მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: გლობალურად ქმრები ცოლებზე მეტს გამოიმუშავებენ

6166985256954
თათია კაკიაშვილი
14.10.21 00:30
635
მეუღლეებს შორის შემოსავლის სხვაობის შესახებ ახალი გლობალური კვლევის თანახმად, ცოლების და ქმრების შემოსავალი არათანაბარია. BBC-ის ცნობით, კვლევამ 45 ქვეყანაში 18-დან 65 წლამდე ასაკის ჰეტეროსექსუალ მეუღლეებს შორის ანაზღაურების რაოდენობა შეისწავლა და აღმოაჩინა რომ, ამ მხრივ, გენდერული ბალანსი დარღვეულია: გლობალურად, ქმრები ცოლებზე მეტს გამოიმუშავებენ. მკვლევარების თქმით, გლობალური სიღარიბის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს უთანასწორობაც შეიძლება იყოს, რადგან, როგორც წესი, შინამეურნეობებში ცოლ-ქმრის შემოსავალი გაერთიანებულია და მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება, ეს კი მაშინ, როცა რეალურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ წყვილს თანაბარი ანაზღაურება ჰქონდეს.

ყველაზე თვალსაჩინო უთანასწორობა დასაქმებულ მუშახელს შორის ინდოეთში გვხვდება - ქვეყანაში კაცებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ქალი მუშაობს და ამ იშვიათ შემთხვევებშიც კი, მათი ხელფასი მამაკაცებისას ჩამოუვარდება. ამ მხრივ, საუკეთესო მაგალითი სკანდინავიური ქვეყნებია, როცა სრულ განაკვეთზე დასაქმებულ კაცებს და ქალებს თითქმის ერთნაირი ანაზღაურება აქვთ.

მკვლევარების დასკვნით, ანაზღაურების თვალსაზრისით, გენდერული უთანასწორობა ყველაზე ხშირი განვითარებად ქვეყნებშია. იმის მიუხედავად, რომ ასეთ ქვეყნებში ქალები და კაცები თანაბარი სამუშაო გრაფიკით საქმიანობენ, შინამეურნეობებსა და სახლის საქმეებში ქალები სამსახურის შემდეგ გაცილებით უფრო მეტად იტვირთებიან, ვიდრე - კაცები, რაც, ცხადია, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ეს კი მამრობით სქესს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

“კვლევის უახლესი მონაცემების თანახმად, დღეს მსოფლიოში ძალიან იშვიათია ისეთი ქვეყნები, სადაც ოჯახში ორივე მეუღლე დასაქმებულია და ცოლს იმდენივე შემოსავალი აქვს, რამდენიც - ქმარს. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც გენდერული ბალანსი სხვადასხვა ასპექტით ყველაზე მეტადაა დაცული, აღმოვაჩინეთ, რომ ქალების წილი, მამაკაცებთან შედარებით, თითქმის 50%-ით მცირეა,” - განაცხადა მკვლევარმა ვალერი პარდი-გრინევეიმ. 

რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც მსოფლიოში ქალებს უფრო ნაკლებს უხდიან, ხშირ შემთხვევაში - უნივერსალურია. ისტორიულად, მამაკაცები განიხილებიან, როგორც ოჯახის მარჩენალები, ხოლო ქალები - დიასახლისებად. ამასთან, ბევრ ქვეყანაში ქალების დიდი ნაწილი მშობიარობის შემდეგ ან ხანგრძლივი ვადით ისვენებს, ან საერთოდ ტოვებს ანაზღაურებად სამსახურს. ეს კი გლობალურ მონაცემებზე ნეგატიურად აისახება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გლობალურად, ქალები სამჯერ მეტად თანხმდებიან უხელფასო სამუშაოებს, ვიდრე - მამაკაცები. აზიასა და წყნარ ოკეანეში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ეს კი ქალებს ხელს უშლით საქმიანობის პროგრესირებაში და ისინი არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან.

ქალსა და მამაკაცს შორის ხელფასების შეუსაბამობა გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას ახდენს ფინანსურ უსაფრთხოებაზეც: ქალებს, დაბალი ანაზღაურების გამო, დანაზოგის გაკეთება და სიმდიდრის დაგროვება თითქმის არ შეუძლიათ. მათი საპენსიო პოლიტიკაც სწორედ შემოსავლებთანაა დაკავშირებული.