მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი კვლავ მყარდება - სავალუტო მიმოხილვა (14.01 – 21.01)

61ec661fba3e2
ეგნატე შამუგია
24.01.22 08:00
2829
რიგით მეორე კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მყარდება. მიმდინარე წლის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.077 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.083-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.20%-იანი გამყარებაა, რაც წლის მეორე სავაჭრო კვირას უფრო მეტით, 0.49%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გასულ კვირას შედარებით ნაკლებით გამყარდა, ვიდრე წინა პერიოდში. დოლართან მიმართებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება გასული წლის, განსაკუთრებით ბოლო კვარტალის ტენდენციის გაგრძელებაა, რადგან მთლიანი წლის მანძილზე ნომინალური გაცვლითი კურსი 6.19%-ით გამყარდა. დეკემბერში კი ლარის გამყარება 2.09% იყო.
 
გარდა ლარისა, გასულ კვირას, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, კიდევ სამი გამყარდა. კერძოდ, იანვრის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ყველზე მეტით, 0.81%-ით თურქული ლირა გამყარებული. ლირა წინა კვრისაც ყველაზე მეტით, 2.36%-ით იყო გამყარებული. ეს კი ამ უკანასკნელისთვის მეტად უჩვეულოა, რადგან ბოლო რამდენიმე თვე მკვეთრად უფასურდებოდა. გაუფასურება მიმდინარე წლის პირველ კვირასაც იყო, როცა ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.25%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის სამი კვირის მანძილზე ლირა, დოლართან მიმართებით, 2.23%-ითაა გაუფასურებული, რაც გასულ წელს 78.81% იყო. შარშან ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი განსაკუთრებით მკვეთრად, 41.28%-ით, ნოემბერში გაუფასურდა. გასულ კვირას, ლირის შემდეგ, ჩინური იუანი და იაპონური იენი გამყარდა. ეს უკანასკნელი მანძილზე 0.33%-ითაა გამყარებული, ხოლო მიმდინარე პირველი სამი კვირის გამყარება შერჩეულებს შორის ყველზე მაღალი, 1.31%-ია. რაც შეეხება მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყნის ვალუტას, გასულ კვირას ჩინური იუანი, დოლართან მიმართებით, 0.25%-ით გამყარდა.

მიმდინარე წლის მესამე სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის დანარჩენი გაუფასურდა, რომელთა საშუალო გაუფასურების ნიშნული 0.72%-ია. წინა კვირას კი უმეტესობა გამყარებული იყო, ხოლო საშუალო მაჩვენებელი 1.03% იყო. შერჩეულ ვალუტებს შორის იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. კერძოდ, დოლართან მიმართებით, რუბლის გაუფასურებამ 1.04% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსული რუბლი წინა კვირასაც 0.31%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლი ყველაზე მეტით, 3.61%-ითაა გაუფასურებული. რუბლის შემდეგ კი ბრიტანული სტერლინგია გამორჩეულია, რადგან გასულ კვირას ამ უკანასკნელის გაუფასურებამ 0.90% შეადგინა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 0.54%-ითაა გამყარებული. გარდა რუბლისა და ბრიტანული სტერლინგსა, იანვრის მესამე სავაჭრო კვირას უკრაინული გრივნა, ევრო და დრამი გაუფასურდა. მათ შორის, ამ უკანასკნელის გაუფასურება ყველაზე ნაკლები, 0.24%-ია. გასულ კვირას უკრაინული გრივნა 0.79%-ით გაუფასურდა, ხოლო ამავე პერიოდში ევროს ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ 0.63% შეადგინა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 14.01– 21.01 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 17.01 – 21.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელის ლარისთვის არამხოლოდ გამყარების კუთხითაა გამოკვეთილი, არამედ მერყეობის მხრივაც სტაბილურია. თუ წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.09%-ით იხრებოდა და მეორე კვირას ეს მაჩვენებელი 0.16% იყო, გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალოსთან მერყეობა მხოლოდ 0.12%-ს შეადგენს. ამდენად, წინა პერიოდთან შედარებით ლარი უფრო სტაბილურია, მაგრამ შერჩეულებს შორის ლარზე უფრო სტაბილური ორი სხვა ვალუტა იყო. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ყველაზე სტაბილური ჩინური იუანია, რადგან კვირის მანძილზე მერყეობამ მხოლოდ 0.10% შეადგინა. გარდა ჩინური ვალუტისა, 0.79%-იანი გაუფასურების მიუხედავად, დაბალი, 0.11%-იანი მერყეობით უკრაინული გრივნა გამოირჩევა. კვირის მანძილზე შედარებით მაღალი არასტაბილურობა რუბლს და ლირას ახასიათებდა. ეს უკანასკნელი 0.81%-იანი გაუფასურების ფონზე საშუალოდ 0.48%-ით მერყეობდა. თუმცა, გასული კვირა მძიმე რუბლისთვის აღმოჩნდა, რადგან ყველაზე მეტით გაუფასურების პირობებში, ყველაზე მეტით, 0.63%-ით მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 14.01/21.01 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან უმეტესთან მიმართებით გაუფასურებული იყო, ხოლო მეორე კვირას კი - უმეტესთან გამყარებული. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი, შერჩეული ვალუტებიდან ხუთთან გამყარებულია, ხოლო დანარჩენ ხუთთან გაუფასურებული. გასულ კვირას ლარი საშუალოდ 0.78%-ითაა გამყარებული, ხოლო გაუფასურების საშუალო მაჩვენებელი 0.32%-ია.

