04.ივლისი .2022 08:00

ლარი მკვეთრად გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (24.06 – 01.07)

ლარი მკვეთრად გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (24.06 – 01.07)
views 5198
უკან

ივნისის ბოლო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.876 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.934-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.99%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 25-ე სავაჭრო კვირასაც, მცირედით 0.06%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 6.87%-ითაა გამყარებული. მაისში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.50%-ითაა გამყარებული.
 
გასულ კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით სწორედ ლარია გამყარებული. მას შემდეგ, 1.34%-იანი გამყარებით თურქული ლირა გამოირჩევა. თურქული ვალუტა წინა კვირასაც 2.97%-ით იყო გამყარებული. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ყველაზე მეტით, 27.20%-ით სწორედ ლირაა გაუფასურებული. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირას სომხური დრამი და უკრაინული გრივნაც გამყარდა. გასულ კვირას დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.85%-ითაა გამყარებული, ხოლო უკრაინული გრივნა კი - 0.42%-ით.

კვირის მანძილზე შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 2.23%-ით ბრიტანული სტერლინგი, რომელიც წინა კვირას 0.49%-ით იყო გამყარებული. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, ბრიტანული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 12.28%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ევრო 8.89%-ითაა გაუფასურებული, რომელიც გასულ კვირასაც 1.74%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 24.06 – 01.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 27.06 – 01.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

უკვე ტრადიციად იქცა რუსული რუბლის მაღალი მერყეობა. გასული კვირასაც ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა, რაც წინა პერიოდებთან შედარებით გაზრდილია. ივნისი ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.98%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.17% იყო. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას რუბლის მერყეობა 1.60% იყო, ხოლო პირველ კვირას კი - 3.51%. ამდენად, წინა ორკვირიანი პერიოდში შედარებით სტაბილურის კვალობაზე, გასულ კვირას რუბლი უფრო არასტაბილური იყო. ამ პერიოდში სხვა ვალუტების მერყეობის დონე შედარებით შემცირებულია.

მაგალითად, წინა კვირას მაღალი, 1.36%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა, რაც გასულ კვირას 0.36%-ია. თუკი ივნისის მესამე სავაჭრო კვირას დრამის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.83%-ით იხრებოდა, ივნისის ბოლო კვირას ეს მაჩვენებელი 0.20%-ია, რაც ამ უკანასკნელის მკვეთრ სტაბილურობას მიუთითებს. თუმცა, სხვა ვალუტებთან მიმართებით განსხვავებული მდგომარეობაა. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა დაბალი, 0.23% იყო. გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.79%-ით იხრებოდა. ასეთი სურათია ბრიტანული სტერლინგის შემთხვევაში. კერძოდ, გასულ კვირას სტერლინგის მერყეობა 0.80%-ია, რაც წინა კვირას 0.11% იყო. რაც შეეხება ევროს, აღნიშნული ვალუტის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსის კვირის საშუალოსთან მიმართებით 0.75%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 24.06/01.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი წინა კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, გასულ კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ თურქულ ლირასთანაა გაუფასურებული. გასულ კვირას ლარი ლირასთან მიმართებით 2.72%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ყველაზე მეტით, 24.91%-ით სწორედ თურქულ ვალუტასთან მიმართებითაა გამყარებული.
სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან მიმართებით ლარი გამყარებულია. თუ ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 7.01%-ით რუსულ რუბლთან იყო გაუფასურებული, ივნისის ბოლო კვირას ლარი რუბლთან ყველაზე მეტით, 2.83%-ითაა გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ყველაზე მეტით, 28.79%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ლარი მხოლოდ რუბლთან და დრამთანაა გაუფასურებული. სომხური დრამის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 11.43%-ია.

გასულ კვირას რუბლის შემდეგ, ყველაზე მეტით, 2.81%-ით ლარი ბრიტანულ სტერლინგთან გამყარდა. ლარი აღნიშნულ ვალუტასთან წლის დასაწყისიდან დღემდე 15.83%-ითაა გამყარებული. ბრიტანული ვალუტის შემდეგ, 1.78%-იანი გამყარებით ლარის ევროსთან მიმართებით გამოირჩევა. სხვა დანარჩენ ვალუტებთან კი საშუალოდ 0.99%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარი, გარდა ლირისა, ყველა შერჩეულ ვალუტებთან გამყარდა, რაც ინდექსის გამყარებაში აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 0.74%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.58%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 8.21%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 20.73%-ია.

ივნისის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 140.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.72%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 25-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.33% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 18.85%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 19.70% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 26-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.