მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი სტაბილურია - სავალუტო მიმოხილვა (18.11 – 18.25)

63821f84cdb49
ეგნატე შამუგია
28.11.22 08:00
1860
ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.705 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.715-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.36%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 46-ე სავაჭრო კვირას 0.31%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, ლარის ნომინალურმა გაცვლითმა კურსმა ზედიზედ სამკვირიანი გამყარების ტენდენცია მალევე დაიბრუნა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 12.40%-ითაა გამყარებული. სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული, ხოლო ოქტომბერში კი - 2.16%-ით. მიმდინარე თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.96%-ით გამყარებულია.
 
ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან უმეტესი გამყარდა. თუკი წინა კვირას იაპონური იენი ყველაზე მეტით, 0.85%-ით იყო გაუფასურებული, გასულ კვირას იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.36%-ით არის გამყარებული. თუმცა, კვირის მანძილზე ეს არ ყოფილა გამყარების ყველაზე მაღალი ნიშნული, რადგან ამ პერიოდში, დოლართან მიმართებით, ბრიტანული სტერლინგი 1.56%-ით გამყარდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ბრიტანული ვალუტა 11.61%-ით გაუფასურებულია. ამ პერიოდში ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი უფრო დაბალი, 8.61%-ით არის გაუფასურებული. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ევრო დოლართან მიმართებით 0.73%-ით გამყარდა. გასულ კვირას კიდევ ერთი, 0.26%-ით გამყარებული ვალუტა რუბლია, ხოლო გაუფასურების კუთხით გამორჩეული ჩინური იუანი. ზედიზედ მეორე კვირაა ჩინური ვალუტა უფასურდება. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას იუანის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.58%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 12.67%-ია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 18.11 – 25.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო ოქტომბერში კი - 99.4 მლნ აშშ დოლარი.

ფიგურა 2: 21.11 – 25.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ბრიტანული სტერლინგი გამყარებასთან ერთად, კვლავ მაღალ მერყეობას ინარჩუნებს. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.28%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.26% იყო. ნოემბრის მესამე კვირას ბრიტანული სტერლინგის მერყეობამ 0.55% შეადგინა, ხოლო გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.08%-ით იხრებოდა.

მართალია, რომ კვირის მანძილზე ბრიტანულ ვალუტას მაღალი მერყეობა ახასიათებდა, მაგრამ ყველაზე მაღალი არა. ამ პოზიციაზე იაპონური ვალუტა იყო. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას იენის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.17%-ით იხრებოდა. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ამ პოზიციას ჩინური იუანი იკავებდა, მაგრამ გასულ კვირას ამ უკანასკნელის მერყეობა 0.14%-მდეა შემცირებული. კიდევ უფრო დაბალი 0.04% და 0.06%-იანი მერყეობებით თურქული ლირა და სომხური დრამი იყო გამორჩეული. ამ პერიოდში ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.20%-ით იხრებოდა. გასულ კვირას ეს მაჩვენებელი შემცირებულია, რადგან ნოემბრის მესამე კვირას მერყეობა 0.39% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 18.11/25.11(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. უკვე მეორე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. ლარი ხუთ ვალუტასთან გაუფასურდა, ხოლო დანარჩენ ხუთთან კი - გამყარდა. ამ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 0.83% გამყარდა, მაგრამ გაუფასურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3.16% იყო. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურებული იყო. თუმცა, გასულ კვირას მდგომარეობა შედარებით შეცვლილია, რადგან ლარი უმეტესთან გამყარდა.

ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარი ყველაზე მეტით, 1.05%-ით ჩინურ იუანთან გამყარდა. ჩინური ვალუტის შემდეგ, ლარი მაღალი გამყარებით რუბლთან გამოირჩევა. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 0.66%-ით არის გამყარებული. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი რუსულ ვალუტასთან 8.38%-ით გაუფასურებულია. ამ პერიოდში ლარი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან არის გამყარებული, რომელთანაც გასულ კვირასაც გამყარება იყო. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით 0.41%-ით გამყარდა. ამ პერიოდში ლარი 0.39% და 0.39%-ებით უკრაინულ გრივნა და აზერბაიჯანულ მანათთან არის გამყარებული. რაც შეეხება გაუფასურებას, კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 1.25%-ით ბრიტანულ სტერლინგთან გაუფასურდა. თავად სტერლინგი კი, დოლართან მიმართებით, 1.56%-ით იყო გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან უმეტესთან გამყარდა, რაც საბოლოოდ ინდექსი გამყარებაში აისახა. გასულ კვირას აღნიშნული ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.42%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.20%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 16.92%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 24.91%-ია.

ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 161.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.11%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 46-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.45% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 26.33%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 30.21% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 47-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.