მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები ეცემა - გამომწვევი მიზეზები

62b423b5e0ad2
გიორგი თოლორდავა
23.06.22 12:34
9178
მიმდინარე კვირას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება: ბარელი Brent-ის ღირებულება თითქმის 3%-ით, 110-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო WTI Crude-ის სავაჭრო ფასი ამჟამად 104 დოლარს აღწევს.

ნავთობის და, ზოგადად, ენერგორესურსების ფასების შემცირება გლობალური ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობასა და მობილობას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საწვავის მოთხოვნაზე.

აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს FED-ის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის მიერ კონგრესში გაკეთებული განცხადება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციის შესაკავებლად ფედერალური რეზერვი უკან არაფერზე დაიხევს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, მიუხედავად იმისა, გამოიწვევს თუ არა ეს ეკონომიკის შენელებას.

მიმდინარე ფასების პარალელურად, შემცირებულია ფიუჩერსული ანუ სამომავლო კონტრაქტების ღირებულებაც - ოქტომბერი-ნოემბრის ფიუჩერსები ამჟამად 97-99 დოლარად ივაჭრება; დეკემბერი-იანვრის კონტრაქტების ღირებულება 94-96 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 2023 წლის აპრილის ფიუჩერსების შეძენა ამჟამად 91 დოლარადაა შესაძლებელი.