მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარებას განაგრძობს - სავალუტო მიმოხილვა (15.04 – 22.04)

62631b1843fb3
ეგნატე შამუგია
25.04.22 09:00
13858
შეიძლება ითქვას, რომ სამეზობლოს ვალუტები მარტის ბოლო და აპრილის პირველი კვირის ტენდენციას დაუბრუნდა. აპრილს მესამე კვირას რუსული რუბლი, სომხური დრამი და ქართული ლარი გამყარდა. გასულ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.039 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.064-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.82%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეთხუთმეტე სავაჭრო კვირასაც, მცირედით, 0.05%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 1.60%-ითაა გამყარებული. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.29%-ით იყო გამყარებული, რაც თებერვალში 5.44%-იანი გაუფასურებით გამოირჩეოდა.
 
როგორც ვახსენეთ, აპრილის მესამე სავაჭრო კვირას რუბლი და დრამიც გამყარდა. მიმდინარე წელის მეთექვსმეტე სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით 5.28%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 3.06%-ით იყო გაუფასურებული. აპრილის მეორე კვირის გაუფასურება კი, დიდწილად, რუსეთში უცხოური ვალუტის გაცვლაზე დაწესებული 12.0%-იანი საკომისიოს გაუქმებას უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო აშშ და ევროპის კავშირის მიერ სანქციები დაწესდა, რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. თუმცა, მარტის მეორე ნახევრიდან რუბლის ნომინალური გაცვლითი მყარდებოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული რუბლი 5.23%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, სომხური დრამი, დოლართან მიმართებით, 3.03%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას დრამი 0.86%-ითაა გამყარებული. სომხური ვალუტა წინა კვირასაც, 0.74%-ით იყო გამყარებული.

გარდა ზემოთ აღნიშნული სამი ვალუტისა - რუბლი, დრამი და ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტები გაუფასურდა. მათ შორის, კვირის განმავლობაში ყველაზე მეტით, 2.49%-ით უკრაინული გრივნა გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე 10.71%-ითაა გაუფასურებული. აღსანიშნავია, რომ 28 თებერვლიდან რამდენიმე კვირა უკრაინული გრივნა ბლუმბერგის პლატფორმაზე არ ივაჭრებოდა, ხოლო მოგვიანებით განახლდა, მაგრამ მკვეთრად შემცირებულია. უკრაინული ვალუტის შემდეგ, ყველაზე მეტით, 2.36%-ით ჩინური იუანი გაუფასურებული, ხოლო ამ პერიოდში იაპონური იენის გაუფასურება 1.57%-ია. აპრილის მესამე სავაჭრო კვირას საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნული ვალუტა 0.60%-ითაა გაუფასურებული, რაც წლის დასაწყისიდან, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტი, 12.17%-ია. აღსანიშნავია, რომ თურქული ლირა გასულ წელსაც მაღალი, 78.81%-იანი გაუფასურებით გამოირჩეოდა, რაც თურქეთში გატარებული არაორდინალური მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 15.04 – 22.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 18.04 – 22.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აპრილის მესამე სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტები შედარებით არასტაბილური იყო. მათ შორის, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსიც არასტაბილურობით გამოირჩეოდა. აპრილი პირველი ორი კვირისგან განსხვავებით, გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.47%-ით იხრებოდა. აღნიშნული შედარებით არასტაბილურობაზე მიუთითებს, რადგან წინა ორი კვირა ეს მაჩვენებელი 0.25% და 0.28% იყო.

აპრილის მესამე კვირას ჩინური იუანის შემთხვევაში სტაბილურობის ტრადიცია დაირღვა, რადგან გასულ კვირას აღნიშნული ვალუტის მერყეობა 0.81%-ს აღწევდა, რაც აპრილის მეორე სავაჭრო კვირას მხოლოდ 0.08% იყო. მიუხედავად იუანის მაღალი მერყეობისა, კვირის მანძილზე მკვეთრი არასტაბილურობით რუბლი და გრივნა გამოირჩეოდა. გასულ კვირას, 5.28%-იანი გამყარების ფონზე, რუსული რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.60%-ით იხრებოდა, რაც უკრაინული ვალუტის შემთხვევაში 1.23%-ია. ამ პერიოდში, შედარებით დაბალი, 0.24%-იანი მერყეობა თურქულ ლირას ახასიათებდა, რაც ამ უკანასკნელისთვის იშვიათი გამონაკლისია.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 15.04/22.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

დოლართან მიმართებით, რუბლის ომამდე ნიშნულზე დაბრუნებასთან ერთად, ეს უკანასკნელი ლარი ლართან მიმართებითაც ამავე ტენდენციას იზარებდა. ამდენად, ბოლ რამდენიმე კვირა ლარი ყველაზე მეტით სწორედ რუსულ რუბლთან მიმართებით უფასურდებოდა, რასაც წინ გამყარების ტენდენცია უძღოდა. აპრილის მეორე სავაჭრო კვირას, როცა რუსული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა, მასთან ლარი 2.35%-ით გამყარდა. თუმცა, გასულ კვირას ტენდენცია შეიცვალა, რადგან შერჩეულ ვალუტებს შორის ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის მხოლოდ რუბლთან, 0.54%-ით გაუფასურდა.

აპრილის მესამე სავაჭრო კვირას, რუბლის გარდა, სხვა ვალუტებთან ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი გამყარებულია. კერძოდ, გამყარების საშუალო მაჩვენებელი 1.32%-ია. მათ შორის, ყველზე მეტით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი იენთან და იუანთან გამყარდა. აპრილის მესამე სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი იაპონურ ვალუტასთან 2.32%-ითაა გამყარებული, ხოლო ჩინური ვალუტის შემთხვევაში 2.30%-ია. აღნიშნული ვალუტების შემდეგ ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი გამყარებით მეზობელ ვალუტებთან გამოირჩევა. გასულ კვირას ლარი თურქულ ლირასთან მიმართებით 1.48%-ით გამყარდა, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი - 1.15%-ით.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. აპრილის მესამე სავაჭრო კვირა აღნიშნული ინდექსი 0.85%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.42% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 6.07%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.91%-ია.

აპრილის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 138.7-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.44%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეთხუთმეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა მხოლოდ 0.14% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 28.87%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 27.02% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეთექვსმეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.