მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გაუფასურდა - კვირის სავალუტო მიმოხილვა (21.10 – 28.10)

635e58b0f20cf
ეგნატე შამუგია
31.10.22 08:00
2489
ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.775 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.753-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.82%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 42-ე სავაჭრო კვირას 0.45%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ სამკვირიანი გამყარების შემდეგ,  გაუფასურდა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 10.14%-ითაა გამყარებული. ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა, ხოლო აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ით იყო გაუფასურებული. გასულ თვეს ეს მაჩვენებელი 2.25%-იანი გამყარება იყო. ოქტომბერში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება 1.60 %-ს აღწევს.
 
ოქტომბრის მეოთხე სავაჭრო კვირა სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ლარი ყველაზე მეტით არის გაუფასურებული. ამ უკანასკნელის გარდა, კვირის მანძილზე ჩინური იუანიც გაუფასურდა. გასულ კვირას იუანის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.25%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.53% იყო. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას თურქული ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი თითქმის უცვლელია, რადგან გაუფასურების ნიშნული მხოლოდ 0.02%-ია. წინა კვირას ლირაც 0.53%-ით იყო გაუფასურებული.

გასულ კვირას სხვა დანარჩენი შერჩეული ვალუტები გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგი. ამ უკანასკნელის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 2.68%-ით გამყარდა. აღნიშნული გამყარება კი ბრიტანეთში ახალი პრემიერის, რიში სუნაკის არჩევა ემთხვევა. ბრიტანული ვალუტის შემდეგ მკვეთრი გამყარებით კიდევ ერთი ევროპული ვალუტა გამოირჩევა. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.04%-ით გამყარდა. ევრო წინა კვირასაც 1.42%-ით გამყარებული იყო. გასულ კვირას, სხვა დანარჩენი შერჩეული ვალუტებიდან შედარებითი მაღალი, 0.71%-იანი გამყარებით სომხური დრამი გამოირჩეოდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 21.10 – 28.10 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო.

ფიგურა 2: 24.10 – 28.10-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტების შედარებით მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა, რაც უკვე მეორე კვირას შედარებით დასტაბილურად, მაგრამ ოქტომბრის მესამე კვირას მერყეობა კვლავ მაღალ ნიშნულებს იკავებდა. თუმცა, ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტების მერყეობა შემცირებულია. თუ კი წინა კვირას ყველაზე მაღალი მერყეობით ლარი გამოირჩეოდა, ეს პოზიცია გასულ კვირას ბრიტანულმა სტერლინგმა დაიკავა.

ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ბრიტანული სტერლინგის ყოველკვირეული ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.26%-ით იხრებოდა, რაც ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას 0.52% იყო. კვირის მანძილზე გარდა სტერლინგისა, მაღალი, 0.75%-იანი მერყეობით იაპონური იენი გამოირჩეოდა. ამავე პერიოდში, ევროს ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.72%-ით იხრებოდა. ამ პერიოდში ყველაზე დაბალი, 0.12%-იანი მერყეობით თურქული ლირაა გამორჩეული. რაც შეეხება ლარას, თუკი ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.86%-ით იხრებოდა, ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 0.38%-მდეა შემცირებულია.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 21.10/28.10(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა რუსული რუბლია, ყველა ვალუტასთან გამყარებული იყო. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურებულია. ამ პერიოდში ლარის ნომინალური კურსის საშუალო გაუფასურება 1.70%-ია. ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით სტერლინგთან, ხოლო ყველზე ნაკლებით რუბლთან გაუფასურდა.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით 4.60%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას, პირიქით, 0.99%-ით გამყარებული იყო. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ბრიტანულ ვალუტასთან მიმართებით 23.22%-ითაა გამყარებული. ბრიტანული სტერლინგის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილი ნომინალურ გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით იაპონურ იენთან (3.18%), ევროსთან (2.76%), და სომხურ დრამთან (2.73%) გაუფასურდა. ამავე პერიოდში ლარი, შედარებით დაბალი ნიშნულით, 0.39%-ით რუსულ რუბლთან გაუფასურდა. აღნიშნულთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 9.08%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ოქტომბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებთან გაუფასურდა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 1.23%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 21.97%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 34.19%-ია.

ოქტომბრის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 159.8-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.67%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 42-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.20% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 33.71%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 34.81% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 43-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას იაფდება.