მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა, ლირა გაუფასურდა - კვირის სავალუტო მიმოხილვა (10.12 – 17.12)

61be1bd382857
ეგნატე შამუგია
20.12.21 08:00
1294
ლარის გამყარებას განაგრძობს. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.090 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.100-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.34%-იანი გამყარებაა, რაც წინა კვირას 0.38%-ით იყო გამყარებული. ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.70%-ით იყო გაუფასურებული, მაგრამ მანამდე ზედიზედ რამდენიმე კვირა მყარდებოდა. შედეგად, ნოემბერში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.27%-ით გამყარდა, რაც დეკემბერში 2.06%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 6.16%-ითაა გამყარებული.
 
ლარისგან მკვეთრად განსხვავებული მდგომარეობა იყო სამეზობლო ეკონომიკებში. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ყველზე მეტით კვლავ თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ხოლო ყველაზე მეტით სომხური დრამი გამყარდა. ორივე შემთხვევაში ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეცვალეს. გასული კვირის ხუთშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 20.0%-იანი ინფლაციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14.0%-მდე შეამცირა, რამაც წინა შემთხვევების მსგავსად, ლირის მასშტაბური გაუფასურება გამოიწვია. მხოლოდ პარასკევ დღეს ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.58%-ით გაუფასურდა. მთლიანად სავაჭრო კვირის მანძილზე, დოლართან მიმართებით, თურქული ვალუტა 18.05%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 120.19%-ითაა გაუფასურებული. ნოემბერში ლირის გაუფასურება 41.28%-ს შეადგენდა, რაც ორი სავაჭრო კვირის მანძილზე უკვე 23.66%-ია. რადიკალურად განსხვავებული სურათია სომხეთის შემთხვევაში. წლის დასაწყისიდან დღემდე სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან სომხური დრამი დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით, 7.49%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას კი დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.54%-ით გამყარდა, რაც სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ სამშაბათს მონეტარული პოლიტიკის 0.5 პ.პ. -ით, 7.75%-მდე ზრდის შემდეგ მკვეთრად გამყარდა.

სავაჭრო კალათი მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებიდან რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა გაუფასურდა. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას რუბლის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.88%-ით გაუფასურდა. წინა კვირას რუბლის გაცვლითი კურსი 0.36%-ით გამყარებული იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული რუბლი მცირედით, 0.07%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში უკრაინული გრივნის გამყარება 3.82%-ია, მაგრამ გასულ კვირას უკრაინული ვალუტა 0.80%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 10.12 – 17.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 13.12 – 17.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

წინა ორი კვირისგან განსხვავებით, დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გაცილებით სტაბილური იყო. სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.07%-ით იხრებოდა, რაც ჩინური იუანის 0.06%-იანი მერყეობის შემდეგ, ყველაზე სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 0.27% იყო, რაც ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას 0.67% აღწევდა. მკვეთრი არასტაბილურობით კი კვლავ თურქული ლირა გამოირჩეოდა. დეკემბრის მეორე კვირას ლირის ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 6.78%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას შედარებით ნაკლები, 1.04% იყო. ნოემბრის მეოთხე და მესამე კვირას კი თურქული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა გაცილებით მაღალი, 4.28% და 4.76% იყო. ამდენად, ლირა მასშტაბური გაუფასურების ფონზე მკვეთრი მერყეობითაც გამოირჩევა. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას თურქული ვალუტის შემდეგ მაღალი,1.00% მერყეობით სომხური დრამი გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ დრამი გასულ კვირას ყველაზე მეტით გამყარებული ვალუტაა, აღნიშნული მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შემდეგ მკვეთრი გამყარებით ხასიათდებოდა, რაც მერყეობის ნიშნულში აისახა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 10.12/17.12 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მეორე კვირაა, რაც ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსის პოზიცია უმეტესად დადებითია. გასულ კვირას ლარი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან მხოლოდ სამთან გაუფასურდა. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სომხურ დრამთან მიმართებით 2.28%-ით გაუფასურდა. თავად დრამი კი, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 2.54%-ითაა გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, სომხურ ვალუტასთან მიმართებით ლარის გაუფასურება 1.99%-ს აღწევს. გასულ კვირას დრამის შემდეგ ლარი გაცვლითი კურსი ევრო (0.13%) და ბრიტანულ სტერლინგთან (0.31%) მიმართებით გაუფასურდა. წლიურ ჭრილში კი ორივესთან მიმართებით გამყარებულია. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 13.06%-ითაა გამყარებული, ხოლო სტერლინგთან კი - 8.40%-ით.

დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი სხვა ვალუტებთან გამყარდა. გამყარების ნიშნული საშუალოდ 2.83%-ია, რაც წინა კვირას საშუალოდ 1.10%-ით იყო გამყარებული. მსგავსად წინა კვირებისა, დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირასაც ლარი გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთანაა გამყარებული. თავად ლირის დოლართან მიმართებით მასშტაბური გაუფასურების ფონზე, ლართან 16.31%-ით გაუფასურდა. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარი ლირასთან მიმართებით 2.58%-ით იყო გამყარებული, რაც ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას 10.33% იყო, ხოლო ნოემბრის მეოთხე კვირას - 8.55%. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი ყველაზე მეტით, 57.54%-ით სწორედ თურქულ ვალუტასთან მიმართებითაა გამყარებული. თურქული ლირის შემდეგ, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შესამჩნევად რუსულ რუბლთან და უკრაინულ გრივნასთან გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას ლარი რუბლთან 0.84%-ითაა გამყარებული, ხოლო გრივნასთან კი - 1.25%-ით. ამ უკანასკნელთან წინა კვირას ლარის შეწონილი კურსი 0.43%-ით იყო გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას ლარი შერჩეული ვალუტებიდან, დრამი, ევრო და სტერლინგის გარდა, სხვა დანარჩენთან გამყარდა. მათ შორი, ყველზე მეტით თურქულ ლირასთან, რომლის წილი იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლებიდან გამომდინარე ლარი ნომინალური ეფექტური კურსის ფორმირებაში მაღალი, 17.5%-ია. ამდენად, დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მკვეთრად გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.33%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირასაც 1.07% იყო. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 133.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.20%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.38% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის შემცირებაზე.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური. გაცვლითი კურსის ინდექსი 20.11%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 18.19% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის, როგორც წინა პერიოდთან, ასევე წლიურ ჭრილში გამყარების უფრო მაღალი ნიშნული, ამავე პერიოდის იმპორტზე ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირი.