მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი კვლავ გამორჩეულია, ლირა მკვეთრად გაუფასურებული - კვირის სავალუტო მიმოხილვა (19.11 – 26.11)

61a35ad0ef839
ეგნატე შამუგია
29.11.21 08:00
1840
ლარი მეორე კვირაა ახერხებს იყო გამორჩეული, ხოლო ზედიზედ მეოთხე კვირაა მყარდება. ნოემბრის მეოთხე კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.098 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.115-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.56%-იანი გამყარებაა, რაც წინა კვირას 1.30%-ით იყო გამყარებული. ნოემბრის მეორე კვირას ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 0.47%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. ამდენად, მიმდინარე თვეს ლარის ნომინალური გაცვლით კურსი, დოლართა მიმართებით, 2.14%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, უფრო მეტით, 5.94%-იანი გამყარებით გამოირჩევა.
 
გასულ კვირას ლარი გამორჩეული იყო, რადგან ამ პერიოდში სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან მხოლოდ ლარია გამყარებული, დანარჩენი გაუფასურებულია. ნოემბრის მეოთხე კვირას კვლავ მაღალი ნიშნულით გაუფასურებული თურქული ლირაა. ამ უკანასკნელის მკვეთრი გაუფასურება კი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის „მონეტარულ ექსპერიმენტს“ - მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ ცენტრალური ბანკის წნეხს და ამ უკანასკნელის მიერ პოლიტიკის მკვეთრ შემსუბუქებას უკავშირდება. გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 7.79%-ით გაუფასურდა, რაც ნოემბრის მესამე კვირას 12.89%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, მიმდინარე თვეს თურქეთის ეროვნული ვალუტა 27.55%-ითაა გაუფასურებული, რაც ოქტომბერში 8.45% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 63.54%-ითაა გაუფასურებული. ლირის ბოლო პერიოდის მკვეთრი გაუფასურება კი თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა.

ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას გარდა თურქული ლირსა, საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნის ვალუტებიც მკვეთრად გაუფასურდა. გასულ კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით 2.78%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 0.90% იყო. მიმდინარე თვეს რუბლი 5.55%-ითაა გაუფასურებული, რაც შეიძლება ბოლო კვირას ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდებოდეს. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, შედარებით ნაკლებით, 2.03%-ითაა გაუფასურებული. ლირა და რუბლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულით, შერჩეული ვალუტებიდან, უკრაინული გრივნა გაუფასურდა. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.95%-ითაა გაუფასურებული, რაც მიმდინარე თვეს 3.01%-ია. ბოლო პერიოდში უკრაინული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე, გრივნა 4.41%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით. 7.06%-ით სომხური დრამია გამყარებული, მაგრამ ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას სომხური ვალუტა 1.67%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 19.11 – 26.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 22.11 – 26.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობაში დაბალია. გასულ კვირას ლარის ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.23%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.46% იყო. ამდენად, ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.56% გამყარების ფონზე, შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით სამეზობლოს ვალუტებზე. გასულ კვირას 7.79%-იანი გაუფასურების პირობებში თურქული ლირის მერყეობა 4.28%-ს აღწევდა, რაც წინა კვირას ოდნავ მეტი, 4.76% იყო. ლირის შემდეგ მაღალი მერყეობით სომხური დრამი გამოირჩევა. კერძოდ, გასულ კვირას სომხური დრამი 1.67%-იანი გაუფასურების ფონზე 0.70%-ით მერყეობდა. ამავე პერიოდში რუბლის ყოველდღიური გაცვლითი კურსი სავაჭრო კვირის საშუალოსთან მიმართებით 0.57%-ით იხრებოდა, ხოლო ამავე პერიოდში რუბლი დრამზე უფრო მეტით, 2.78%-ით გაუფასურდა. ამდენად, თურქული ლირის შემდეგ, არასახარბიელო მდგომარეობაში რუსული რუბლი იყო. რუბლთან შედარებით უფრო ნაკლებით, 1.95%-ით უკრაინული დრამი იყო გაუფასურებული, რომლის მერყეობა 0.51%-ს აღწევდა. შესაბამისად, გასული კვირა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ვალუტებისთვის არასახარბიელო იყო. თუმცა, გამონაკლისი ჩინური იუანია, რომელიც მხოლოდ 0.07%-ით გაუფასურდა და მერყეობა მცირე, 0.05% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 19.11/26.11 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირა, მსგავსად წინა კვირისა, არამხოლოდ დოლართან მიმართებით, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებთან მიმართებითაც ლარისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობის ამსახველი იყო. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართ გამყარდა. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური კურსი საშუალოდ 2.05%-ითაა გაუფასურებული, რაც ნოემბრის მესამე კვირას საშუალოდ 2.70%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას, თურქული ლირა, ლართან მიმართებით, 8.55%-ით გაუფასურდა, რაც წინა პერიოდში 11.94% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის შეწონილი კურსი ლირასთან მიმართებით ყველაზე მეტით, 41.92%-ითა გამყარებული. გარდა ლირისა, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით, უკრაინულ გრივნას, რუსულ რუბლთან და დრამთანაა გამყარებული.

ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირა ლარის ნომინალური კურსი რუბლთან მიმართებით 3.20%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 2.77% იყო, ხოლო ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას კი - 1.29%-ით. ამდენად, ზედიზედ მკვეთრი გამყარების შემდეგ, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი რუბლთან მიმართებით 6.52%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში შედარებით ნაკლებით, 1.17%-ით უკრაინულ გრივნასთან, რაც ბოლო ორ კვირის მკვეთრი გამყარების შედეგია. კერძოდ, გასულ კვირას გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით 2.42%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 2.77% იყო. ნოემბრის მეოთხე კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი კიდევ ერთი მეზობელი და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან - სომხურ დრამთან მიმართებით, 2.21%-ით გამყარდა, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი დრამთან 1.79%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის მკვეთრი ცვლილება ეფექტურ კურსზეც მკვეთრად აისახა. თუკი, ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 2.17%-ით იყო გამყარებული, ეს მაჩვენებელი ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ორჯერ უფრო მეტი, 4.55%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა ორი კვირის მანძილზე ლარის ეფექტური ნომინალური კურსი ორჯერ მეტით იყო გამყარებული. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 127.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.18%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.92% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის შემცირებაზე.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 14.49%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 9.83% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის, როგორც წინა პერიოდთან, ასევე წლიურ ჭრილში გამყარების უფრო მაღალი ნიშნული, ამავე პერიოდის იმპორტზე ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირი.