მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: რესპირატორული ნიღბები 48%-ით უფრო ეფექტიანია, ვიდრე - ნაჭრის

61ff98b9ae44e
თათია კაკიაშვილი
07.02.22 09:00
745
N95 და KN95 რესპირატორული ნიღბები Covid-19-ის გავრცელების შანსებს 83%-ით ამცირებს, ქირურგიული ნიღბები - 66%-ით, ხოლო ნაჭრის - 56%-ით. მთლიანობაში კი ნაჭრის პირბადეებთან შედარებით, რესპირატორული ნიღბები 48%-ით უფრო ეფექტიანია. ამის შესახებ ამერიკული Forbes აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის და კალიფორნიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მართალია, ნებისმიერი სახის ნიღაბი Covid 19-ისგან გვიცავს, თუმცა "ყველაზე მნიშვნელოვანია სახეზე სათანადოდ მორგებული ნიღბის ტარება“.

მკვლევარების ამ დასკვნით, მაღალი ხარისხის ნიღბებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკები მინიმალურად შემცირდეს. ცნობისთვის, N95 და KN95 ნიღბები სერტიფიცირებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ. N95 ნიღბები დამოწმებულია აშშ-ის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ, ხოლო უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი KN95 ნიღბები იწარმოება ჩინეთში ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

ამასთან, ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარების დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ რესპირატორული ნიღბები გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ქსოვილის ნიღბები, ბევრი ადამიანი მაინც ამ უკანასკნელს ირჩევს, რადგან ისინი უფრო კომფორტული და ფართოდ გავრცელებულია.