მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა

60eaa9240209f
BM.GE
11.07.21 12:40
1134
გთავაზობთ გასული კვირის (5 – 10 ივლისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. მთავრობის 10-წლიანი გეგმის ეკონომიკური ნაწილი
2. ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
3. ევროკავშირის მორიგი დახმარება საქართველოს
4. ივნისის ტურიზმის სტატისტიკა
5. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საწარმოთა ასაკის მიხედვით
6. მთავრობამ პრივატიზაციის გეგმა 350 მილიონ ლარამდე გაზარდა
7. სს "კრედო ბანკი" სს "ფინკა ბანკი საქართველოს" ოფიციალური მფლობელი გახდა
8. მთავრობა 2021 წლის რთველს სარეკორდო ბიუჯეტით დაასუბსიდირებს
9. საერთაშორისო დავებში ჩართული საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს 85.7 მილიონ ლარამდე ზრდის
10. 10 ქართული კომპანიის მიერ "კარფურის" წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო და ადგილობრივი კომპანიების პრობლემები ბაზარზე


1. მთავრობის 10-წლიანი გეგმის ეკონომიკური ნაწილი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის 10-წლიანი ეკონომიკური სტრატეგია წარადგინა. მისი განცხადებით 2025-2030 წლებში საქართველოს 5%-5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ასევე 2030 წელს სიღარიბის მაჩვენებლის 10.7%-მდე შემცირებას პროგნოზირებენ. ქვეყანაში გზების ინფრასტრუქტურასა და ახალი ავტობანების მშენებლობისთვის დაგეგმილია 32 მილიარდი ლარის გამოყოფა. პრეზენტაციის დროს ასევე დაანონსდა ოჯახებისთვის იპოთეკების სუბსიდირება, რაც გულისხმობს პირველ და მეორე ბავშზე საპროცენტო განაკვეთის 6%-ის სუბსიდირებას, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი ეს მაჩვენებელი 8% იქნება. პროექტის წლიური ბიუჯეტი კი 5 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3AZNQy3 ; https://bit.ly/3AZOlIr ; https://bit.ly/2T2O85T 

2. ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

მას შემდეგ რაც მთავრობამ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაზარდა, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების საკითხი. პარლამენტის ოთხი კომიტეტის მხარდაჭერით კი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა კანონპროექტი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებით 54.6%-მდე შემცირდება. საგადასახადო შემოსავლების გეგმასთან შედარებით 720 მილიონი ლარით ზრდას ვარაუდობენ და ის 11.06 მილიარდი ლარი იქნება, შესაბამისად ზრდიან სახელმწიფო ხარჯების ნაწილსაც და ის 19.5 მილიარდი ლარი იქნება. ხარჯების ყველაზე მეტი წილი ჯანდაცვის ხარჯებზე იქნება მიმართული. ასევე გაიზრდება სამინისტროებისთვის და პროგრამებისთვის საბიუჯეტო დაფინანსება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3AR8jEO ; https://bit.ly/3qYJG4G ; https://bit.ly/36prHer ; https://bit.ly/3xyt2vl 


3. ევროკავშირის მორიგი დახმარება საქართველოს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივიე ვარჰეიმ განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირი 5 წლიანი პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებისთვის პოტენციურად 17 მილიარდი ევროს დაფინანსება გამოყოფას გულისმობს, აქედან საქართველოს მინიმუმ 3.9 მილიარდი ევროს მოზიდვა შეეძლება. პროგრამის საწყისი პაკეტი კი 2.3 მილიარდი ევროა, რომელსაც გრანტების სახით მიიღებს საქართველო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/36GO537 ; https://bit.ly/3wxnvDG 

4. ივნისის ტურიზმის სტატისტიკა

2021 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 287%-ით გაიზარდა და 146.6 ათასი შეადგინა. ძირითადი ქვეყნები საიდანაც ვიზიტორები შემოვიდნენ არიან: თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიზიტორთა ნაკადი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე ჯერ კიდევ 80%-ით ნაკლებია. 5 ივლისის, ინციდენტის შემდეგ, როცა პოლონეთის მოქალაქე დანით დაჭრეს Old Town Mtatsminda-ში ათეულობით ჯავშანი გაუქმდა და ცხადია ეს ფაქტი უარყოფითად იმოქმედებს უცხოეული ტურისტების საქართველოში ვიზიტის გადაწყვეტილებაზე. ამ ეტაპზე კი მთავარია, რომ პოლონეთის მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xwqU73 ; https://bit.ly/3xy9U0j ; https://bit.ly/3xzXTHG ; https://bit.ly/2TUmGaZ 


5. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საწარმოთა ასაკის მიხედვით

საქსტატმა 2021 წლის ივლისიდან დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი მონაცემების გამოქვეყნება საწარმოთა ასაკის მიხედვით. რაც როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, ,,სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.’’
კვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11 წლისა და მეტი ასაკის მქონე საწარმოებმა მოიზიდიეს (517,7 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდის 6-10 წლის გამოცდილების მქონე საწარმოები, რომელთან მართალია 2020 წელს უარყოფითი მაჩვენებელი მიიღეს, თუმცა 2016-2019 წლებში ჯამური ინვესტიციების მოზიდვით მეორე ადგილზე დგანან. შემდეგ მოდის 1-5 წლამდე ასაკის მქონე საწარმოები, ხოლო საწარმოები რომელთა ასაკიც არ არის განსაზღვრული რეიტინგის ბოლოს ადგილს იკავებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yCw2Xw 


6. მთავრობამ პრივატიზაციის გეგმა 350 მილიონ ლარამდე გაზარდა

პრივატიზაციიდან მისაღები შემოვლების პროგნოზი 150 მლნ ლარიდან 350.0 მლნ ლარამდე იზრდება. მათ შორის 30 მილიონი ლარით იზრდება პრივატიზაციიდან ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავალი. პრივატიზაციის გეგმას ამბიციურად, თუმცა შესრულებადად მიიჩნევს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. თავად პრივატიზაციის პროცესს კი ეკონომიკურად ყველაზე სწორ მიდგომად ასახელებს.

მთავრობა ერთ-ერთი წამგებიანი სახელმწიფო კომპანიის შპს „მექანიზატორის“ პრივატიზებასაც გეგმავს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 2018 წლის მონაცემებით მისმა ზარალმა 31.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yM4PBF ; https://bit.ly/2TW7OsD 

7. სს "კრედო ბანკი" სს "ფინკა ბანკი საქართველოს" ოფიციალური მფლობელი გახდა

სს "კრედო ბანკმა" სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100% შეიძინა. აღნიშნული გარიგება მარეგულირებლის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად ცნო. 2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, "კრედო ბანკის" აქტივების მოცულობა 1.35 მილიარდი ლარი იყო. აღნიშნული გარიგების შემდეგ ქვეყანაში კომერციული ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3e59V4i ; https://bit.ly/2UHA4PW 

8. მთავრობა 2021 წლის რთველს სარეკორდო ბიუჯეტით დაასუბსიდირებს

2021 წელს სახელმწიფო რთველს 138.4 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს. BMG-ის გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე ჯამში 212 მილიონი ლარი დახარჯა. შეძენილი ყურძნით სპირტსა და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რომელთა აუქციონზე გაყიდვით 2015-2021 წლებში 114.1 მილიონი ლარის ალკოჰოლური სასმელი გაიყიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hyKvhI ; https://bit.ly/2VwSp2r 

9. საერთაშორისო დავებში ჩართული საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს 85.7 მილიონ ლარამდე ზრდის

საქართველოს მთავრობა უკვე ბევრ საერთაშორისო დავაში არის ჩართული, მათ შორის: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ჰააგაში მდებარე მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. საინვესტიციო დავებს აწარმოებს: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ორ მიმდინარე დავას, Neqsol Holding-თან და წლების წინ დაწყებული Inter Rao-ს წინაღმდეგ დავას. 

საერთაშორისო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავებისთვის კი მთავრობამ ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაზარდა და ის 85.7 მილიონ ლარს შეადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2UFOboR ;

10. 10 ქართული კომპანიის მიერ "კარფურის" წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო და ადგილობრივი კომპანიების პრობლემები ბაზარზე
10 ქართული კომპანია "კარფურს" სასამართლოში უკანონოდ თანხების ჩამოჭრას და ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავება და მოითხოვენ მხარეებს შორის პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე და შესაბამისი ნორმის არსებობის შემთხვევაში, კანონის აღსრულებას და შესაბამისად მიმწოდებლებსა და რიტეილერებს შორის ურთიერთობებს კონკურენციის სააგენტო დაარეგულირებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yC2fhM ; https://bit.ly/36v8XtK