მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულ 664 ათასამდე გაიზარდა

630f21b5bec09
მარიამ ვარადაშვილი
31.08.22 12:52
11557
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში სოციალური შემწეობის მიღებთა ოდენობა 3 217-ით გაიზარდა და ჯამში 664 278-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად, სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას მთელი მოსახლეობის 17.8% იღებს. ივლისთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.1%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 648 176 შეადგენდა. შესაბამისად იანვართან შედარებით 16 102 [2.4%-ით] არის გაზრდილი. რაც შეეხება საარსებო შემწეობაზე დახარჯულ თანხებს, ივლისში ბიუჯეტიდან 56 710 462 ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 222 ათასით მეტია ივნისთან შედარებით და რეკორდული მაჩვენებელია.

რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალამ BMG-ის უთხრა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი პირველ მაისს დასრულდა და ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდება. პანდემიის პერიოდში დაწესებული მორატორიუმის გამო გასული წლიდან შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება და რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

კერძოდ, პანდემიის გამო დაწესებული მორატორიუმის პირობებში ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებოდნენ. აქედან გამომდინარე, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან მორატორიუმის გამო, სისტემიდან უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მთავრობამ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა დაიწყო. სხვადასხვა ტიპის, შიდა თუ გარე დასუფთავება, გამწვანება, გარემოსდაცვითი სამუშაოები, ტყის მონიტორინგი, მცირედი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ღობეების შეღებვა, ეს საზოგადოებრივი სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს სთავაზობს და ამაში მათთვის, ხელფასის სახით დაუბეგრავად 300 ლარს გადაიხდის.