მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი და სამეზობლოს ვალუტები - რომელი რამდენად გაუფასურდა ბოლო ერთ თვეში

5f5b82c7a1334
შოთა ტყეშელაშვილი
11.09.20 18:35
1815
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების ნაწილს აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ტენდენცია აქვთ. მსგავსი გაუფასურების ტენდენცია აქვს ქართულ ლარსაც, რომელმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღირებულების 1% დაკარგა.

უფრო კონკრეტულად კი, რეგიონის ქვეყნების ვალუტების ცვლილება აშშ დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასეთია:

● თურქული ლირა - ბოლო ერთ თვეში 2.92%-ით გაუფასურდა, ამჟამად ერთი დოლარი 7.47 ლირა ღირს.
● რუსული რუბლი - ბოლო ერთ თვეში 2.11% -ით გაუფასურდა, ამჟამად ერთი დოლარი 75.01 რუბლი ღირს;
ლარი - ბოლო ერთ თვეში 1.24% -ით გაუფასურდა, ამჟამად ერთი დოლარი 3.11 ლარი ღირს;
● უკრაინული გრივნა - ბოლო ერთ თვეში 1.21% -ით გაუფასურდა, ამჟამად ერთი დოლარი 27.93 გრივნა ღირს;
● აზერბაიჯანული მანათი - ბოლო ერთ თვეში მანათის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეცვლილა;
● სომხური დრამი - ბოლო ერთ თვეში 0.07%-ით გამყარდა, ამჟამად ერთი დოლარი 481.64 დრამი ღირს;

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ შედარებით მაღალი ტემპით გაუფასურება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაიწყო, რა პერიოდის მანძილზეც ლარმა დოლართან მიმართებით 3 თეთრი დაკარგა.

დღესაც ლარი დოლართან მიმართებით 1.5 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 2.5 თეთრით გაუფასურდა. გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების ფონზე მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც $40 მილიონი გაყიდა. ეს COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან რიგით მეთორმეტე სავალუტო აუქციონი იყო, ამ აუქციონებით სებ-მა ჯამში $369.5 მილიონი დოლარი გაყიდა.

რაც შეეხება თავად აშშ დოლარის სიმყარეს, ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროსთან მიმართებით 0.75%-ით გამყარდა. დოლარის ინდექსი კი, რომელიც აშშ-ის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით დოლარის სიმყარეს ასახავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უმნიშვნელოდ შემცირდა და ამჟამად ის 93.27-ს შეადგენს.