მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

l კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 10.7% იყო

60dc7c4ef00ce
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.21 18:22
551
ეროვნული ვალუტა მცურავ რეჟიმზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის, ევროს თუ სხვა ნებისმიერი ვალუტის ღირებულება ყოველდღიურად ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების და არსებული მოლოდინების შედეგად ყალიბდება. თავის მხრივ, ბაზარზე შემომავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების ფორმირება ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრებით ხდება, ესენია - ექსპორტი/იმპორტი, ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი, საგარეო კრედიტების აღება/მომსახურება და სხვა.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის ფინანსური მაჩვენებელი, რომლითაც ქვეყნიდან გასული და შემოსული სავალუტო ნაკადების ბალანსი იზომება. ეკონომიკის ზომასთან შედარებისთვის კი მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მშპ-თან არის შეფარდებული. საქართველოში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი უარყოფითია, თუმცა დეფიციტის პროცენტული ოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში ყოვეწლიურად მცირდებოდა.

ეროვნულმა ბანკმა დღეს 2021 წლის პირველი კვარტლის მიმდინარე დეფიციტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, დეფიციტი მშპ-ის 10.7% იყო. სებ-ის მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, დეფიციტის დონის შემცირება გაუმჯობესებულმა ექსპორტმა და გაზრდილმა ფულადმა გზავნილებმა განაპირობა. 

"2021 წლის პირველ კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 365.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 13.8%ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -11.2%-დან -10.7%-მდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 14.5%-ით შემცირდა და 755.6 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა.

2021 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -137.6 მლნ აშშ დოლარი (-455.9 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (35.2 პროცენტით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (25.3 პროცენტით).

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 30.2 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის პირველ კვარტალში 526.9 მლნ აშშ დოლარს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 28.9 პროცენტით გაიზარდა 482.7 მლნ აშშ დოლარამდე (1.6 მლრდ ლარი). გაზრდილია სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც," - ნათქვამია ანგარიშში.