მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: საქართველოში მეწარმეების 71% გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს მიჰყვება, 67% - ინსტინქტებს

618a6f260d8c4
ინგა მურუსიძე
10.11.21 10:36
602
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა" (OECD/INFE) მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში, 14 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ფინანსური განათლების დონემ 17 ქულიანი შკალით 10.3 ქულა (60%) შეადგინა, რაც გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

გარდა ამისა, კვლევაში აღწერილია ფინანსური დამოკიდებულებები. აღმოჩნდა, რომ ბიზნესის მართვისას 71% მიზნად ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს თავისი კომპანიისთვის და ცდილობს მიაღწიოს მათ, თუმცა 67% აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვისას ურჩევნია მიჰყვეს საკუთარ ინსტინქტს, ვიდრე შეიმუშაოს დეტალური ფინანსური გეგმები.

ასევე, მეწარმეების 59%-ს გააჩნია რწმენა და თავდაჯერებულობა, რომ საკუთარი ბიზნესისთვის ფინანსების ბანკებიდან თუ გარე ინვესტორებისგან მოზიდვას შეძლებს.

რაც შეეხება ქცევის კომპონენტს, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეების თითქმის ნახევარს ბიზნესის ანგარიშები და ფინანსები პირადი ანგარიშებისა და ფინანსებისგან მკაცრად აქვს გამიჯნული; 23%-ს აქვს ცალკე ანგარიში ბიზნესისთვის, თუმცა უჭირს ბიზნესის ფინანსებისა და საოჯახო ფინანსების გამიჯვნა; 28% ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებს ბიზნესისა და პირადი საჭიროებებისთვის; ბიზნესისთვის საჭირო ფინანსური პროდუქტის შერჩევისას ნახევარზე მეტი განიხილავს რამდენიმე მიმწოდებლის შეთავაზებას;

„გამოკითხულთა ნახევარმა იფიქრა იმაზე, თუ როგორ გაიტანს თავს პენსიაზე გასვლის შემდგომ. რაც შეეხება ბიზნესის მართვის ქცევებს, 80% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი კომპანიის მონაცემებისა და ინფორმაციის დაცულობა/უსაფრთხოება, 75% გადაწყვეტილების მიღებამდე ერთმანეთს ადარებს ბიზნესის დაფინანსების სხვადასხვა წყაროს ფასს, 79% კი რეგულარულად აკეთებს ბიზნესის მოგებიანობის პროგნოზს“, - ნათქვამია კვლევაში, რომელიც სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.