მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომის აქციონერი საქართველოს მთავრობა გახდება“ - პრემიერ-მინისტრი

629dd5d63d255
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 14:23
1115
„ბორჯომის აქციონერი საქართველოს მთავრობა გახდება“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის "ბორჯომის" აქციების გადაცემის საკითხი მომდევნო მთავრობის სხდომაზე განიხილება.

„ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და ჩვენ - მთავრობა, სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი და ამით ეს პრობლემაც მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ დასაქმებულთა გაფიცვასაც შეეხო.

„ვიცი, რომ მანამდე იქ რაღაც სირთულეებია, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს დილით საუბარი მქონდა ზურაბ აზარაშვილთან. მისი დავალებით პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო, მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექცევით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 19 მაისს "IDS ბორჯომმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს.

IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული "ალფა ჯგუფი" (Alfa Finance), რომელიც თავის მხრივ, სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. "ალფა" ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონად შეისყიდა. შედეგად, ამჟამად IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს "ალფა ჯგუფი"; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.