17.ოქტომბერი .2022 08:00

ლარი სტაბილურად მყარდება - სავალუტო მიმოხილვა (07.10 – 14.10)

ლარი სტაბილურად მყარდება - სავალუტო მიმოხილვა (07.10 – 14.10)
views 2051
უკან

ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.765 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.794-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.05%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მე-40 სავაჭრო კვირას 0.91%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა პერიოდის ზედიზედ სამკვირიან გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 10.46%-ითაა გამყარებული. ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა, ხოლო აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ით იყო გაუფასურებული. გასულ თვეს ეს მაჩვენებელი 2.25%-იანი გამყარება იყო. ოქტომბერში გამყარება 1.95%-ს აღწევს.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებიდან კიდევ სამი გამყარდა. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას თურქული ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.44%-ითაა გამყარებული. ლირა წინა კვირას 0.23%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, თურქული ვალუტა შერჩეულებს შორის ყველაზე მეტით, 40.85%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში დრამი ყველაზე მეტით, 16.27%-ით არის გამყარებული, მაგრამ გასულ კვირას მცირედით, 0.11%-ითაა გამყარებული. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას კიდევ ერთი გამყარებული ვალუტა ბრიტანული სტერლინგია. კვირის მანძილზე სტერლინგი მკვეთრად, 1.18%-ით გამყარდა. ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ეს უკანასკნელი 0.76%-ით გაუფასურებული იყო.

რაც შეეხება გაუფასურებას, ოქტომბრის მეორე კვირას ყველაზე მკვეთრად იაპონური იენი გაუფასურდა. გასულ კვირას იენი დოლართან მიმართებით 2.35%-ითაა გაუფასურებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 28.92%-ია. იენის შემდეგ მაღალი გაუფასურებით იუანი გამოირჩევა. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირა ჩინური ვალუტა 1.22%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.12%-ით იყო გამყარებული. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას კიდევ ერთი თვალსაჩინოდ გაუფასურებული ვალუტა რუსული რუბლია. გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.05%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირა უფრო მეტი, 3.40% იყო. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 15.76%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 07.10 – 14.10 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა.

ფიგურა 2: 10.10 – 14.10-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის პირველი კვირისგან განსხვავებით, მეორე სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტების ნომინალური გაცვლითი კურსი მერყეობა შედარებით დაბალია. წინა კვირას ყველაზე მაღალი, 2.24%-იანი მერყეობით რუსული რუბლი გამოირჩეოდა. ეს უკანასკნელი ამ მხრივ გასულ კვირასაც გამორჩეულია, მაგრამ შედარებით დაბალი ნიშნულით. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.15%-ით იხრებოდა. ამ პერიოდში შედარებით მაღალი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგს ახასიათებდა, რომლის საშუალოსგან გადახრამ 1.26% შეადგინა, რაც წინა კვირას 1.36% იყო. ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ევროს მერყეობა 0.94% იყო, რაც მეორე კვირას 0.32%-მდეა შემცირებული.

ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას დაბალი, 0.07%-იანი მერყეობით უკრაინული გრივნა გამოირჩეოდა. კიდევ უფრო დაბალი, 0.04%-იანი მერყეობა სომხურ დრამს ახასიათებდა. ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას დრამის მერყეობა 0.31%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.15%-ით იხრებოდა, რაც ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას 0.39%-მდეა გაზრდილი.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 07.10/14.10(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგი დოლართან მიმართებით 0.76%-ით გაუფასურდა, ამ პერიოდში ლარის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსიც ამ უკანასკნელთან, მცირედით, 0.04%-ით გაუფასურდა. გარდა სტერლინგისა, კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა დანარჩენ ვალუტებთან გამყარებული იყო. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია. კვირის მანძილზე ლარის საშუალო გამყარების ნიშნული 1.66%-ია, რაც წინა კვირას 1.37% იყო.

ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 4.46% რუსულ რუბლთან გამყარდა. აღნიშნული ოქტომბრის პირველ სავაჭრო კვირას 4.48% იყო. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის რუბლთან გაუფასურების მაჩვენებელი 5.91%-მდე შემცირდა. რუბლის შემდეგ, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.19% და 1.91%-იანი გამყარებით იაპონურ იენთან და ჩინურ იუანთან გამოირჩევა. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 1.67%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 22.92%-ია. ამ პერიოდში ბრიტანულ სტერლინგთან ლარი 25.86%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირას 1.33% იყო. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარი 1.23%-ით აზერბაიჯანულ მანათთან გამყარდა, ხოლო თურქულ ლირასთან ეს მაჩვენებელი 1.00%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებთან მკვეთრად გამყარდა, რაც აღნიშნული ინდექსის თვალსაჩინო გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 1.82%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.48% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 23.27%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 35.29%-ია.

ოქტომბრის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 160.7-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.46%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არსებით ცვლილებას არ ასახავს, რადგან წლის მე-40 სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.47% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 34.84%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 32.22% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 41-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა