მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP –10 ეკონომიკური მოვლენა

60bcc1309a6da
ირაკლი მაკალათია
06.06.21 17:00
1574
გთავაზობთ გასული კვირის (31 მაისი – 5 ივნისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. აპრილში საქართველოს მშპ რეკორდულად, 44.8%-ით გაიზარდა
2. 2021 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა
3. სახელმწიფომ საპრივატიზაციოდ 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი გამოიტანა
4. მაისში უმუშევრობის 200 ლარიანი კომპენსაცია 109 086-მა მოქალაქემ მიიღო
5. რა შედეგებით დასრულდა 1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა
6. რამდენი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და რამდენი ახალი საწარმო შეიქმნა პროექტის ფარგლებში
7. აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით სპორტული ცენტრებისა და საბავშვო ბაღების სუბსიდირებს მეორე ეტაპი
8. საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს
9. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია
10. რომელ სექტორებში მუშაობენ ყველაზე მეტ საათს და როგორი არის ზეგანაკვეთი


1. აპრილში საქართველოს მშპ რეკორდულად, 44.8%-ით გაიზარდა

2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი რეკორდულად 44,8%-ით გაიზარდა. ცხადია 2020 წლის აპრილში 16.6%-ით შემცირებულ ეკონომიკასთან შედარებით მიმდინარე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა მშპ, მაგრამ თუ საბაზისო პერიოდად 2019 წელს ავიღებ, რეალური მშპ-ს ზრდამ 21,0% შეადგინა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განმარტებით ეკონომიკური ზრდის გამომწვევი მიზეზები იყო: საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდა, დამამუშავებელი მრეწველობისა და სამშენებლო სექტორის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა, ყველა სექტორში დაფიქსირდა ზრდა. აქვე დავამატებთ, რომ პირველი 4 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 8.1% შეადგინა.
ეკონომიკის რეკორდული ზრდის ფონზე მთავრობამ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-ის ნაცვლად 6.5%-მდე გაზარდა, რაც შეეხება Galt & Taggart-ს, მან პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3pr6qcN ; https://bit.ly/3x0YD8d ; https://bit.ly/3vZb302 ; https://bit.ly/2TFMt69 

2. 2021 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა

2021 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა. ფასები ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა (17,4%), რაც 2.08%-ით აისახა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდაზე. ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შედმეგ ჯგუფებში: ჯანმრთელობის დაცვა (13,4%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12.0%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (11.8%). პროდუქტების ჩამონათვალში კი ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთის ფასი გაძვირდა (84.8%-ით).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iiU84J ; https://bit.ly/3fUQmNv ; https://bit.ly/3ceXbXV ;


3. სახელმწიფომ საპრივატიზაციოდ 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი გამოიტანა
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საპრივატიზაციო ობიექტი გამოიტანა გასაყიდად, ამ ობიექტების ნახევარი 25% და 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3igq0qI

4. მაისში უმუშევრობის 200 ლარიანი კომპენსაცია 109 086-მა მოქალაქემ მიიღო

2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ უმუშევრად დარჩნენ, მთავრობისგან 6 თვიან ფულად კომპენსაციას იღებენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის მაისის ბოლოს, უმუშევრობის 200 ლარიანი კომპენსაცია 109 086 ადამიანს ჩაერიცხა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3plF2wZ 


5. რა შედეგებით დასრულდა 1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების სამთავრობო პროგრამა გულისხმობდა კერძო სექტორში დასაქმებულთათვის 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან სრულად, ხოლო 750-დან 1500 ლარამდე ხელფასის 50%-ით გათავისუფლებას. აღნიშნული პროგრამა 2020 წლის მაისში დაიწყო და 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდა. 2020 წლის განმავლობაში და 2021 წლის პირველ კვარტალში ჯამურად ბიზნესმა 443.5 მილიონი ლარი დაზოგა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cjBoOW 


6. რამდენი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და რამდენი ახალი საწარმო შეიქმნა პროექტის ფარგლებში

bm.ge-ის მიერ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით 2013-2021 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 48,000-მდე სესხი გაიცა; პროექტს 27 381 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს და მათგან 4 735-მა ამ პროგრამით 3-ჯერ ან მეტჯერ ისარგებლა. პროექტის ფარგლებში ბანკებმა 3.19 მლრდ ლარის სესხი გასცეს, საიდანაც 1.7 მლრდ კახეთზე მოდის. 2013-2021 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 168 ახალი საწარმო შეიქმნა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34PvZL1 ; https://bit.ly/3clI0wd ; https://bit.ly/3uWKBms ; https://bit.ly/3cEiCSz 

7. "აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით სპორტული ცენტრებისა და საბავშვო ბაღების სუბსიდირებს მეორე ეტაპი

„აწარმოე საქართველოში“ სპორტული ცენტრებისა და საბავშვო ბაღების სუბსიდირების მეორე ეტაპს იწყებს. პროგრამა გულისხმობს პანდემიის პერიოდში დაზარებული მეწარმე სუბიექტებისათვის სესხის, სალიზინგო პროექტისა და მიკროსესხის თანადაფინანსებას.

ვრცლად პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და განაცხადის ფორმის შესავსებად იხილეთ: https://bit.ly/3x4WaK3 


8. საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს

საბერძნეთის ქალაქ ათენში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35-დან 23-მა ქვეყანამ დაუჭირა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yY9SQF ; https://bit.ly/3uQEWON 

9. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია

მოულოდნელი, მაგრამ პოზიტიური კვირა გამოდგა ლარის კურსის დინამიკის შეფასებისას. თუ კვირის დასაწყისში (1-ელი ივნისი) 1 აშშ დოლარი 3.2688 ლარი ღირდა, კვირის განმავლობაში გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა და 5 ივნისის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0791 ლარამდე გამყარდა. ლარის დოლართან მიმართებით კურსს განსაზღვრავს სავალუტო ბაზარზე ლარისა და დოლარის ფულადი მასების თანაფარდობა, ამ მხრივ პოზიტიური ნიშნები შეინიშნება იმ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაში, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში დოლარის მასის შემოდინებას. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, გაიზარდა ფულადი ნაკადები, რეგულაციების შემსუბუქებამ გაზარდა პოზიტიური მოლოდინები, ასევე რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ შეამცირა ლარის მიწოდება სავალუტო ბაზარზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ppTUdy ;


10. რომელ სექტორებში მუშაობენ ყველაზე მეტ საათს და როგორი არის ზეგანაკვეთი

საქსტატის გამოკითხვის შედეგების მიხედვით ეკნომიკის 18 სექტორიდან კვირაში ყველაზე მეტი სამუშაო საათი და ზეგანაკვეთი ტრანსპორტი და დასაწყობების სექტორშია, შესაბამისად 50 საათი კვირაში, ხოლო ზეგანაკვეთი 10 საათი. ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი განათლების სექტორშია - 30.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი კი არ არის. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის 18 სექტორიდან, 14 სექტორში დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 40 საათზე მეტ დროს მუშაობენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34RLhz3