მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარებას განაგრძობს - სავალუტო მიმოხილვა (14.10 – 21.10)

635431a6104dd
ეგნატე შამუგია
24.10.22 09:00
2091
ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.753 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.765-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.45%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 41-ე სავაჭრო კვირას 1.05%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ სამი კვირაა მყარდება. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 10.86%-ითაა გამყარებული. ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა, ხოლო აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ით იყო გაუფასურებული. გასულ თვეს ეს მაჩვენებელი 2.25%-იანი გამყარება იყო. ოქტომბერში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება 2.39%-ს აღწევს.
 
რაც შეეხება სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებს - ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას გარდა თურქული დრამი და ჩინური იუანისა, სხვა დანარჩენი გამყარებულია. გასულ კვირას თურქული და ჩინური ვალუტები 0.53% - 0.53%-ებით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს მაჩვენებელი განსხვავებულია. ამ პერიოდში, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 41.59%-ით სწორედ თურქული ლირაა გაუფასურებული, ხოლო ჩინური იენი კი - 13.76%-ით.

გასულ კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი, 1.97%-ით რუსული რუბლი გამყარდა. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ეს უკანასკნელი 1.05%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 17.42%-ით არის გამყარებული. აღნიშნული კი, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი გამყარების ნიშნულია. რუსული რუბლი შემდეგ მაღალი გამყარებით ევრო გამოირჩევა. ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ევროპული ვალუტა დოლართან მიმართებით 1.42%-ით გამყარდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ევრო ერთ-ერთი მკვეთრად გაუფასურებული ფულის ერთეულია, რადგან ამ პერიოდში ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 14.55%-ით არის გაუფასურებული. გარდა აღნიშნული ვალუტებისა, ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ბრიტანული სტერლინგიც 1.16%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 1.18% იყო. მიუხედავად ბოლო დროინდელი გამყარებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, სტერლინგი 19.26%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 14.10 – 21.10 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა.

ფიგურა 2: 17.10 – 21.10-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტების შედარებით მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა, რაც უკვე მეორე კვირას შედარებით დასტაბილურად, მაგრამ ოქტომბრის მესამე კვირას მერყეობა კვლავ მაღალ ნიშნულებს იკავებს. გასული კვირის მანძილზე ყველაზე მაღალი მერყეობით ლარი ხასიათდებოდა. ამ პერიოდში, ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.86%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.39% იყო და ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ურო დაბალი, 0.15%. ლარის შემდეგ მაღალი, 0.66%-იანი მერყეობით იაპონური იენი გამოირჩეოდა. ამ პერიოდში ბრიტანული სტერლინგის მერყეობამ 0.52% შეადგინა, ხოლო ევროს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.42%-ია. კვირის მანძილზე დაბალი მერყეობით თურქული ლირა გამოირჩეოდა, რადგან ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.04%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 14.10/21.10(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 4.46% რუსულ რუბლთან გამყარდა. აღნიშნული ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას 4.48% იყო. თუმცა, მესამე სავაჭრო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 2.60%-ით გაუფასურდა. წლისა დასაწყისიდან დღემდე ეს მაჩვენებელი 8.66%-იანი გაუფასურებაა. ამ პერიოდში ლარი ყველაზე მეტით სწორედ რუბლთან არის გაუფასურებული.

ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სხვა ვალუტებთან გამყარებულია. კვირის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარებამ საშუალოდ 1.03% შეადგინა. გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 3.58%-ით იაპონურ იენთან გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე ეს მაჩვენებელი 32.10%-ია. ოქტომბრის მესამე კვირას ლარი ყველაზე ნაკლებით, აზერბაიჯანულ მანათთან 0.26%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებთან, გარდა რუბლისა, სხვა ვალუტებთან გამყარდა. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ინდექსი მხოლოდ 0.18%-ით გამყარდა, რადგან ამ უკანასკნელში რუბლის წილი 14.6%-ია. წინა კვირას გამყარება 1.82% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 23.49%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 35.19%-ია.

ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 161.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.20%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 41-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.46% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 34.81%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 34.84% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 42-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.