მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მკვეთრ გამყარებას განაგრძობს- სავალუტო მიმოხილვა (28.01 – 04.02)

620002b45b1c3
ეგნატე შამუგია
07.02.22 08:00
16483
თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი 3.0-იან ნიშნულზე დაბლაა. მიმდინარე წლის მეხუთე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.975 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.045-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 2.30%-იანი გამყარებაა, რაც წლის მეოთხე სავაჭრო კვირას უფრო ნაკლებით, 1.03%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გასულ კვირას გაცილებით მეტით გამყარდა, ვიდრე წინა პერიოდში. თუმცა, თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ზოგი ლარზე უფრო მეტით იყო გამყარებული. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 3.66%-ითაა გამყარებული. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა წელსაც გამყარებული იყო. კერძოდ, 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 6.19%-ით იყო გამყარებული.
 
მართალია თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას ლარი მაღალი ნიშნულით გამყარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტით რუბლი და ევროა გამყარებული. მიმდინარე წლის მეხუთე სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 3.73%-ით გამყარდა. წინა კვირას ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.03% იყო. მიუხედავად თებერვლის დასაწყისის მკვეთრი გამყარებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული ვალუტა 0.88%-ით გაუფასურებულია, რადგან წლის პირველ სავაჭრო კვირებში უფასურდებოდა. ევროს შემთხვევაში კი პირიქით, პირველი სავაჭრო კვირიდან დღემდე 1.34%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას კი ევროპული ვალუტა 2.65% -ით გამყარდა. ამ პერიოდში კიდევ ერთი ევროპული ვალუტა, ბრიტანული სტერლინგი 0.94%-ით გამყარდა, რომელიც წინა კვირას 1.04%-ით იყო გაუფასურებული.

თებერვლის პირველ სავაჭრო კვირის სავალუტო მიმოხილვიდან კიდევ ერთი აღსანიშნავია ფაქტი უკრაინული გრივნის გამყარებაა. წლის დასაწყისიდან შერჩეულ ვალუტებს შორის მკვეთრად გრივნა უფასურდებოდა, რაც უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის რისკებს უკავშირდება. თუმცა, ბოლო ცნობებით, ასეთი რისკები შედარებით შემცირებულია, რაც შეიძლება ითქვას რომ გრივნის კუთხითაც აისახა. გასულ კვირას უკრაინული გრივნა 2.07%-ით გამყარდა, რაც იანვრის მეოთხე სავაჭრო კვირას 2.23%-ით იყო გამყარებული. საბოლოოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინული ვალუტა 3.02%-ითაა გაუფასურებული. ოდნავ მეტით, 3.20%-ით კი - თურქული ლირა. გასულ კვირას კი ლირის გამყარება მხოლოდ 0.04% იყო.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 28.01– 04.02 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 31.01 – 04.02-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

წინა კვირის მსგავსად, თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას ლარი მკვეთრად არასტაბილური იყო, რომლის მიზეზი მკვეთრი გამყარებაა. გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.97%-ით იხრებოდა. იანვრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის მერყეობა 0.36%-ით იხრებოდა. წინა პერიოდებში კი ამ მხრივ ლარი საკმაოდ სტაბილური იყო. თუ წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.09%-ით იხრებოდა და მეორე კვირას ეს მაჩვენებელი 0.16% იყო, წინა კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალოსთან მერყეობა მხოლოდ 0.12%-ს შეადგენდა. ამდენად, წინა კვირებთან შედარებით ლარი არასტაბილურია, მაგრამ მთლიანობაში სხვა ვალუტებიც უფრო მეტად არასტაბილურია. მათ შორის, რუსული რუბლის მერყეობამ 1.02% შეადგინა. გარდა ლარი და რუბლისა, მაღალი მერყეობა ახასიათებდა თურქულ ლირასა და ევროს. კერძოდ, თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას ევროს მერყეობა 0.87%-ს შეადგენდა, ხოლო თურქული ლირის კი - 0.83%-ს.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 28.01/04.02 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირისგან განსხვავებით ლარი დოლართან მიმართებით ორჯერ უფრო მეტით გამყარდა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებს შორის რამდენიმესთან გაუფასურდა, მაგრამ უმეტესობასთან მიმართებით გამყარებულია. წინა კვირას ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან უმეტესთან მიმართებით გაუფასურებული იყო, ხოლო მეორე კვირას კი - უმეტესთან გამყარებული. იანვრის მესამე სავაჭრო კვირას, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი, შერჩეული ვალუტებიდან ხუთთან გამყარებული იყო, ხოლო დანარჩენ ხუთთან კი - გაუფასურებული.

თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 0.75%-ით გაუფასურდა, ხოლო რუსულ რუბლთან კი - 0.53%-ით. წინა კვირას კი რუბლთან მიმართებით ლარი 2.73%-ითაა გამყარებული. მესამე, რომელთანაც ლარი თებერვლის პირველ კვირას გაუფასურდა, ეს გრივნაა. კერძოდ, მიმდინარე წლის მეხუთე კვირას ლარი გრივნასთან მიმართებით 0.07%-ით გაუფასურდა. დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით მეზობელი ქვეყნის - აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტასთან. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 2.22%-ით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის შემდეგ, ყველზე მეტით ლარი ჩინურ იუანთან, 2.14%-ით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი ჩინურ ვალუტასთან 3.54%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში ლარი სომხურ დრამთან 3.63%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირას 1.98%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მიმდინარე წლის მეხუთე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით უმეტესთან გამყარდა, რაც ნომინალურ ეფექტურ კურსზეც დადებითად აისახა. გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური კურსი 0.84%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 2.08%-ით იყო გამყარებული. თებერვლის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 135.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.61%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით უფრო არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეოთხე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა მხოლოდ 0.59% იყო. მესამე სავაჭრო კვირას კი მერყეობა 0.05% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 23.75%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 21.95% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეხუთე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი ძვირდება.