მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მყარდება, რუბლი უფასურდება - სავალუტო მიმოხილვა (04.03 – 11.03)

622e8448b6196
ეგნატე შამუგია
14.03.22 08:00
4342
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციის ფონზე, წინა სამი კვირა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მკვეთრად გაუფასურდა. მარტის მეორე სავაჭრო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა.
 
მარტის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.222 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.350-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 3.83%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეცხრე სავაჭრო კვირას 6.76%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას ლარი ზედიზედ სამკვირიანი გაუფასურების შემდეგ, მანამდე არსებულ ზედიზედ ექვსკვირიან ტენდენციას დაუბრუნდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარი 4.33%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, გარდა ჩინური იუანისა, სხვა დანარჩენი გაუფასურებულია. პირველი იანვრიდან დღემდე ჩინური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.26%-ითაა გამყარებული.

რაც შეეხება ომში ჩართული ქვეყნების ვალუტებს, გასულ კვირას უკრაინული გრივნა ბლუმბერგის პლატფორმაზე არ ივაჭრებდა, ხოლო რუსული რუბლი კვლავ მკვეთრად გაუფასურდა. რუსეთისთვის დაწესებული (დაანონსებული) სანქციები უპირველესად რუსული კომპანიების აქციების ფასებსა და რუბლის გაცვლით კურსზე აისახა. გასულ კვირას რუბლი ნომინალური გაცვლითი კურსი 9.19%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 45.22% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 79.96%-ითაა გაუფასურებული. რუსული ვალუტა თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირასაც 8.09%-ით იყო გაუფასურებული. ამ პერიოდში გრივნა თითქმის ორჯერ ნაკლებით, 4.44%-ით იყო გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 04.03 – 11.03 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ყველა ვალუტა გაუფასურებულია, გარდა ლარისა. მარტის მეორე სავაჭრო კვირას რუსული რუბლის შემდეგ, ყველაზე მეტით თურქული ლირა გაუფასურდა. გასულ კვირას, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.99%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 3.04% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 12.48%-ითაა გაუფასურებული. თურქული ლირის შემდეგ, წინა კვირის მსგავსად გასულ კვირასაც სომხური დრამი გაუფასურდა. მარტის მეორე სავაჭრო კვირას სომხური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 1.15%-ით გაუფასურდა, რაც პირველ სავაჭრო კვირას 5.89% იყო. მარტის მეორე სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგიც მაღალი, 1.52%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.19%-ია.

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 07.03 – 11.03-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ლარი მკვეთრი გამყარების ფონზე, მაღალი არასტაბილურობით გამოირჩევა. აღნიშნული არამხოლოდ ლარს, არამედ შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობას მკვეთრი მერყეობა ახასიათებს. წინა პერიოდის მსგავსად, მარტის მეორე კვირასაც ყველაზე მეტით, 3.16%-ით რუბლი მერყეობდა. წინა კვირას რუბლის მერყეობა გაცილებით მაღალი, 6.74%-ით იყო. ამ პერიოდში გაუფასურებაც გაცილებით მეტი, 45.22% იყო.

პირველი კვირის მსგავსად, მარტის მეორე სავაჭრო კვირას რუბლის შემდეგ ყველაზე მაღალი მერყეობა ლარს ახასიათებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ლარი გამყარებულია. გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური კურსი საშუალოსთან მიმართებით 3.05% -ით იხრებოდა. ლარის შემდეგ, მკვეთრი მერყეობა სამეზობლოს ვალუტას - თურქულ ლირასაც ახასიათებდა. მარტის მეორე კვირას თურქული ლირის 3.99%-იანი გაუფასურების ფონზე, მერყეობა 1.29%-ს აღწევდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 04.03/11.03 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

წლის დასაწყისიდან ზედიზედ ექვსი სავაჭრო კვირა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, უმეტესწილად მყარდებოდა, რაც წინა სამი კვირაა შეიცვალა. თუმცა, მდგომარეობა გასულ კვირას კვლავ გამყარებისკენაა შემობრუნებული, რადგან მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია. ამ პერიოდში, ლარის კურსი საშუალოდ 3.68%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას საშუალოდ 3.43%-ით იყო გაუფასურებული.

მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 15.05%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 21.71% იყო. შესაბამისად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 39.65%-ით სწორედ რუბლთანაა გამყარებული. ამ პერიოდში, რუბლის შემდეგ, მაღალი ნიშნულით, ლარი 5.43%-ით გრივნასთანაა გამყარებული. გასულ კვირას კი, ლარის გაცვლითი კურსი 1.33%-ითაა გამყარებული. ზუსტად ამავე მაჩვენებლით გამყარდა აზერბაიჯანულ მანათთან. უფრო მეტით, 2.82%-ითაა გამყარებული სომხურ დრამთან მიმართებით. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი სომხურ ვალუტასთან მიმართებით 3.03%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში, ლარი თურქულ ლირასთან 6.66%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირას 6.21%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ყველასთან გამყარდა. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური კურსი გამყარებულია. გასულ კვირას ეფექტური კურსი 4.76%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.35%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 7.86%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.48%-ია.

მარტის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 136.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 2.05%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეცხრე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.50% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 24.20%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 23.15% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეათე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.