მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რუბლმა ტენდენცია დაიბრუნა - სავალუტო მიმოხილვა (27.05 – 03.06)

629c9886363e8
ეგნატე შამუგია
06.06.22 08:30
4700
მართალია, მაისის ბოლო სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეცვლილი იყო, მაგრამ მაის-ივნისის საზიარო კვირას მდგომარეობა შედარებით ადრეულ პერიოდს დაუბრუნდა, რადგან რუბლი კვლავ მასშტაბურად გამყარდა, ხოლო ლარი გაუფასურდა. პარალელურად, წინა პერიოდების მსგავსად, სომხურმა დრამა რუბლის ტენდენცია გაიზიარა.
 
მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.962 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.894-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 2.36%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 21-ე სავაჭრო კვირასაც 0.15%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 4.07%-ითაა გამყარებული. აპრილში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა.

გასულ კვირას რუსული რუბლი წინა პერიოდების ტენდენციას დაუბრუნდა. მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას რუბლი ყველაზე მეტით, 4.54%-ით გამყარდა. წინა კვირას რუბლი 6.80%-ით გაუფასურდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14.0% -დან 11.0%-მდე შეამცირა. წინა პერიოდში კი მყარდებოდა. გამყარება მეტწილად მონეტარულ პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას და კაპიტალის კონტროლს უკავშირდებოდა (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსული რუბლი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტი, 15.05%-ითაა გამყარებული.

გარდა რუსული რუბლისა, გასულ კვირას გამყარებით სომხური დრამიც გამოირჩეოდა, რომელიც ბოლო პერიოდში გამოკვეთილად რუბლის ტენდენციას იზიარებს. თუმცა, განსხვავებული წინა კვირა იყო, როცა დრამი 1.57%-ით იყო გამყარებული, ხოლო რუბლი გაუფასურებული. რაც შეეხება გასულ კვირას, მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას სომხური დრამი 2.90%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში კიდევ ორი ვალუტა - ჩინური იუანი და უკრაინული გრივნაა გამყარებული. მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას იუანი 0.58%-ით გამყარდა, ხოლო გრივნა კი - 0.21%-ით.

კვირის მანძილზე სხვა ვალუტები გაუფასურებულია. ყველაზე მეტით, 2.97%-ით იაპონური იენი, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქული ლირის შემდეგ, მაღალი, 13.49%-ითაა გაუფასურებული. 2021 წლის მსგავსად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 25.28%-ით სწორედ ლირაა გაუფასურებული. ლირა გასულ კვირაც 1.38%-ით გაუფასურდა. თურქული ვალუტის შემდეგ, 1.12%-იანი გაუფასურებით ბრიტანული სტერლინგი გამოირჩევა. ევროს შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.15%-ია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 27.05 – 03.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 30.05 – 03.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასული კვირის მანძილზე სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტების უმეტესობას წინა პერიოდთან შედარებით დაბალი მერყეობა ახასიათებდა. მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას რუსული რუბლის შემთხვევაში ბოლო პერიოდის ტრადიცია დაირღვა. რუბლის 4.54%-იანი გამყარების ფონზე, ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.89%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 7.28% იყო. ამდენად, რუბლის გამყარების ფონზე დასტაბილურდა.

გასულ კვირას ყველაზე მაღალი, 1.04%-იანი მერყეობა სომხურ დრამს ახასიათებდა, რომელიც კვირის მანძილზე 2.90%-ით იყო გამყარებული. ამავე პერიოდში 1.00%-იანი მერყეობით იაპონური იუანი გამოირჩევა. მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.74%-ით იხრებოდა, რაც მაისი ბოლო სავაჭრო კვირას 0.70% იყო. შესაბამისად, ლარი გასულ კვირას უფრო არასტაბილური გახდა. ამ პერიოდში განსხვავებული იყო ლირის ტენდენცია, რადგან მაისი ბოლო სავაჭრო კვირას 1.13%-იანი მერყეობის შემდეგ, გასულ კვირას აღნიშნულ 0.22%-მდე შემცირდა. თურქულ ლირაზე უფრო დაბალი მერყეობა მხოლოდ ჩინურ იუანს ახასიათებდა. კერძოდ, მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას ჩინური ვალუტა საშუალოდ 0.17%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 27.05/03.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

რუბლი ომამდე ნიშნულს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა, ხოლო შემდეგ გამყარება განაგრძო. ამავე პერიოდში ლარიც მყარდებოდა, მაგრამ შედარებით დაბალი ნიშნულით. შესაბამისად, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რამდენიმე კვირაა რუბლთან მიმართებით უფასურდებოდა. თუმცა, მაისის ბოლო სავაჭრო კვირას რუბლის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ლარი ყველაზე მეტით სწორედ რუსულ ვალუტასთან, 9.13%-ით გამყარდა. გასულ კვირას მდგომარეობა შეიცვალა, რადგან რუბლი დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით მკვეთრად, 10.43%-ით გაუფასურდა. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 15.85%-ით რუბლთანაა გაუფასურებული. სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის რუბლის შემდეგ, ასეთი სომხური დრამია, რადგან ლარის გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 5.81%-ითაა გაუფასურებული.

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით გასულ კვირას 6.62%-ით გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი არამხოლოდ რუბლსა და დრამთან, არამედ ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებულია. მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევრო და სტერლინგთან მიმართებით 3.91% და 3.34%-ებით გაუფასურდა. კვირის მანძილზე შედარებით დაბალი ნიშნულით, 1.18%-ით იაპონურ იენთანაა გაუფასურებული, რომელიც თავად დოლართან მიმართებით 2.97%-ით იყო გაუფასურებული. იაპონური ვალუტის შემდეგ თურქული ლირაა. გასულ კვირას, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით 2.97%-ით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის, ლარი ყველაზე მეტით, 22.15%-ით თურქულ ლირასთანაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირას ლარი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, რაც ამავე პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი მკვეთრ გაუფასურებაშიც აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 4.65%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 2.78%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 7.22%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 16.61%-ია.

მაის-ივნისის საზიარო სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 139.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.05%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ გაუმჯობესებას ასახავს, რადგან წლის 21-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 1.18% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 20.42%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 29.00% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 22-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას იაფდება.