მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარებას დაუბრუნდა - სავალუტო მიმოხილვა (02.09 – 09.09)

631dae3482ccb
ეგნატე შამუგია
12.09.22 08:00
2521
ჯერ კიდევ აგვისტოს მეორე კვირიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია მკვეთრი გაუფასურებისკენ შეიცვალა, რაც გასულ კვირას შეცვლილია. სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.839 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.884-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.54%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 35-ე სავაჭრო კვირას 1.25%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, ლარის ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გაუფასურება, გამყარებით შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 8.06%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ითაა გაუფასურებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 1.93%-იანი გამყარებაა.
 
ხსენებული მაჩვენებლით, სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით არის გამყარებული. თუმცა, კვირის მანძილზე სხვა ვალუტებიც გამყარდა. ერთ-ერთი ასეთი ევროა. გასულ კვირას ევრო დოლართან მიმართებით 0.88%-ით გამყარდა. აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ევროპული ვალუტა 0.12%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 12.51%-ითაა გაუფასურებული. გარდა ევროსი, გასულ კვირას ბრიტანული სტერლინგიც გაუფასურდა. სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას სტერლინგი 0.69%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 16.33%-ით გაუფასურებულია.

სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას გაუფასურების მხრივ იაპონური იენი გამოირჩევა. გასულ კვირას, იენი დოლართან მიმართებით 1.62%-ით გაუფასურდა. აღნიშნული წინა კვირას 1.23%-ით იყო გამყარებული. ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, იაპონური ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი 23.54%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ყველაზე მეტით, 38.82%-ით თურქული ლირაა გაუფასურებული. ლირა გასულ კვირასაც მცირედით, 0.17%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 02.09 – 09.09 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ფიგურა 2: 05.09 – 09.09-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ომის დაწყებიდან მოყოლებული რუბლის მაღალი მერყეობა ტრადიციად იყო ქცეული. თუმცა, აგვისტოში რუბლი შედარებით სტაბილური იყო, ვიდრე წინა პერიოდის მერყეობა. აღნიშნული წინა კვირასაც გაგრძელდა, რადგან აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.86%-ით იხრებოდა. უკვე სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას რუბლის ყოველდღიურის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.57%-ით იხრებოდა. ზუსტად ამავე მაჩვენებლით მერყეობდა ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვალუტის მერყეობის მაჩვენებელი მაღალია, კვირის მანძილზე, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტად არასტაბილური სხვა ვალუტა იყო. სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას იაპონური იენის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.96%-ით იხრებოდა.

რაც შეეხება ლარის, ამ პერიოდში ლარის მერყეობამ 0.43% შეადგინა, რაც წინა კვირას 0.44% იყო. ყველაზე დაბალი, 0.03%-იანი მერყეობით თურქული ლირა გამოირჩეოდა. ამ პერიოდში სომხური დრამის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.04%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 02.09/09.09(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

წინა ოთხი სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილი იყო. თუკი ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარის კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით უფრო მეტად მყარდებოდა, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას შეწონილი ნომინალური კურსი ათივე შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. ასეთივე სურათი იყო მეოთხე სავაჭრო კვირასაც, სადაც საშუალოდ ლარის ნომინალური შეწონილი კურსი 2.01%-ით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მკვეთრად, დოლარი, სტერლინგი, აზერბაიჯანული მანათი და იაპონურ იენთან გაუფასურდა. აგვისტო-სექტემბრის საზიარო კვირას მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, რადგან ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ათი შერჩეული ვალუტიდან ორთან გამყარდა. დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 1.12%-ით იყო გაუფასურებული.

სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია. ამ პერიოდში ლარი საშუალოდ 1.69%-ით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 2.62%-იანი გამყარებით იაპონური იენთან გამოირჩევა. იენი კი, თავად, დოლართან მიმართებით, 1.62%-ით არის გაუფასურებული. იენის შემდეგ ლარის მკვეთრი გამყარება იუანთან არის. სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ჩინურ იუანთან 1.98%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 15.58%-ია. კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით დაბალი ნიშნულით, 0.87%-ით ევროსთან გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 17.98%-ია. ამავე პერიოდი ლარი ყველზე მეტით, 32.53%-ით თურქულ ლირასთან არის გამყარებული, რაც გასულ კვირას 1.83% იყო.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. სექტემბრის პირველი სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან ყველასთან გამყარდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის მკვეთრ გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 1.55%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.02%-ით გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 17.21%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.62%-ია.

სექტემბრის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 153.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.27%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 35-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.72% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 29.33%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 28.00% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 36-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.