მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი და რუბლი ისევ გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (13.05 – 20.05)

628a98281a41d
ეგნატე შამუგია
23.05.22 08:00
12035
წინა კვირას სამეზობლოდან მხოლოდ თურქული ლირა იყო გაუფასურებული. გასულ კვირას ლირასთან ერთად სომხური დრამიც გაუფასურდა. რუბლი და ლარი ამავე პერიოდშიც გამყარდა. მაისის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.890 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.996-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 3.54%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეცხრამეტე სავაჭრო კვირასაც 0.37%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 6.41%-ითაა გამყარებული. აპრილში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა.
 
რუბლი გასულ კვირასაც გამყარდა, რაც უკვე ამ უკანასკნელისთვის ტრადიციად იქცა. თავის მხრივ, რუბლი მყარდება იმ ფონზე, როცა აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და რუსეთისთვის მასშტაბური სანქციებია დაწესებული. ამ ფონზე კი რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია, ხოლო კაპიტალზე კონტროლია დაწესებული (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). მაისის პირველ კვირას რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 5.29%-ითაა გამყარებული, რაც მეორე კვირას 5.27% იყო. მაისის მესამე კვირა რუსული რუბლი 8.16%-ითაა გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 20.32%-ითაა გამყარებული, რაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი ნიშნულია. რუბლის შემდეგ ყველაზე მეტით გამყარებული ლარია.

გასულ კვირას არამხოლოდ ლარი და რუბლი, არამედ შერჩეული სხვა ვალუტებიც გამყარდა, გარდა დარმი და ლირისა. მაისის მესამე სავაჭრო კვირას ევრო, დოლართან მიმართებით 1.44%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 1.33%-ით იყო გაუფასურებული. ამავე პერიოდში ბრიტანული სტერლინგი 1.31%-ით იყო გაუფასურებული, მაგრამ გასულ კვირას სტერლინგი 1.34%-ით გამყარდა. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 27.62%-ით სწორედ ბრიტანული ვალუტაა გაუფასურებული. მაისის მესამე სავაჭრო კვირას უკრაინული გრივნა 0.43%-ით გამყარდა, ხოლო ჩინური და იაპონური ვალუტები 1.42% და 1.04%-ებითაა გამყარებული. ამავე პერიოდში ლირა და დრამი გაუფასურდა. კერძოდ, თურქული ლირა, დოლართან მიმართებით, 2.76%-ითაა გაუფასურებული, ხოლო სომხური დრამი - 0.93%-ით.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 13.05 – 20.05 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 16.05 – 20.05-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობას მაღალი მერყეობა ახასიათებდა, რაც მაისის პირველ სავაჭრო კვირას კიდევ უფრო გაზრდილი იყო. შერჩეულ ვალუტებს შორის მაღალი მერყეობა გასულ კვირასაც შენარჩუნდა, მაგრამ ლარი გამონაკლისი იყო. შერჩეული ვალუტების მერყეობის დონე გასულ კვირასაც მაღალ იყო. თუკი წინა პერიოდში ლარი შედარებით სტაბილური იყო, მაისის მესამე სავაჭრო კვირას ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.20%-ით იხრებოდა. აღნიშნული წინა კვირას 0.15% იყო, ხოლო მაისის პირველ სავაჭრო კვირას 0.25%-ს შეადგენდა.

მსგავსად ადრეული პერიოდისა, მასშტაბური გამყარების ფონზე კვლავ ყველაზე მერყევ ვალუტად რუსული რუბლი რჩება. მაისის მესამე სავაჭრო კვირას რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 3.60%-ით იხრებოდა, რაც მეორე სავაჭრო კვირას 4.06% იყო. კვირის მანძილზე მაღალი არასტაბილურობით თურქული ლირა გამოირჩეოდა. გასულ კვირას ლირის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.01%-ით იხრებოდა. ამ პერიოდში ევრო და ბრიტანული სტერლინგი თანაბრად, 0.63%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა, ხოლო შედარებით სტაბილური უკრაინული გრივნა და სომხური დრამი იყო. მაისის მესამე სავაჭრო კვირას გრივნის მერყეობა 0.26% იყო, ხოლო დრამის 0.40%-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დრამი მაღალი, 1.85%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 13.05/20.05 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

რუბლი ომამდე ნიშნულს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა, ხოლო შემდეგ გამყარება განაგრძო. ამავე პერიოდში ლარიც მყარდება, მაგრამ შედარებით დაბალი ნიშნულით. შესაბამისად, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რამდენიმე კვირაა რუბლთან მიმართებით უფასურდება. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი შერჩეულ ვალუტებს შორის მკვეთრად, 13.55%-ით სწორედ რუბლთან მიმართებით არის გაუფასურებული. დანარჩენ ვალუტებთან გამყარებულია. ასეთივე სურათია მაისის მესამე სავაჭრო კვირას, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან გაუფასურდა, ხოლო დანარჩენთან გამყარდა.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან 1.32%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია. მაისის მეორე სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 2.79% იყო. ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი კურსი ყველაზე მეტით, 4.55%-ით სომხურ დრამთან იყო გაუფასურებული, მაგრამ გასულ კვირას ლარი დრამთან მიმართებით 4.52%-ით გამყარდა. კიდე უფრო მეტით, 6.42%-ით თურქულ ლირასთან არის გამყარებული. თავად ლირა ზედიზედ მეორე კვირაა დოლართან მიმართებით უფასურდება. სხვა დანარჩენ ვალუტებთან ლარი საშუალოდ 2.66%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მაისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი, რუბლის გარდა, ყველასთან გამყარდა. გასულ კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი გამყარებულია. მაისის მესამე სავაჭრო კვირას აღნიშნული ინდექსი 2.91%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.02% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 9.41%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.71%-ია.

მაისის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 142.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.76%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილ არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეცხრამეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.44% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 29.95%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 28.78% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეოცე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.