03.ოქტომბერი .2022 08:00

ლარი რუბლთან და ლირასთან მკვეთრად გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (23.09 – 30.09)

ლარი რუბლთან და ლირასთან მკვეთრად გამყარდა  - სავალუტო მიმოხილვა (23.09 – 30.09)
views 4069
უკან

სექტემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.830 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.826-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მცირედი, 0.13%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 38-ე სავაჭრო კვირას 0.22% იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ზედიზედ სამკვირიანი გამყარება გაუფასურებით შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 8.36%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ითაა გაუფასურებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 2.25%-იანი გამყარებაა.
 
მსგავსად ლარის, გასულ კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობა გაუფასურებული იყო. გამონაკლისი ევრო, ბრიტანული სტერლინგი და სომხური დრამი იყო. საქართველოს მეზობელი და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის ეროვნული ვალუტა სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის მკვეთრად, 1.93%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.80% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, 15.76%-ითაა გამყარებული. სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 2.10%-ით ბრიტანული სტერლინგია გამყარებული, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე, 21.54%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში, ევროპული ვალუტა დოლართან მიმართებით 15.07%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ სექტემბრის მეორე სავაჭრო კვირას ევრო 1.33%-ითაა გამყარებული. კვირის მანძილზე კიდევ ერთი, 0.21%-ით გამყარებული ვალუტა ჩინური იუანია.

რაც შეეხება გაუფასურებას, სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მკვეთრად რუსული რუბლი გაუფასურდა. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.58%-ითაა გაუფასურებული. მიუხედავად მკვეთრი გაუფასურებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლი ყველაზე მეტით, 21.20%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში ყველაზე მეტით, 41.33%-ით თურქული ლირაა გაუფასურებული, რომელიც სექტემბრის ბოლო კვირასაც 0.75%-ით გაუფასურდა. კვირის მანძილზე გარდა ჩამოთვლილისა, დოლართან მიმართებით 0.67% და 0.59%-ებით იაპონური იენი და უკრაინული გრივნაც გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 23.09 – 30.09 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ფიგურა 2: 26.09 – 30.09-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

სექტემბრის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მკვეთრი მერყეობით ევროპული ვალუტები გამოირჩეოდა. სექტემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.81%-ით იხრებოდა, რაც ევროს შემთხვევაში 1.12%-ია. არამხოლოდ ეს ორი ვალუტა, არამედ სხვა შერჩეული ვალუტებიც მაღალი ნიშნულით მერყეობდა. გასულ კვირას რუსული რუბლის მერყეობამ 0.85%-ით შეადგინა, რაც სომხური დრამის და ჩინური იუანის შემთხვევაში 0.55% და 0.51%-ები იყო. რაც შეეხება ლარს, სექტემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.15%-ით მერყეობა, რაც შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 23.09/30.09(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მეორე სავაჭრო კვირაა, რაც ლარის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით უფასურდება. აღსანიშნავია, რომ წინა ოთხი კვირის მანძილზე ლარი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 1.83%-ით სომხურ დრამთან მიმართებით გაუფასურდა. ლარი დრამთან წინა კვირასაც 1.41%-ით გაუფასურდა. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე 8.48%-ითაა გაუფასურებული. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი უმეტეს ვალუტასთან გაუფასურებული, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დრამის შემდეგ, სხვა ვალუტებთან გაუფასურება 0.04%-ია.

რაც შეეხება გამყარებას, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი იაპონურ იენთან, რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან გამყარებულია. გასულ კვირას ამ უკანასკნელთან ლარის კურსი 0.78%-ით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ყველაზე მეტით, 34.04%-ით სწორედ თურქულ ლირასთანაა გამყარებული. სექტემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი რუბლთან მიმართებით 1.00%-ით გამყარდა, ხოლო იაპონურ იენთან კი - 1.01%-ით.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. სექტემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან უმეტესთან გაუფასურდა, მაგრამ გამყარების ნიშნული უფრო მაღალი იყო. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 0.21%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.27%-ით გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 19.30%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 30.69%-ია.

სექტემბრის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 156.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.30%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 38-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.43% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 31.06%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 29.92% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 39-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.