მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მკვეთრად გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (10.06 – 17.06)

62aef7a48b19f
ეგნატე შამუგია
20.06.22 08:00
3228
ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.936 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.956-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.66%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 23-ე სავაჭრო კვირასაც 0.23%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 4.92%-ითაა გამყარებული. აპრილში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა.
 
გასულ კვირას ლარზე უფრო მეტით რუსული რუბლი გამყარდა. ივნისის მეორე სავაჭრო კვირის ბოლო დღეს ბლუმბერგის პლატფორმაზე დოლართან მიმართებით რუბლის ღირებულება 1.66%-ით გაიზარდა, რაც წინა კვირასაც 8.16%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან კი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 22.90%-ით სწორედ რუბლია გამყარებულია. ამ დროისთვის რუბლი ომამდე პერიოდთან შედარებით, 31.75%-ით უფრო მყარია. ადრეულ პერიოდში რუბლის გამყარება მეტწილად მონეტარულ პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას და კაპიტალის კონტროლს უკავშირდებოდა (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). თუმცა, გასულ კვირას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ომამდე ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო კაპიტალის კონტროლი შედარებით შემსუბუქებულია.

ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარი და რუბლის გარდა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ჩინური იუანი გამყარდა, სხვა დანარჩენი გაუფასურებულია. გასულ კვირას, იუანის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მცირედით, 0.10%-ით გამყარდა. ამ პერიოდში, ყველაზე მეტით, 1.27%-ით თურქული ლირა გაუფასურდა, რაც წინა კვირასაც ყველაზე მეტით, 4.06%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ყველაზე მეტით, 32.02%-ით სწორედ თურქული ვალუტაა გაუფასურებული, რაც გასულ წელს 78.81% იყო. კვირის მანძილზე გარდა ლირისა, შედარებით მკვეთრი, 0.90%-იანი გაუფასურებით სომხური დრამი გამოირჩეოდა, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლის შემდეგ, ყველაზე მაღალი, 12.31%-იანი ნიშნულითაა გამყარებული. გარდა ამისა, ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.47%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 10.06 – 17.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 13.06 – 17.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

უკვე ტრადიციად იქცა რუსული რუბლის მაღალი მერყეობა. გასული კვირასაც ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა, მაგრამ წინა პერიოდებთან შედარებით დაბალი. ივნისი მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.60%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 3.51% იყო. გარდა რუბლისა, გასულ კვირას, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებსაც შედარებით მაღალი მერყეობა ახასიათებდა.

თუმცა, სხვებთან შედარებით ლარის მერყეობა არც თუ ისე მაღალი, 0.44% იყო. ამ პერიოდში 1.17%-იანი მერყეობით ბრიტანული სტერლინგი გამოირჩეოდა. სტერლინგის შემდეგ, მაღალი, 1.06%-იანი მერყეობა სომხურ დრამს ახასიათებდა. ევროს ნომინალური გაცვლითი კურსის ყოველდღიური მაჩვენებელი კვირის საშუალოსთან მიმართებით 0.55%-ით იხრებოდა. ამ პერიოდში შედარებით დაბალი მერყეობა უკრაინულ გრივნას და თურქულ ლირას ახასიათებდა. კვირის მანძილზე ამ უკანასკნელის ყოველდღიური ნომინალურ გაცვლითი კურსის საშუალოსთან მიმართებით 0.21%-ით იხრებოდა, რაც გრივნას შემთხვევაში 0.20% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 10.06/17.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო. გაუფასურების საშუალო ნიშნული 4.47%-ს შეადგენდა, მაგრამ ივნისის კვირას მდგომარეობა შედარება შეიცვალა. ამ პერიოდში, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ რუბლთან და დრამთან გაუფასურდა, რომლებიც თავად დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარებულია. გასულ კვირას კი, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა.

ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ რუსულ რუბლთან, 0.39%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარებულია. კვირის მანძილზე ლარის გამყარება საშუალოდ 1.88%-ია, სადაც ყველაზე მაღალი ნიშნულით, 2.71%-ით ლირასთანაა გამყარებული. ლარი ლირასთან წინა კვირასაც ყველაზე მეტით, 3.56%-ით იყო გამყარებული. ორივე კვირის პერიოდში თავად ლირა დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურებული იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 26.95%-ით თურქულ ლირასთანაა გამყარებული.

თურქული ლირის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი, 2.56%-ით ბრიტანულ სტერლინგთანაა გამყარებული. სტერლინგთან ლარი წინა კვირასაც, 1.21%-ით იყო გამყარებული. ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან დღემდე 13.88%-ია. გასულ კვირას ლარი დრამთანაც მკვეთრად არის გამყარებული. კერძოდ, ივნისის მეორე სავაჭრო კვირას, ლარის შეწონილი გაცვლითი კურსი სომხური ვალუტასთან 2.30%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 4.03%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 7.54%-ითაა გაუფასურებული, ხოლო ამ პერიოდში ყველაზე მეტით, 23.86% რუსულ რუბლთან.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარი, გარდა რუბლსა, სხვა შერჩეულ ვალუტებთან გამყარდა, რაც ინდექსის მკვეთრ გამყარებაზე აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 1.63%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.15%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 9.13%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 42.83%-ია.

ივნისის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 141.8-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.67%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 23-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.47% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 21.95%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 30.83% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 24-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.