მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარებას, რუბლი კი გაუფასურებას განაგრძობს - სავალუტო მიმოხილვა (30.09– 07.10)

6341c4b7a0689
ეგნატე შამუგია
10.10.22 08:00
2099
ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.794 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.820-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.91%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 39-ე სავაჭრო კვირას, მცირედით, 0.13% იყო გაუფასურებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა პერიოდის ზედიზედ სამკვირიან გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 9.51%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ით იყო გაუფასურებული. გასულ თვეს ეს მაჩვენებელი 2.25%-იანი გამყარებაა.
 
ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის კიდევ ორი გამყარდა. გასულ კვირას სომხური დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.50%-ითაა გამყარებული, რაც სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას 1.93% იყო. უშუალოდ სექტემბერში დრამი 0.37%-ით გაუფასურდა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აქტიური სამხედრო მოქმედებების განახლებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, სომხური ვალუტა სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულებს შორის გამორჩეულია, რადგან გამყარება 16.18%-ს აღწევს.

გასულ კვირას კიდევ ერთი, მცირედით, 0.12%-იანი გამყარებული ვალუტა ჩინური იუანია. სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები კი გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 3.40%-ით რუსული რუბლია გაუფასურებული. რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირასაც, დოლართან მიმართებით, 1.58%-ით იყო გაუფასურებული. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლი ყველაზე მეტით გამყარებული ვალუტაა. ამ პერიოდში რუსული რუბლი 16.63%-ით გამყარდა. გარდა რუბლისა, ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ევროპული ვალუტებიც შესამჩნევად გაუფასურდა. გასულ კვირას ბრიტანული სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.76%-ით გაუფასურდა, ხოლო ევრო კი - 0.59%-ით.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 30.09 – 07.10 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა.

ფიგურა 2: 03.10 – 07.10-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

თუკი სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მკვეთრი მერყეობით ევროპული ვალუტები გამოირჩეოდა, ოქტომბრის პირველ კვირას მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა. გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი მერყეობა ტრადიციულ ნიშნულებს დაუბრუნდა. კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.24%-ით იხრებოდა. ამ პერიოდში შედარებით მაღალი, 1.36%-იანი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგსაც ახასიათებდა, რომელიც წინა კვირასაც მაღალი, 1.81%-იანი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში ასეთივე მდგომარეობა იყო ევროს შემთხვევაშიც. სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას ევროს მერყეობა 1.12% იყო, რაც ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას შედარებით დაბალი, 0.94%-ია.

სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე დაბალი, 0.15%-იანი მერყეობა ლარს ახასიათებდა, რაც ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას შედარებით გაზრდილია. გასული კვირის მანძილზე ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.36%-ით იხრებოდა, რაც იაპონური იენის და სომხური დრამის შემთხვევაში ოდნავ დაბალი, 0.32% და 0.31%-ები იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 30.09/07.10(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგი დოლართან მიმართებით 0.76%-ით გაუფასურდა, ამ პერიოდში ლარის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსიც ამ უკანასკნელთან, მცირედით, 0.04%-ით გაუფასურდა. გარდა სტერლინგისა, კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა დანარჩენ ვალუტებთან გამყარდა. გასულ კვირას ლარის საშუალო გამყარებამ 1.37% შეადგინა.

ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 4.48%-ით რუსულ რუბლთან გამყარდა, რაც სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას 1.00% იყო. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 10.85%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, ლარი კიდევ ერთ ვალუტასთან, სომხურ დრამთან, 8.02%-ითაა გაუფასურებული. სხვა დანარჩენთან კი გამყარებულია.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი იაპონურ იენთან 1.33%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 28.00%-ია. იენის შემდეგ, ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის კურსი მაღალი, 1.18%-იანი გამყარებით თურქულ ლირასთან მიმართებით გამოირჩევა. ამ უკანასკნელთან, ლარის, ნომინალური გაცვლითი კურსი წლის დასაწყისიდან დღემდე, ყველაზე მეტით, 34.82%-ითაა გამყარებული. ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი კურსი თანაბრად, 1.04%-ით უკრაინულ გრივნასთან, იაპონური იენთან და აზერბაიჯანულ მანათთან გამყარდა. რაც შეეხება ევროს, ამ შემთხვევაში ლარის გამყარება 0.70% იყო, ხოლო დრამთან მიმართებით კი - 0.43%.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან, გარდა ბრიტანული სტერლინგისა, დანარჩენთან მკვეთრად გამყარდა, რაც აღნიშნული ინდექსის თვალსაჩინო გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 1.48%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.21% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 21.06%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 32.84%-ია.

ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 157.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.57%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 39-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.30% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 32.22%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 31.06% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მე-40 სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.