მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lafarge/GCC-ს გაყიდვებმა 0,31 მილიონ ტონას მიაღწია

5e5f639505735
BM.GE
04.03.20 12:12
1273
საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობა, მასშტაბური მშენებლობები, ენერგო და ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს ყველაფერი სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, მათ შორის „საქართველოს ცემენტის კომპანიისთვის“ (GCC) წარმატების მთავარი წინაპირობებია.

კომპანია GCC მსოფლიო გიგანტის LafargeHolcim-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2015 წლიდან არის. მანამდე ფრანგულ Lafarge-ს წარმოადგენდა, სანამ უდიდესი ფრანგული კომპანია შვეიცარიულ Holcim-თან შერწყმას განახორციელებდა.

დასავლეთ საქართველოში ისეთი პროექტების დაწყება, როგორიცაა რიკოთზე ავტობანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, ბათუმის სწრაფი განაშენიანება და სხვა, კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდიდა. შედეგად, Lafarge/GCC-მ, რომლის პრიორიტეტიც თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ხარისხია, გასული საწარმოო წელი, 2018 წელთან შედარებით, საკმაოდ დიდი ზრდით დახურა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ 2019 წელს 0.31 მილიონი ტონა ცემენტის წარმოება/რეალიზება განახორციელა.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე აცხადებს, რომ, „მაგალითისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები 2019 წელს მოსამზადებელ ეტაპზე იყო და მიმდინარე წელს, ისევე როგორც 2021-ში, აქტიურ ფაზაში გადავა. ეს კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას კომპანიის პროდუქციაზე“.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება გარდაუვალი პროცესია. ვხედავთ ქვეყნის წინაშე მდგომ გამოწვევებს და ყოველი ახალი სამშენებლო, ინფრასტრუქტურული ან ენერგოპროექტი, არის უნიკალური საშუალება, დავაჩქაროთ ქვეყნის წინსვლა. გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობაში“, – აცხადებს Lafarge/GCC-ს დამფუძნებელი.

მისივე თქმით, კომპანიის მენეჯმენტის ხედვა დაფუძნებულია: ბიზნესის მდგრად განვითარებაზე; საუკეთესო ხარისხის პროდუქტის წარმოებაზე; ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე; ეკოლოგიური სტანდარტების დაცვაზე; თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და თვითგანვითარების ხელშეწყობაზე; ქარხნის პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე.

ცემენტის ბაზარზე დღეს სერიოზული გამოწვევებია, რომელიც ძირითადად თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული ცემენტის დემპინგური ფასებიდან მომდინარეობს. ეს გარემოება ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 2019 წელს პროდუქციის ნომენკლატურის გაზრდის მიზნით საწარმოში დამატებით $2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. დღეისთვის Lafarge/GCC დასავლეთ საქართველოს ცემენტის ბაზრის ლიდერია, ხოლო საქართველოს მასშტაბით - სიდიდით მეორე მსხვილი მოთამაშე, რისი მიღწევაც ასეთ მოკლე პერიოდში სწორი მენეჯმენტითა და მარკეტინგული პოლიტიკით გახდა შესაძლებელი, რასაც მყარ საფუძველს უქმნის უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიური ცემენტის წარმოება.

„მაგრამ ჩვენ ამ შედეგით არ ვკმაყოფილდებით და ვგეგმავთ საწარმოო მოცულობების გაზრდას“, – აცხადებს მერაბ ჩიხრაძე.

შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ფრანგულ გიგანტ კომპანია Lafarge-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი სამშენებლო მასალების წარმოებაში. 2015 წელს შედგა „ლაფარჟესა“ და, ასევე, ამ სექტორში სიდიდით მეორე, შვეიცარიული კომპანია „ჰოლციმის“ გაერთიანება, რის შედეგადაც შეიქმნა კომპანია LafargeHolcim, რომელიც წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ამჟამად არის მსოფლიოს უპირობო ლიდერი, ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების ბიზნესში.

2015 წელს ქ. ფოთში, კომპანიამ დაიწყო Lafarge და GCC-ის ერთობლივი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2017 წლის ბოლოს წარმატებით განხორციელდა. საწარმოო ხაზი შექმნილია ევროპული სტანდარტების დაცვით, სრულად ავტომატიზებულია და უზრუნველყოფილია ხარისხის კონტროლის ყველა საშუალებით. მაღალ ხარისხშია აყვანილი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლის მონიტორინგიც ლაფარჟჰოლციმის სტანდარტებით ხორციელდება. კომპანიის მმართველი ჯგუფი დაკომპლექტებულია სიახლეებისა და LafargeHolcim-ის ინოვაციების დანერგვის მოსურნე პროფესიონალებით. კომპანიის მიზანია, საქართველოში აამაღლოს სამშენებლო მასალების გამოყენების კულტურა და დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებლის ინტერესი. ასევე, შექმნას სპეციფიკური პროდუქცია, რომელიც ნებისმიერი ტიპის მოთხოვნაზე იქნება მორგებული.
NS