მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვოტა გაიზარდა - საქართველოდან გერმანიაში დროებით სამუშაოებზე 10-ჯერ მეტი მოქალაქე დასაქმდება

60672d191fa48
BM.GE
02.04.21 18:55
1138
გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა ფართოვდება - საქართველოს მოქალაქებისთვის 2021 წლის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების თავდაპირველი კვოტა (500) 10-ჯერ გაიზარდა. ინფორმაცია BM.GE-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5 000 ერთეულამდე გაზრდას ითვალისწინებს.

სააგენტოს ცნობით, ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე დაწყებულია ტრეინინგები, სადაც სამუშაოს თითოეული მაძიებელი ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალური გარანტიების შესახებ იღებს.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, დროებითი სეზონური დასაქმების პროგრამა საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა. ამასთან, სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია კი მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია პორტალზე.