მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარდა, რუბლი მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (22.07 – 29.07)

62e65fd531602
ეგნატე შამუგია
01.08.22 08:00
2417
ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.759 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.789-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.10%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 29-ე სავაჭრო კვირას 1.79%-ით იყო. ამდენად, ლარი ზედიზედ მესამე კვირაა მკვეთრად მყარდება. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 10.66%-ითაა გამყარებული. მაისში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით იყო გამყარებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 4.08%-ია.
 
რაც შეეხება სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებს, გასულ კვირას უმეტესობა მათგანი გამყარდა. თუმცა, მკვეთრად რუსული რუბლი და თურქული ლირა გაუფასურდა. ასეთივე სურათი იყო წინა კვირასაც. ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 6.98%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 2.07% იყო. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლიდან დღემდე შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 16.55%-ით რუბლია გამყარებული. ამ პერიოდში ყველაზე მეტით, 36.50%-ით თურქული ლირაა გაუფასურებული, რომელიც გასულ კვირასაც 1.12%-ით გაუფასურდა. აღნიშნული წინა კვირას 2.12% იყო.

გამყარების კუთხით, გარდა ლარისა, გამოკვეთილად იენი, დრამი და სტერლინგია გამყარებული. ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას იაპონური იენი დოლართან მიმართებით 2.09%-ით გამყარდა. იენის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვირასაც 1.77%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე იაპონური ვალუტის გაცვლითი კურსი 15.57%-ითაა გაუფასურებული. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ეროვნულ ვალუტას, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას სომხური დრამი 1.26%-ითაა გამყარებული. დრამი წლის დასაწყისიდანაც მაღალი, 15.47%-იანი გამყარება ახასიათებს. ამ პერიოდში ბრიტანული სტერლინგი 10.76%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ გასულ კვირას სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.42%-ით გამყარდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 22.07 – 29.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 25.07 – 29.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

უკვე ტრადიციად იქცა რუსული რუბლის მაღალი მერყეობა. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირას ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა. ივლისის ბოლო კვირასაც მაღალი მერყეობით რუბლი გამოირჩევა. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლი უფრო მეტად არასტაბილური გახდა. მკვეთრი, 12.93%-იანი გაუფასურების ფონზე, რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 5.22%-ით იხრებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირას 10.63%-იანი გამყარების ფონზე, რუბლის მერყეობა 3.55% იყო. მესამე კვირას კი 2.07%-იანი გაუფასურების ფონზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.47%-ით იხრებოდა. გასულ კვირას კი, აღნიშნული მაჩვენებელი 2.73%-ია.

გარდა რუბლისა, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას მკვეთრად არასტაბილური იაპონური იენი იყო. კვირის მანძილზე იენი ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.22%-ით იხრებოდა. თავად იენი კვირის მანძილზე ყველაზე მეტით, 2.09%-ით იყო გამყარებული. კიდევ ერთი მკვეთრად გამყარებული ვალუტა სტერლინგია, რომელსაც კვირის მანძილზე 0.61%-იანი მერყეობა ახასიათებდა. სხვა ვალუტები კი შედარებით დაბალი მერყეობით ხასიათდებოდა. მათ შორის, ყველაზე მეტად სტაბილური კვლავ ჩინური იუანი იყო, რომლის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.12%-ით იხრებოდა. რაც შეეხება ლარს, ამ შემთხვევაში სტაბილურობის ტენდენცია შეინიშნება, რადგან ივლისის მეოთხე კვირას ლარის მერყეობა 0.39%-ია. მესამე და მეორე კვირების მანძილზე ეს მაჩვენებელი 0.60% და 1.21% -ები იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 22.07/29.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, რაც ამავე თვის ბოლო სავაჭრო კვირას რადიკალურად შეიცვალა. ამგვარი ტენდენცია ივლისის პირველ კვირას კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. მეორე სავაჭრო კვირას კი ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. სხვა დანარჩენ ვალუტებთან კვლავ გამყარდა. კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსის საშუალო გამყარება 2.02% იყო. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. მათ შორის, ყველაზე მეტით, 20.76%-ით უკრაინულ გრივნასთან მიმართებით, რაც უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის 25.0%-იანი დევალვაციის შედეგი იყო.

ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობასთან მიმართებით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან. გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 6.24%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 2.90% იყო. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი რუბლთან მიმართებით, 8.11%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა სომხურ დრამთან 5.61%-იანი გაუფასურებით გამოირჩევა, ხოლო სხვა დანარჩენ ვალუტებთან გამყარებით. ყველაზე მკვეთრი, 33.84% და 33.22%-იანი გამყარებებით უკრაინულ გრივნა და თურქულ ლირასთან. აღნიშნულ ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გასულ კვირასაც გამყარდა. კერძოდ, გრივნასთან მიმართებით ეს მაჩვენებელი 2.04%-ია, ხოლო ლირასთან 2.03%-ს შეადგენს. რაც შეეხება გაუფასურებას, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი იენთან (1.91%) და სტერლინგთან (0.66%) გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან უმეტესთან გამყარდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 1.94%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 3.58% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 19.87%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 33.09%-ია.

ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 155.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.80%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 29-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 1.75% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 30.55%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 25.76% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 30-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.