მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი და რუბლი გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (29.07 – 05.08)

62f03e7dcd916
ეგნატე შამუგია
08.08.22 08:00
3532
აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.711 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.759-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.74%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 30-ე სავაჭრო კვირას 1.10%-ით იყო. ამდენად, ლარი ზედიზედ მეოთხე კვირაა მკვეთრად მყარდება. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 12.22%-ითაა გამყარებული. მაისში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა. ივნისში ლარი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა.
 
რაც შეეხება სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებს, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას სურათი შედარებით შეცვლილია, ვიდრე ეს იყო ივლისი ბოლო ორი კვირა. ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 6.98%-ით გაუფასურდა. მანამდე კი 2.07%-ით იყო გაუფასურებული. რუბლის მდგომარეობა შეიცვალა, რადგან ეს უკანასკნელი, დოლართან მიმართებით, 2.01%-ით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსული რუბლი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 18.19%-ითაა გამყარებული. რუბლის შემდეგ, მაღალი, 15.82%-იანი გამყარებით სომხური დრამი გამოირჩევა, რომელიც აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირასაც 0.42%-ით გამყარდა.

მიმდინარე წლის 31-ე სავაჭრო კვირას სხვა შერჩეული ვალუტები გაუფასურებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგი. მიუხედავად იმისა, რომ გასული სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ინგლისის ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, კვირის მანძილზე სტერლინგი, დოლართან მიმართებით, 0.82%-ით გაუფასურდა. ბრიტანული ვალუტა ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას 1.42%-ით იყო გამყარებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 11.66%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ყველაზე მეტით, 36.75%-ით თურქული ლირაა გაუფასურებული, რომელიც გასულ კვირასაც 0.19%-ით გაუფასურდა. აღნიშნული ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას 1.12% იყო.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 29.07 – 05.08 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. გასულ კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. გარდა ამისა, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ივლისში ცენტრალურმა ბანკმა ბლუმბერგის პლატფორმის საშუალებით 110.0 მლნ დოლარი იყიდა. აღნიშნული ცენტრალური ბანკის სავალუტო ინტერვენციის არატრადიციული საშუალებაა, რომლის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად ხელმისაწვდომი არ არის.

2021 წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 01.08 – 05.08-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

რამდენიმე კვირა რუბლისთვის მაღალი მერყეობა ტრადიცია იყო. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირას ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა. ივლისის ბოლო კვირასაც მაღალი მერყეობით რუბლი გამოირჩევა. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლი უფრო მეტად არასტაბილური გახდა. მკვეთრი, 12.93%-იანი გაუფასურების ფონზე, რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 5.22%-ით იხრებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირას 10.63%-იანი გამყარების ფონზე, რუბლის მერყეობა 3.55% იყო. მესამე კვირას კი 2.07%-იანი გაუფასურების ფონზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.47%-ით იხრებოდა. ივლისი ბოლო სავაჭრო კვირას მერყეობა კვლავ მაღალი, 2.73% იყო.

თუმცა, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას რუბლის მერყეობის ტრადიცია დაირღვა, რადგან კვირის მანძილზე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.91%-ით მერყეობდა. მართალია, რუბლის მერყეობა მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის კვლავ მაღალია. რუბლის შემდეგ მაღალი მერყეობა იაპონურ ვალუტას ახასიათებდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას იენის ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.63% იხრებოდა. აღნიშნული ბრიტანული სტერლინგის შემთხვევაში 0.52% იყო, ხოლო ევროს მერყეობამ 0.44% შეადგინა. ამ პერიოდში, ლარიც შედარებით არასტაბილური იყო, რადგან მერყეობა 0.40%-ს შეადგენდა, რაც ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას 0.39% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 22.07/29.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ივნისიდან მოყოლებული, ლარის შერჩეულ ვალუტებთან გამყარების ტენდენცია ივლისის პირველ კვირას კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. მეორე სავაჭრო კვირას კი ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. სხვა დანარჩენ ვალუტებთან კვლავ გამყარდა. კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსის საშუალო გამყარება 2.02% იყო. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. მათ შორის, ყველაზე მეტით, 20.76%-ით უკრაინულ გრივნასთან მიმართებით, რაც უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის 25.0%-იანი დევალვაციის შედეგი იყო. ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობასთან მიმართებით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან.

ხსენებული ტენდენცია აგვისტოშიც გრძელდება, რადგან გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი, გარდა რუბლია, სხვა დანარჩენ შერჩეულ ვალუტებთან გამყარებულია. კვირის მანძილზე ლარის საშუალო გამყარება 1.76%-ია. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, ბრიტანულ სტერლინგთან, 2.05%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, 26.01%-ია. ბრიტანული ვალუტის შემდეგ, მაღალი, 2.01%-ით ლარის ნომინალურ გაცვლითი კურსი თურქულ ლირასთან გამყარდა. ამ უკანასკნელთან ლარის გაცვლითი კურსი წლის დასაწყისიდან დღემდე, მკვეთრად, 51.75%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში უფრო მეტით, 52.90%-იანი გამყარებით უკრაინულ დრამთან მიმართებით გამოირჩევა. რაც შეეხება რუბლს, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 0.45%-ით გაუფასურდა, რაც ივლისის ბოლო კვირას 6.24%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 7.95%-ით რუბლთანაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან, გარდა ლარისა, ყველა დანარჩენთან გამყარდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 1.48%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.94% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 21.64%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 33.05%-ია.

აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 158.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.36%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 30-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.80% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 33.54%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 30.55% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 31-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.