მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა

603ba5bc849ce
BM.GE
28.02.21 19:50
1130
ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიც გრძელდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრასა და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო გამოეხმაურა მოჰყვა. აღნიშნული გაშუქდა საერთაშორისო მედიაში: Euronews; Deutche Welle; France24; Reuters ( https://bit.ly/3uGQnd2 ). საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ გადაუჭრელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ მმართველ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შესაძლოა შეასუსტოს რეფორმები და ავნოს საერთაშორისო ინვესტორების აღქმას საქართველოს სტაბილურობასთან დაკავშირებით. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეს ფოგ რასმუსენი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად ქართველმა ხალხმა წააგო. საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებით, კი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა. პოლიტიკური კრიზისი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემშლელ ფაქტორად დაასახელა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა. საქართველოში აშშ-ის საელჩო მომხდარს ევროატლანტიკურ ოჯახში მიმავალ გზაზე უკან დახევად აფასებს. ხოლო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ის მეშვეობით ეხმაურება მომხდარს და განვითარებულ მოვლენებს უკიდურესად შემაშფოთებლად აფასებს. ნიკა მელიას დაკავებას ასევე გამოეხმაურა დიდი ბირტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, რომელმად ყველა მხარეს თავშეკავებულად მოქმედებისკენ მოუწოდა.

გასული კვირის (22 – 27 თებერვალი, 2021) TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
2. პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები
3. შემსუბუქებული შეზღუდვები და ძალაში დატოვებული კომენდანტის საათი
4. ვაქცინების მოლოდინში - რომელი კომპანიის წარმოებულ ვაქცინებს მიიღებს საქართველო
5. რამდენად მზად ხვდება სამთო კურორტების გახსნას ბიზნესი?
6. S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა
7. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით იქმნება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო, ხოლო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უნდა გაფართოვდეს
8. საქართველოში სესხების მშპ-სთან ფარდობა 2020 წელს 80%-მდე გაიზარდა
9. რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლა
10. მოსალოდნელია თუ არა საწვავის ფასის ზრდა


1. 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და გაჩერებული ეკონომიკის შედეგად 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის იანვარში 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და ამ ფონზე ორნიშნა ეკონომიკური კლება კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია რომ იანვარში კლება დაფიქსირდა ყველა ეკონომიკურ სექტორში გარდა ინფორმაცია და კომუნიკაციის; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებისა. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dZFldf ; https://bit.ly/3q1txt6 

2. პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები

იანვარში ორნიშნა ეკონომიკური კლების შემდეგ, მშპ-ის ზრდის პროგნოზებს გვთავაზობს რეიტინგული კვლევითი ორგანიზაციები. საინვესტიციო კომპანიის Galt & Taggart-ის პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,6%-დან 5%-ის ფარგლებში გაიზრდება. ამასთან აღნიშნავენ, რომ ლოქდაუნის შედეგად იანვარში საშუალო დღიური დანაკარგი 16 მილიონი ლარი იყო. სააგენტო S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იქნება, სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით კი 4.3%. tbccapital-ი დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო ყველაზე დაბალ მაჩვენებელს გვთავაზობს PMCG-კვლევითი ცენტრი, რომლის რეალისტური სცენარით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 2,5%-დან 3%-ის ფარგლებში გაიზრდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2MBlGVE ; https://bit.ly/3kvG8DK ; https://bit.ly/3bEyaUI ; https://bit.ly/3uzRLOR ; https://bit.ly/3pVnd6w ; https://bit.ly/3b1EB5b 

3. შემსუბუქებული შეზღუდვები და ძალაში დატოვებული კომენდანტის საათი

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ამოქმედდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, თუმცა, რიგ მიმართულებებზე ქალაქებს შორის გადაადგილების საფასური გაძვირდა. შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა 25 თებერვლიდან, ხოლო ყოველ კვირას 1, 8 და 15 მარტიდან შეზღუდების მოხსნა ეტაპობრივად გაგრძელდება. შეზღუდვე ეტაპობრივი გაუქმება შეეხოთ რესტორნების შიდა სივრცეების ფუნქციონირებას, სპორტული დარბაზების ფუნქციონირებას, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, თეატრებს, მუზეუმებს და ბიბლიოთეკებს. მიუხედავად გახნისა, ძალაში მაინც რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რაც რა თქმა უნდა ეკონომიკური აქტივობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2ZXSsmS ; https://bit.ly/2MwZMmh ; https://bit.ly/3szZFpv ; https://bit.ly/3b1p05S 

4. ვაქცინების მოლოდინში - რომელი კომპანიის წარმოებულ ვაქცინებს მიიღებს საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით Pfizer-ის ვაქცინების მიღების ვადამ, რომელსაც თებერვლის შუა რიცხვებისთვის ველოდით გადაიწია. მის ნაცვლად, კი საქართველო კომპანია AstraZeneca-სგან ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში წარმოებულ ვაქცინებს მიიღებს. საქართველო ვაქცინების 3 ტრანშს ელის: Pfizer-ის 29 ათას დოზას, AstraZeneca-ს 315 ათასი დოზას და AstraZeneca-ს 150 ათასი დოზა ვაქცინას პირდაპირი მოლაპარაკებებიდან. ცხადია ვაქცინაციის დროული დაწყება ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვნად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2MBr5fo ; https://bit.ly/3aXsw0V ; https://bit.ly/37W1NQn 

5. რამდენად მზად ხვდება სამთო კურორტების გახსნას ბიზნესი?

მთავრობამ სამთო კურორტების გახნის გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელად მიიღო, რომ ბიზნესი წინასწარ არც გაუფრთხილებიათ, შესაბამისად ბიზნესის ნაწილი მოუმზადებელი შეხვდა გახსნას და მიუხედავად რეგულაციების მოხსნისა, ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად დრო სჭირდებათ. წინასწარი ინფორმაციის გარეშე გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, რომ 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის უფლება მისცეს, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება. სამთო კურორტების გახსნა საბაგიროების გარეშე ეს დამატებით პრობლემას წარმოადგენს, თან იმის გათვალისწინებით რომ ზამთრის კურორტების სეზონი მალე მთავრდება.

ვრცლად, რომელი სასტუმროები იხსნება და რომელი ვერ: https://bit.ly/2MBjgq2 ; https://bit.ly/37TkRPt ; https://bit.ly/3kt4hLk ; https://bit.ly/3uDLv8t ; https://bit.ly/3sDnNY7 ; https://bit.ly/3uGDeRe 

6. S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა. პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო დახმარებების მიღება, ხოლო ნეგატიურად ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი ტემპი. აქვე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შედეგი განმეორდა, როცა 2 კვირის წინ სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ასევე „BB” დონეზე დატოვა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dREj2I 

7. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით იქმნება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო, ხოლო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უნდა გაფართოვდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს პოტენციალი აქვთ, ამიტომ კორპორაციული მართვის უმაღლეს სტრანდარტების დასაახლოებლად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნა იგეგმება. ამასთან პრემიერი ემხრობა პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მასშტაბებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. აქვე უნდა დავამატოთ, რომ სახელმწიფო საწარმოები წლებია მილიონობით ზარალზე გადიან, მუშაობენ არაეფექტიანად და მათ საშინაო და საგარეო ველდებულებებს ბიუჯეტიდან გადასახადის გადამხდელები ვიხდით.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3b0O9gU ; https://bit.ly/3kthi7E ; https://bit.ly/3kw4ihn 

8. საქართველოში სესხების მშპ-სთან ფარდობა 2020 წელს 80%-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2019 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 80% შეადგინა. ამასთან, უმოქმედო სესხების მოცულობა ასევე 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია და ამასთან 2021 წლის პირველ კვარტალში ზრდას პროგნოზირებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3q65fOx 


9. რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლა

კიდევ უფრო ფართოვდება ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც 1-ლი მარტიდან მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ნებადართული იქნება. გარდა საქართველოს მეზობელი ქვეყნებისა არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, აშშ და სხვ. რაც შეეხება შემომსვლელებისათვის დაწესებულ რეგულაციებს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, მათ უნდა ჰქონდეთ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR კვლევა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kwA0Lm 

10. მოსალოდნელია თუ არა საწვავის ფასის ზრდა

კომპანია "SOCAR Trading SA" 2021 წელს ბარელი ნავთობის ფასის 80 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს, ხოლო მომდევნო წლებში ფასის 100 დოლარზე მეტად ზრდას. ამასთან, პანდემიის პერიოდში დაგროვილი ნავთობის ჭარბი მარაგი ზაფხულისთვის მთლიანად ამოიწურება. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ 2020 გადაადგილებებზე დაწესებული შეზღუდვები გამო მკვეთრად შემცირდა მოხმარება, რამაც აღნიშნული სექტორი მკვეთრად დააზარალა, ხოლო 2021 წლის დასაწყისიდან საცალო ქსელში ფასი საშუალოდ 15 თეთრით არის გაზრდილი და აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებას მომავალშიც ელოდებიან.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bNuccI ; https://bit.ly/37UYGs6