მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გამყარებას განაგრძობს, რუბლი მერყეობას - სავალუტო მიმოხილვა (08.07 – 15.07)

62d3d8c5925d4
ეგნატე შამუგია
18.07.22 09:00
4424
ივლისის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.840 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.884-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.51%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 27-ე სავაჭრო კვირას 0.16%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 8.03%-ითაა გამყარებული. მაისში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 5.39%-ით იყო გამყარებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 1.25%-ია.
 
ივლისის პირველ სავაჭრო კვირას ჩინური იუანის გარდა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ყველა სხვა ვალუტა გაუფასურებული იყო, მაგრამ გასულ კვირას მდგომარეობა ნაწილობრივი შეიცვალა. ზოგიერთი მათგანი გამყარდა. თუ წინა კვირას რუსული რუბლი მკვეთრად, 12.93%-ით იყო გაუფასურებული, რაც გასულ კვირას მკვეთრად, 10.63% გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 23.57%-ითაა გამყარებული. აღნიშნული მაჩვენებლით, რუბლი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტითაა გამყარებული, ხოლო ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით უფრო მეტით. ომის დაწყების წინა დღიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 32.35%-ითაა გამყარებული.

რუბლი და ლარის შემდეგ თურქული ლირაა გამყარებული. ივლისის მეორე სავაჭრო კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.74%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 3.29%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლირის გაცვლითი კურსი, ყველაზე მეტით, 30.49%-ითაა გაუფასურებული. გასულ წელს კი ლირა უფრო მკვეთრად, 78.81%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მეორე კვირას უკრაინული გრივნაც გამყარდა. ომი შემდეგ, ბლუმბერგზე უკრაინული ვალუტის ვაჭრობა მკვეთრად შენელებულია. გასულ კვირას, გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.49%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 7.76%-ით გაუფასურდა.

ივლისის მეორე სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურდა. მათ შორის მკვეთრი გაუფასურება იაპონური იენს და ბრიტანულ სტერლინგს ახასიათებდა. გასულ კვირას იაპონური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 1.81%-ით გაუფასურდა, ხოლო ბრიტანული კი - 1.41%-ით. ეს უკანასკნელი წინა კვირასაც 0.92%-ი იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი 13.59%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ევრო გაუფასურება 11.99%-ია, რაც ივლისის მეორე კვირასაც 0.98%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 08.07 – 15.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 11.07 – 15.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

უკვე ტრადიციად იქცა რუსული რუბლის მაღალი მერყეობა. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირასაც ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა, რაც წინა პერიოდებთან შედარებით გაზრდილი იყო. წინა კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.98%-ით იხრებოდა, რაც ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას 1.17% იყო, ხოლო ივნისის მესამე სავაჭრო კვირას კი - 1.60%. თუმცა, ივლისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლი უფრო მეტად არასტაბილური გახდა. მკვეთრი, 12.93%-იანი გაუფასურების ფონზე, რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 5.22%-ით იხრებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირას 10.63%-იანი გამყარების ფონზე, რუბლის მერყეობა 3.55% იყო.

გარდა რუბლისა, კვირის მანძილზე სხვა გაუფასურებული ვალუტების მერყეობაც შედარებით დაბალი იყო. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას ლირის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.21%-ით იხრებოდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი გასულ კვირას 0.72%-ია. წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ბრიტანული სტერლინგის მერყეობაც შემცირებულია. ივლისის პირველ სავაჭრო კვირა სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.57%-ით იხრებოდა, რაც გასულ კვირას 0.24%-მდეა შემცირებული. ამ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 0.50%-ია, რაც წინა კვირა 0.45% იყო. კვირის მანძილზე ყველაზე დაბალი მერყეობა, 0.13% უკრაინულ გრივნას ახასიათებდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 08.07/15.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, რაც ამავე თვის ბოლო სავაჭრო კვირას რადიკალურად შეიცვალა. ამგვარი ტენდენცია ივლისის პირველ კვირას კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. წინა სავაჭრო კვირას ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. გასულ კვირას კი ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. სხვა დანარჩენ ვალუტებთან კვლავ გამყარდა. კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსის საშუალო გამყარება 2.02%-ია.

ივლისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით 6.80%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 13.66%-ით იყო გამყარებული. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 18.76%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ლარის გარდა რუბლისა, 7.02%-ით სომხურ დრამთანაც გაუფასურებულია. სხვა დანარჩენ ვალუტებთან კი გამყარებული. მათ შორის, ყველაზე მეტით, 29.24%-ით თურქულ ლირასთან. ლარი ლირასთან გასულ კვირასაც 1.92%-ით გამყარდა, მაგრამ დრამი, იუანი, ევრო, სტერლინგი და იენთან უფრო მეტითაა გამყარებული. ამ უკანასკნელთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.36%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 23.41%-ია. ივლისის მეორე სავაჭრო კვირას ლარი ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით 2.53%-ით გამყარდა, ხოლო ევროსთან კი - 2.28%-ით. რაც შეეხება საქართველო უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის - ჩინეთის ეროვნულ ვალუტას, ამ უკანასკნელთა მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 2.16%-ით გამყარდა, რაც დრამის შემთხვევაში ოდნავ ნაკლები, 2.04%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივლისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ყველა შერჩეულ ვალუტებთან გამყარდა, გარდა რუბლისა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის გამყარებაში აისახა. ეს რაც ინდექსის მკვეთრ გამყარებაში აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 0.68%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 4.21% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 13.53%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 24.81%-ია.

ივლისის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 148.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.33%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 27-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 1.08% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 25.00%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 23.50% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 28-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.