ დახარჯული.’’ "აწარმოე საქართველოს" მეწარმეობის განვითარების უფროსის ლაშა ბოსტაშვილის განცხადებით სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით 1 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა და რაზეც 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისათვის სესხის პროცენტის სუბსიდირება 6 თვიდან 12 თვემდე გაიზარდა, ხოლო განცხადებების მიღება 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2HVy4wZ ; https://bit.ly/3jwwnUr