მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა

5ff32399f23bc
თამთა ჯიჯავაძე
04.01.21 21:14
1443
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი ჯერ ისევ არ გამოცხადებულა. ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილმა კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული პოზიცია ოფიციალურად პარლამენტში დეპუტატის მანდატით შესვლის შემდეგ დატოვა, რის შედეგადაც პოსტი ვაკანტურია.

როგორც ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, ისეთ პერიოდში, როდესაც ტურიზმის ინდუსტრია კრიზისშია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელის გარეშეა.

„ჩემი აზრით, საერთოდ არ სჭირდება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი, ვინაიდან ისინი საერთოდ სხვაგან არიან და კერძო სექტორი საერთოდ სხვაგან არის. მაგრამ რადგან არსებობს და ბიუჯეტიდან აქვს ამ უწყებას დაფინანსება, სამწუხაროა, რომ ამ კრიზისში მას ხელმძღვანელი არ ჰყავს. ეს წარმოუდგენელია. შერჩევის პროცესი კიდევ ცალკე პრობლემაა... კულუარული შერჩევა და ა.შ“, - განაცხადა ტუროპერატორმა.

მისივე თქმით, ამ კრიზისში საჭიროა სწრაფი ნაბიჯები ტურიზმში, სანაცვლოდ კი „ქვეყანაში ნელი, გაურკვეველი და გადადებული ნაბიჯები იდგმება“.

„ახლა საჭიროა სწრაფად არჩეული ხელმძღვანელი, რომელსაც ექნება ნათელი გეგმა. ტურიზმში ახლა რა კოლაფსიც გვაქვს, მასზე ერთი პასუხისმგებელი პირი არ არსებობს. ანუ ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ტურიზმი პრიორიტეტული დარგია, ამდენი თვის განმავლობაში არ ჰყავს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო სტრესავს სექტორს“, - აცხადებს ტუროპერატორი.

ის ასევე უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს საჯარო სექტორს და დასძენს, რომ აუცილებელია კონსულტაციები კერძო სექტორთან, ვინაიდან კერძო სექტორმა უნდა იცოდეს თუ რა პრიორიტეტები და გეგმები აქვთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატებს.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2019 წლის თებერვალში კონკურსის შედეგად დაინიშნა, მაშინ მინისტრი გიორგი ქობულია იყო.

ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.