მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარებას განაგრძობს - სავალუტო მიმოხილვა (07.01 – 14.01)

61e3482cd4dbc
ეგნატე შამუგია
17.01.22 08:00
5120
ახალი წლის მეორე სავაჭრო კვირა ლარისთვის კვლავ პოზიტიური რჩება. იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.075 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.090-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.49%-იანი გამყარებაა, რაც წლის პირველ სავაჭრო კვირას მცირედით, 0.03%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსისთვის გასული კვირა ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წინა პერიოდი. აღნიშნული კი გასული წლის, განსაკუთრებით ბოლო კვარტალის ტენდენციის გაგრძელებაა, რადგან მთლიანი წლის მანძილზე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 6.19%-ით გამყარდა. დეკემბერში კი კურსის გამყარება 2.09% იყო.
 
მიმდინარე წლის მეორე სავაჭრო კვირას არამხოლოდ ლარი, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც გამყარდა. გარდა რუსული რუბლი და უკრაინული გრივნისა, სხვა ვალუტები საშუალოდ 1.03%-ითაა გამყარებული. მათ შორის, ყველაზე მეტით თურქული ლირა, რაც ამ უკანასკნელისთვის მეტად უჩვეულოა, რადგან ბოლო რამდენიმე თვე მკვეთრად უფასურდებოდა. გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.36%-ით გამყარდა. მიმდინარე წელის პირველ სავაჭრო კვირას თურქული ვალუტა 4.25%-ით იყო გაუფასურებული. შესაბამისად, მიმდინარე წლის ორი კვირის მანძილზე ლირა, დოლართან მიმართებით, 3.15%-ითაა გაუფასურებული, რაც გასულ წელს 78.81% იყო. შარშან ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი განსაკუთრებით მკვეთრად, 41.28%-ით, ნოემბერში გაუფასურდა. თურქული ლირის შემდეგ გასულ კვირას გამყარებით იაპონური იენი, ბრიტანული სტერლინგი და ევრო გამოირჩეოდა.

იანვრის მეორე სავაჭრო კვირას იაპონური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 1.41%-ით გამყარდა, რაც წინა კვირასთან შედარებით მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებაა, რადგან იანვრის პირველ სავაჭრო კვირას იენი 0.42%-ით იყო გაუფასურებული. ამ პერიოდში მცირედი, 0.09%-იანი გაუფასურების შემდეგ, გასულ კვირას ევროპული ვალუტა 0.94%-ით გამყარებული. უფრო მეტით, 1.03%-ით კი ბრიტანული სტერლინგია გამყარებული, რომელიც წინა კვირასაც 0.46%-ით იყო გამყარებული. ამდენად, მიმდინარე წელის პირველი ორი სავაჭრო კვირის მანძილზე ყველაზე მეტით, 1.83%-ით სწორედ ბრიტანული სტერლინგია გამყარებული. რაც შეეხება გაუფასურებას, თურქული ლირის შემდეგ, ორკვირიან პერიოდში მაღალი, 2.55%-იანი გაუფასურებით უკრაინული გრივნა გამოირჩევა. უკრაინული ვალუტა წლის პირველ სავაჭრო კვირას 0.76%-ით იყო გაუფასურებული, რაც გასულ კვირასაც გაგრძელდა და დოლართან მიმართებით, გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.77%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში მეორე გაუფასურებული ვალუტა რუბლია, მაგრამ გაცილებით მცირედით. იანვრის მეორე სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 0.31%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.59% იყო.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 07.01– 14.01 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 10.01 – 14.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირასთან შედარებით ლარის მერყეობა უფრო მაღალია, ლარის გაცვლითი კურსი მაინც სტაბილური რჩება. თუ წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.09%-ით იხრებოდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას 0.16%-ია. ამდენად, წინა პერიოდთან შედარებით ლარი ოდნავ არასტაბილურია, მაგრამ შერჩეულ ვალუტებს შორის კვირის ყველაზე მეტად სტაბილური ფულის ერთეული ადგილის იკავებს. ლარის მსგავსად, სხვა დანარჩენს შორის, დაბალი მერყეობა მხოლოდ ჩინურ იუანს და სომხურ დრამს ახასიათებდა. ეს უკანასკნელი 0.56%-იანი გამყარების ფონზე მხოლოდ 0.18%-ით მერყეობდა. იანვრის მეორე კვირას მაღალი მერყეობით თურქული ლირა და რუსული რუბლი გამოირჩეოდა. გასულ კვირას ლირის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.60% იხრებოდა, როცა ლირა კვირის მანძილზე 2.36%-ით გამყარდა. აღნიშნულ პერიოდში, 0.31%-იანი გაუფასურების ფონზე რუბლის მერყეობა 1.11%-ს შეადგენდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 07.01/14.01 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან უმეტესთან მიმართებით გაუფასურდა. მაშინ, როცა წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის შეწონილი ნომინალური კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. გასულ კვირას ლარი მხოლოდ ოთხ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 2.01%-ით უკრაინულ გრივნასთან მიმართებით, რომელიც, თავის მხრივ, იანვრის მეორე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველზე მეტით, 1.77%-ითაა გაუფასურებული. ლარი გრივნასთან მიმართებით წინა კვირასაც გამყარებული იყო, მაგრამ შედარებით ნაკლებით, 0.74%-ით. ამავე პერიოდში, რუბლთან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება 1.50%-ს აღწევდა, რაც გასულ კვირას 0.45% -ია. ამდენად, ლარის შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ ორი კვირაა რუბლთან და გრივნასთან მიმართებით მყარდება.

წლის პირველი კვირისგან განსხვავებით, იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებულია. თუ წინა კვირას ლარის ლირასთან მიმართებით 2.60%-ით იყო გამყარებული, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 0.84%-იანი გაუფასურებით შეიცვალა. თავის მხრივ, ამავე პერიოდში ლირა დოლართან მიმართებით 2.36%-ითაა გამყარებული. 2021 წელს ლარის ყველაზე მეტით, 45.92%-ით სწორედ ლირასთან მიმართებით იყო გამყარებული. გასულ კვირას ლარი ლირაზე უფრო მაღალი ნიშნულით იაპონურ იენთან, ბრიტანულ სტერლინგთან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი იენთან 1.34%-ით გაუფასურდა, რაც სტერლინგის და ევროს შემთხვევაში 1.09% და 0.90% -ებს აღწევს.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. წლის პირველ სავაჭრო კვირას, შერჩეული ვალუტებიდან, ლარი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.84%-ით გაუფასურდა. ასევე, კიდევ ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორის - ევროზონის ვალუტასთან მიმართებით ლარი 90%-ითაა გაუფასურდა. ეს კი ნომინალური ეფექტური კურსის ნიშნულში მკაფიოდ აისახა, რადგან ეფექტური კურსის ფორმირებაში ლირის წილი 17.5%-ია, ხოლო ევროს კი - 18.1%. ამდენად, იანვრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით, 0.10%-ით გაუფასურდა. აღნიშნული კი სწორედ ხსენებულ ორ ვალუტასთან მიმართებით ლარის გაუფასურებას უკავშირდება. წლის პირველ სავაჭრო კვირას მდგომარეობა განსხვავებული იყო, რადგან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.53%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 131.9-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.23%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის პირველ სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.44% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის ზრდაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 11.30%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 20.31% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლების კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გამყარებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი იაფდება.