მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლანჩი უორენ ბაფეტთან აუქციონზე რეკორდულ თანხად - $19 მლნ-ად გაიყიდა

62affc1c2b3e4
მარიამ ადამია
21.06.22 00:30
1165

წლევანდელი ლანჩი უორენ ბაფეტთან რეკორდულ თანხად, 19 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. 91 წლის მილიარდერმა, საქველმოქმედო აუქციონზე მასთან ერთად ვახშმის შესაძლებლობა ბოლოჯერ გაყიდა და თან გასცა დაპირება, რომ აუქციონის გამარჯვებულთან ყველა მის საიდუმლოს გაამხელდა და ფაქტობრივად ყველა მისთვის საინტერესო თემაზე ისაუბრებდა, საინვესტიციო სტრატეგიის გარდა. თუმცა თუ ვინ მოიპოვა მილიარდერთან ვახშმის შესაძლებლობა, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობი რჩება.

როგორც Bloomberg-ი წერს, ვაჭრობა eBay-ზე კვირას, 25 ათასი დოლარიდან დაიწყო, რომელიც უკვე ორშაბათს 2 მილიონამდე გაიზარდა. ხოლო შემდეგ დღეს 11 მილიონს გადასცდა. გამოცემის ცნობით, აუქციონზე კონკურენცია დიდი იყო, გამარჯვებულმა კი ბოლო წუთს 19 მილიონი შესთავაზა და ლანჩიც მისი გახდა.

„უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვედრილვარ მთელი მსოფლიოდან და მათ ყველას ერთი საერთო აქვთ, სჯერათ, რომ მათ მიერ გადახდილი ფული აუქციონში, სასარგებლოდ იქნება გამოყენებული,” - თქვა ბაფეტმა აუქციონის დასრულების შემდეგ.

უორენ ბაფეტი მასთან ერთად ლანჩისა და ნებისმიერ თემაზე საუბრის შესაძლებლობას მსურველებს 2000 წლიდან აძლევს, თუმცა ამას საქველმოქმედო მიზნებით აკეთებს. გამონაკლისი მხოლოდ 2020 და 2021 წლები იყო, როდესაც აუქციონი პანდემიის გამო არ ტარდებოდა. ხოლო ჯამურად, აღნიშნულმა ინიციატივამ, ბოლო წლებში, 53 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა. რაც შეეხება თანხას, რომელიც აუქციონიდან შემოვიდა, ის სრულად, არაკომერციულ ორგანიზაცია Glide-ს გადაეცა, რომელიც ღარიბებს, უსახლკაროებს ან მათ ეხმარება, ვინც ნარკოტიკების მოხმარებას ებრძვის. მათ საჭიროების შემთხვევაში საკვებს, თავშესაფარს, აივ და C ჰეპატიტის ტესტირებას სთავაზობს. ასევე სამუშაო ტრენინგს და ბავშვთა პროგრამებს.

ბაფეტის პირველი ცოლი სუზანი, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა, ორგანიზაციის მოხალისე იყო. ბაფეტმა კი, პირობა დადო, რომ Glide-ს მთელ თავის ქონებას გადასცემდა. 

უახლოეს მომავალში აუქციონის გამარჯვებული ბაფეტთან ერთად, მანჰეტენის Smith & Wollensky-ის სტეიკ-ჰაუსში ისადილებს.

ცნობისთვის, წინა აუქციონში გამარჯვებულები ჰეჯ-ფონდის მენეჯერები დევიდ ეინჰორნი და ტედ ვეშლერი იყვნენ. მოგვიანებით კი, Berkshire Hathaway-მა, რომელსაც უორენ ბაფეტი მართავს, ისინი საინვესტიციო მენეჯერებად დაიქირავა.

Forbes Real-Time-ის მონაცემებით, ამერიკელი ინვესტორი ამ დროისთვის, 93,4 მილიარდ დოლარს ფლობს.