27.დეკემბერი .2021 08:00

ლარი ლირასთან 40%-ით გაუფასურდა - კვირის სავალუტო მიმოხილვა (17.12 – 24.12)

ლარი ლირასთან 40%-ით გაუფასურდა - კვირის სავალუტო მიმოხილვა (17.12 – 24.12)
views 2292
უკან

ლარის გამყარებას განაგრძობს. დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.081 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.088-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.24%-იანი გამყარებაა, რაც წინა კვირას უფრო მეტით, 0.34%-ით იყო გამყარებული. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას 0.70%-ით გაუფასურდა. სხვა პერიოდში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა მყარდებოდა. შედეგად, ნოემბერში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.27%-ით გამყარდა, რაც დეკემბერში 2.36%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 6.45%-ითაა გამყარებული.
 
გასულ კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ყველა ვალუტა გამყარდა. მათ შორის, ლარის გამყარების ნიშნული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. თუმცა, წინა რამდენიმე კვირისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო თურქეთში. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან თურქული ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 120.19%-ით იყო გაუფასურებული, რაც დღევანდელი მდგომარეობით 54.58%-ითაა შემცირებული. ამის მიზეზი კი გასულ კვირას თურქული ლირის მასშტაბური, 29.91%-იანი გამყარებაა. აღნიშნული დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას 18.05%-იანი გაუფასურება იყო, რომელიც მსგავსად წინა პერიოდებისა, ცენტრალური ბანკის მიერ 20.0%-იანი ინფლაციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის 14.0%-მდე შემსუბუქებას უკავშირდებოდა. გასული კვირის გამყარება კი, არაოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო მხარდაჭერილ მასშტაბურ საბაზრო ინტერვენციებს უკავშირდება. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე დიდი მოცულობის დოლარის გაყიდვას, რაც გაცვლით კურსზე დადებითად აისახა. ამავდროულად, გასული კვირის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ადგილობრივი ვალუტაში დეპოზიტების დაცვის გეგმა წარადგინა, რომლის მიზანი ადგილობრივების მიერ დეპოზიტების ლირაში ფლობის წახალისებაა. აღნიშნულიც, დოლართან მიმართებით, ლირის ნომინალურ გაცვლით კურსზე გამყარების კუთხით აისახა.

დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირის თურქული ლირის მასშტაბური გამყარების შემდეგ, შედარებით მაღალი ნიშნულით ბრიტანული სტერლინგი, სომხური დრამი და რუსული რუბლია გამყარებული. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ხანგრძლივი პერიოდის თავშეკავების შემდეგ, ინგლისის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა. ამავე პერიოდში, მონეტარული პოლიტიკა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა, რაც დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას სომხური დრამის გამყარებაში აისახა. წინა კვირას სომხური ვალუტა, დოლართან მიმართებით, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 2.54%-ით იყო გამყარებული, რაც გასულ კვირას 1.20%-იანი გამყარებით გამოირჩევა. დრამი არამხოლოდ ბოლო ორი კვირის, არამედ წლიურ ჭრილშიც გამორჩეული ვალუტაა. პირველი იანვრიდან დღემდე სომხური ვალუტა, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 8.09%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში რუბლი ნაკლებად გამორჩეულა, რადგან მხოლოდ 0.91%-ითაა გამყარებული, მაგრამ გასულ კვირას რუსული ვალუტა 1.01%-ით იყო გამყარებული. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას კი რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურებული იყო.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 17.12 – 24.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 20.12 – 24.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით არასტაბილური იყო, რადგან ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.20%-ით იხრებოდა, როცა ეს მაჩვენებელი წინა კვირას მხოლოდ 0.07% იყო. დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას, წინა პერიოდების მსგავსად, ყველაზე სტაბილური ვალუტა კვლავ ჩინური იუანია. გასულ კვირას ჩინური ვალუტის მერყეობა მხოლოდ და მხოლოდ 0.05% იყო, რაც დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას 0.06% -ს შეადგენდა. ყველაზე მეტად არასტაბილური კი კვლავ თურქული ლირა იყო. თუ წინა პერიოდში ლირის მკვეთრი არასტაბილურობა მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდებოდა, გასულ კვირას გაცვლითი კურსის მერყეობა მკვეთრი გამყარებითაა გამოწვეული. თურქული ვალუტის 29.91%-იანი გამყარების ფონზე, ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 6.59%-ით იხრებოდა. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას, 18.05%-იანი გაუფასურების პირობებში, ლირის მერყეობა 6.78% იყო. ამდენად, მერყეობის კუთხითაც ლირის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 17.12/24.12 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სამ ვალუტასთან მიმართ იყო გაუფასურებული, დეკემბრის მესამე ასეთი ოთხი ვალუტაა. მათ შორის, ყველაზე მეტით ლარის კურსი ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყნის - თურქეთის ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. გასულ კვირას თურქული ლირა დოლართან მიმართებით 29.91%-ით გამყარდა, ხოლო ლართან კი - 39.94%-ით. ამდენად, ლირამ ლართან მიმართებით პოზიციები გაცილებით მკვეთრად დაიბრუნა, ვიდრე დოლართან. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ლარი ყველაზე მეტით, 40.58%-ით სწორედ თურქულ ლირასთან მიმართებითაა გამყარებული. ლირის შემდეგ, ყველაზე მეტით ლარის საშუალო შეწონილი გაცვლით კურსი იმ ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა, რომლებიც გასულ კვირას სწორედ ლირის შემდეგ, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტითაა გამყარებული. დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ბრიტანულ სტერლინგთან 0.53%-ითაა გაუფასურებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 7.92%-იანი გამყარებით გამოირჩევა. განსხვავებით ბრიტანული ვალუტისა, წლიურ ჭრილში სომხური დრამი ლართან მიმართებით სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულთა შორი ერთადერთი ვალუტაა, რომელიც გამყარდა. პირველი იანვრიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი გავლით კურსი დრამთან მიმართებით 2.36%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას კი გაუფასურების ნიშნულმა 0.36% შეადგინა, რაც რუსული რუბლის შემთხვევაში შედარებით ნაკლები, 0.22% იყო.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი დანარჩენ ექვს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, რაც საშუალოდ 0.43%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლარის საშუალო გამყარება შვიდ ვალუტასთან მიმართებით უფრო მეტი, 2.83% იყო. დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 1.09%-ით ჩინურ იუანთან მიმართებითაა გამყარებული. თავად ჩინური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.12%-ით იყო გამყარებული. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში ჩინეთმა რუსეთი ჩაანაცვლა და საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა გახდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარი ჩინურ ვალუტასთან 3.53%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას ლარი შერჩეული ვალუტებიდან უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით მასშტაბურად, 39.94%-ით გაუფასურდა, რაც ნომინალური ეფექტური კურსის ნიშნულში მკაფიოდ აისახა, რადგან ეფექტური კურსის ფორმირებაში ლირის წილი 17.5%-ია. ამდენად, დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მკვეთრად გაუფასურდა. კერძოდ, გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.61%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 3.33%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 130.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 3.10%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 1.20% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის ზრდაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური. გაცვლითი კურსის ინდექსი 16.88%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 20.11% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლების კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გამყარებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო იაფია.