მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მცირედით გამყარდა, დრამი მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (09.09 – 16.09)

63259144306db
ეგნატე შამუგია
19.09.22 08:00
2059
ჯერ კიდევ აგვისტოს მეორე კვირიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია მკვეთრი გაუფასურებისკენ შეიცვალა, რაც სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას შეიცვალა. სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.832 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.839-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.24%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 36-ე სავაჭრო კვირას 1.54% იყო. ამდენად, ლარის ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გაუფასურება, მეორე კვირაა გამყარებით შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 8.28%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ითაა გაუფასურებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 2.16%-იანი გამყარებაა.
 
გასულ კვირა ლარის გარდა კიდევ ერთი ვალუტა გამყარდა, დანარჩენი კი გაუფასურებულია. სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 1.13%-ითაა გამყარებული. რუბლი წინა კვირას თითქმის უცვლელი იყო, რადგან მხოლოდ 0.03%-ით გაუფასურდა. საერთო ჯამში, ბოლო თვეების მანძილზე რუბლის მკვეთრი გამყარების შედეგად, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 19.11%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში რუბლის შემდეგ მაღალი, 13.42%-იანი გამყარებით სომხური დრამი გამოირჩევა. თუმცა, გასულ კვირას დრამი გაუფასურებულია.

სექტემბერს მეორე სავაჭრო კვირას, სავაჭრო კალათი მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მეტით, 3.21%-ით სომხური დრამი გაუფასურდა. ამ უკანასკნელის მიზეზი გასულ კვირას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლებაა. გარდა სომხური დრამისა, კვირის მანძილზე ბრიტანული სტერლინგი (1.47%), ჩინური იუანი (12.5%), ევრო (0.66%) და იაპონური იენი (0.66%) გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 09.09 – 16.09 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ფიგურა 2: 12.09 – 16.09-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

რამდენიმე თვის მანძილზე რუსული რუბლი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტად მერყევი იყო. აღნიშნულ წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიცვალა, ხოლო გასულ კვირას ტენდენციის ცვლილება მეტად თვალშისაცემია. სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის ყველზე არასტაბილური რუბლი არ არის.

სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 3.21%-ით დრამი გაუფასურდა. ამ ფონზე სომხური ვალუტის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.33%-ით მერყეობდა, რადგან დრამის მკვეთრი გაუფასურება სავაჭრო კვირის შუა პერიოდიდან დაიწყო. დრამი წინა კვირას 0.04%-იან მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე მეტად სტაბილური ვალუტა იყო. ამ პერიოდში უფრო დაბალი, 0.03%-იანი მერყეობა თურქულ ლირას ახასიათებდა, რაც გასულ კვირას უკვე 0.09%-ია, მაგრამ მაინც შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე სტაბილურის პოზიციას ინარჩუნებს. ლირის შემდეგ სტაბილურობით ლარი გამოირჩევა, რადგან კვირის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.12%-ით იხრებოდა. სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის მერყეობა 0.43%-ს შეადგენდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 09.09/16.09(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ზედიზედ ოთხი სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილი იყო. თუკი ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარის კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით უფრო მეტად მყარდებოდა, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას შეწონილი ნომინალური კურსი ათივე შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. ასეთივე სურათი იყო მეოთხე სავაჭრო კვირასაც, სადაც საშუალოდ ლარის ნომინალური შეწონილი კურსი 2.01%-ით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მკვეთრად, დოლარი, სტერლინგი, აზერბაიჯანული მანათი და იაპონურ იენთან. აგვისტო-სექტემბრის საზიარო კვირას მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, რადგან ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ათი შერჩეული ვალუტიდან ორთან გამყარდა. დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 1.12%-ით იყო გაუფასურებული.

სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, რაც გასულ კვირასაც გაგრძელდა. სექტემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 1.69%-ით იყო გამყარებული, რაც მეორე სავაჭრო კვირას საშუალოდ 1.51%-ია. კვირის მანძილზე ლარი ყველაზე მეტით, 4.08%-ით სომხურ დრამთან გამყარდა, რომელიც თავად დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით არის გაუფასურებული. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დრამთან მიმართებით 5.05%-ითაა გაუფასურებული.

სომხური დრამის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით, 2.47%-ით სტერლინგთან გამყარდა. ლარი ამ უკანასკნელთან წინა კვირასაც, 0.69%-ით იყო გამყარებული. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ბრიტანულ ვალუტასთან 22.76%-ითაა გამყარებული. სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის კურსი დრამი და სტერლინგის შემდეგ, მაღალი ნიშნულით იუანი, იენი და ევროსთან გამყარდა. თავად ეს ვალუტები დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურებულია. გასულ კვირას ლარი ჩინურ ვალუტასთან 1.92%-ით გამყარდა, ხოლო იაპონურ იენთან კი - 1.83%-ით. სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 1.72%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 19.40%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან ყველასთან გამყარდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის მკვეთრ გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 1.28%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.55%-ით გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 18.72%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 30.49%-ია.

სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 154.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.50%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 36-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.27% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 30.21%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 29.33% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 37-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.