წინა კვირის მსგავსად, გასულ კვირასაც ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით უკრაინულ გრივნასთანაა გამყარებული. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ლარი გრივნასთან 1.24%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას უფრო მეტი, 2.01% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის შეწონილი კურსი სწორედ გრივნასთან, ყველაზე მეტით, 3.95%-ით გამყარებული. ამ პერიოდში უკრაინული გრივნის შემდეგ, ლარი 2.37%-იანი გამყარებით რუსულ რუბლთან გამორჩევა. გასულ კვირას კი რუბლთან ლარის გამყარებამ 0.43% შეადგინა, რაც წინა პერიოდში 0.45% იყო. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის კურსი შედარებით მაღალი ნიშნულებით ევროს და ბრიტანულ სტერლინგთანაც გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი სტერლინგთან 1.11%-ითაა გამყარებული, ხოლო ევროსთან ეს მაჩვენებელი 1.02%-ია. რაც შეეხება გაუფასურებას - გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, თურქულ ლირასთან გაუფასურდა, რომელიც, თავის მხრივ, მეორე კვირაა დოლართან მიმართებით ყველზე მეტით მყარდება. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისთან შედარებით ლარი ამ უკანასკნელთან 0.65%-ით მაინც გამყარებულია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მიმდინარე წლის მესამე სავაჭრო კვირას ლარის თურქულ ლირასთან გაუფასურდა, მაგრამ ევრო, რუბლი და გრივნასთან გამყარდა. ეს კი ეფექტური კურსის ინდექსზე დადებითად აისახა, რადგან ევროზონასთან სავაჭრო მაჩვენებლებიდან გამომდინარე ინდექსში ევროს წვლილი 18.1%-ია, ხოლო რუბლი და გრივნის კი - 14.6% და 6.7%-ები. ამდენად, იანვრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით, 0.16%-ით გამყარდა. წლის მეორე სავაჭრო კვირას მდგომარეობა განსხვავებული იყო, რადგან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.10%-ით იყო გაუფასურებული. ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსისთვის გაცილებით პოზიტიური იანვრის პირველი კვირა იყო, რადგან ამ პერიოდში ეს უკანასკნელი 1.53%-ით იყო გამყარებული.

იანვრის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 132.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.05%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრ სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეორე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.23% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის ზრდაში.
აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 20.27%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 11.30% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი ძვირდება.