03.მაისი .2020 10:26

“ლაითური”: წელს მუშახელის პრობლემა არ იქნება, რადგან ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვებია

views 899
უკან

“ჩვენ ყოველთვის გვაქვს პროფესიონალი მუშახელის მოძიების პრობლემა, რადგან გურიასა და აჭარაში მათი უმრავლესობა თურქეთში გადადის სამუშაოდ”,- ამის შესახებ BM.GE-სთან “ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიის” დამფუძნებელმა თამარ ხაბეიშვილმა ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დასაქმებულებს საკმაოდ მძიმე პირობებს სთავაზობენ, ადამიანები ხელფასის გამო მაინც იქ მუშაობას არჩევენ.

“უკვე დაიწყო ჩაის სეზონი და გადაადგილება ჯერჯერობით შეზღუდულია. ადამიანებმა არ იციან, რა სიტუაცია იქნება მომავალშიც, ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს პროფესიონალი მუშახელის პოვნა გაცილებით გაგვიადგვილდება. ვისაც შეთავაზებები გავუკეთეთ, ყველა დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე”- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

თამარ ხაბეიშვილმა BM.GE-სთან პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსს კომპანიის გეგმები არ შეუცვლია.

“ჩვენ ვგეგმავდით 7 ტონა ჩაის წარმოებას, ბუნებამაც შეგვიწყო ხელი და თუ ექსპორტში ხელი შეგვეშლება, ადგილობრივ ბაზარზე მაინც შევძლებთ რეალიზებას”- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აშშ-სა და ავსტრიასთან მიმდინარეობდა. ავსტრიასთან გაურკვეველი ვითარების გამო მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ჩაის ექსპორტი აშშ-ში მოხერხდება.

“აშშ-სთან აღვადგინეთ მოლაპარაკებები და სექტემბერში, როდესაც უკვე სრული მოცულობის პროდუქცია გვექნება, ვვარაუდობთ, რომ ექსპორტს განვახორციელებთ”- გვიყვება თამარ ხაბეიშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებს, თამარ ხაბეიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ კომპანიის გაყიდვები მხოლოდ ტურისტული მაღაზიების დახურვის ხარჯზე შემცირდა.

“ძირითადი მოცულობები მაინც ქსელურ მაღაზიებში იყიდებოდა და ამ მხრივ გაყიდვები არ შეცვლილა” - აცხადებს “ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიის” დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა