მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გრივნაზე უფრო მეტით გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (18.02 – 25.02)

621bd2a805c02
ეგნატე შამუგია
28.02.22 08:00
5158
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა ლარის გაცვლით კურსზეც მყისიერად აისახა, მაგრამ თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი უფრო მეტით გაუფასურდა, ვიდრე თავად უკრაინული გრივნა. აღნიშნულ პერიოდში, ლარი კურსი 3.00-იან მაჩვენებელს მყისიერად გაცდა.
 
თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.138 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.975-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 5.48%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის მეშვიდე სავაჭრო კვირას 1.09%-ით იყო გაუფასურებული. მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე მეორე კვირა ლარი უფასურდება, მანამდე ექვსი სავაჭრო კვირა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მყარდებოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარი 1.62%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, გარდა ჩინური იუანისა, სხვა დანარჩენი გაუფასურებულია. პირველი იანვრიდან დღემდე ჩინური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.61%-ითაა გამყარებული.

იუანი არამხოლოდ წლიურ ჭრილში, არამედ გასულ კვირასაც ერთადერთი გამყარებული ფულის ერთეულია. კერძოდ, თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას ჩინური იუანი დოლართან მიმართებით, მცირედით, 0.14%-ით გამყარდა. სხვა ვალუტები კი გაუფასურებულია. ყველაზე მეტით რუსული რუბლი გაუფასურდა. განვითარებული საომარი მოქმედებები და რუსეთისთვის დაწესებული (დაანონსებული) სანქციები უპირველესად რუსული კომპანიების აქციების ფასებსა და რუბლის გაცვლით კურსზე აისახა. გასულ კვირას რუბლი 8.09%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში, თითქმის ორჯერ ნაკლებით, 4.44% გაუფასურდა უკრაინული გრივნა, რომელიც უშუალოდ ომის დაწყებამდეც, არსებული დაძაბულობის გამო უფასურდებოდა. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 8.75%-ითაა გაუფასურებული, რაც რუსული რუბლის შემთხვევაში 12.30%-ია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 18.02 – 25.02 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 21.02 – 25.02-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მყისიერი გაუფასურების ფონზე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მკვეთრი მერყეობით გამოირჩეოდ. ამ შემთხვევაში, ლარის გასული კვირის მდგომარეობა უფრო რუსულ რუბლზეც უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ლარის ყოველდღიური ნომინალურ გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 3.15%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.48% იყო. ამ პერიოდში, ლარის შემდეგ მაღალი მერყეობით რუსული რუბლი გამოირჩევა. კერძოდ, გასული კვირის მანძილზე რუსული ვალუტის მერყეობა 2.84%-ია, რომელიც ამავე პერიოდში 5.48%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება უკრაინულ გრივნას, კვირის მანძილზე გრივნის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.40%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 18.02/25.02 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის არამხოლოდ დოლართან, არამედ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც მკვეთრად გაუფასურდა და უკვე მეორე კვირაა ტენდენცია შეცვლილია. მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან უმეტესთან მიმართებით გაუფასურებული იყო, ხოლო მეორე კვირას კი - უმეტესთან გამყარებული. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი, შერჩეული ვალუტებიდან ხუთთან გამყარებული იყო, ხოლო დანარჩენ ხუთთან კი - გაუფასურებული. პირველი თვის ბოლო კვირას კი - ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული. ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ამგვარი ტენდენცია თებერვლის პირველი ორი სავაჭრო კვირაც გაგრძელდა, მაგრამ მესამე კვირას ლარის გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესთან გაუფასურდა.

თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ რუბლთან და გრივნასთან გამყარდა. სხვა დანარჩენთან კი - გაუფასურდა. გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით 4.83%-ითაა გამყარებული. ლარი რუსულ ვალუტასთან მცირედით, 0.06%-ით წინა კვირასაც იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან კი, ლარი რუბლთან მიმართებით ყველაზე მეტით, 9.26%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში, რუბლის შემდეგ მაღალი გამყარება უკრაინულ გრივნასთან, 7.68%-ია. თუმცა, გასულ კვირას უკრაინულ ვალუტასთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ 0.51%-ით გამყარდა. აღნიშნული დოლართან მიმართებით გრივნის მდგომარეობიდან გამომდინარე მცირედით გამყარებაა.

რაც შეეხება გაუფასურებას, გასულ კვირას ლარი საშუალოდ 5.01%-ით გაუფასურდა. მათ შორის, თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 6.12%-ით ჩინურ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარი იუანთან მიმართებით 2.59%-ითაა გაუფასურებული, რადგან თებერვლის ბოლო კვირამდე მყარდებოდა. მსოფლიოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყნის ვალუტის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით, 5.98%-ით აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებით გაუფასურდა. ამ პერიოდში, ლარი მეორე მეზობელი - სომხეთის ვალუტასთანაც 5.56%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, გარდა რუბლი და გრივნისა, დანარჩენთან გაუფასურდა. შესაბამისად, ამ პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გაუფასურებულია. გასულ კვირას ეფექტური კურსი 2.68%-ით გაუფასურებული, რაც წინა კვირასაც 0.67%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 1.59%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 22.02%-ია.

თებერვლის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 135.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.33%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეშვიდე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.85% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 25.06%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 25.45% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მერვე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გამყარებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი იაფდება.