მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი სტაბილურობით გამოირჩევა - სავალუტო მიმოხილვა (29.04 – 06.05)

6277b18828744
ეგნატე შამუგია
09.05.22 08:00
4189
რუბლი წინა პერიოდი ტენდენციას იზიარებს. გასულ კვირას ლარი გამყარდა. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.026 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.050-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.78%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეჩვიდმეტე სავაჭრო კვირას 0.38%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 2.00%-ითაა გამყარებული. აპრილის თვეში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა.
 
თუმცა, კვირის მანძილზე ყველაზე მეტით კვლავ რუსული რუბლი გამყარდა, რამაც 2020 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს ერთი დოლარი 67.955 რუბლი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუბლი ბლუმბერგის პლატფორმაზე ივაჭრებდა რუსეთის ცენტრალური ბანკის და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გაცვლა თავისუფალი არ ყოფილა (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). მაისის პირველ სავაჭრო კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 5.27%-ით გამყარდა. წინა კვირას აღნიშნული 6.49% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 8.88%-ითაა გამყარებული. ეს კი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მაღალი ნიშნულია.

რუბლი და ლარის შემდეგ, მცირედით, მაგრამ 0.03%-ით ევრო გამყარდა, ხოლო დანარჩენი ვალუტები გაუფასურდა. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 5.69%-ით სომხური დრამია გაუფასურებული, რომელიც გასული კვირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე 1.57%-ითაა გამყარებული. ამის მიზეზი კი აპრილის თვეში სომხური დრამის 7.09%-იანი გამყარებაა. რუბლის შემდეგ მკვეთრი გაუფასურება კიდევ ერთ ევროპულ ვალუტას - ბრიტანულ სტერლინგს ახასიათებს. გასულ კვირას სტერლინგი, დოლართან მიმართებით 1.87%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას უფრო მეტი, 2.11% იყო. მიმდინარე წლის მეთვრამეტე სავაჭრო კვირას 0.66% და 0.66%-ებითაა გაუფასურებული მეზობელი და ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის და იაპონიის ეროვნული ვალუტები.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 29.04 – 06.05 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 02.05 – 06.05-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობას მაღალი მერყეობა ახასიათებდა, რაც მაისის პირველ სავაჭრო კვირას კიდევ უფრო მაღალია. თუმცა, წინა კვირის მსგავსად, გასულ კვირასაც ლარის შემთხვევაში სურათი განსხვავებულია. ლარის 0.78%-იანი გამყარების ფონზე, კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.25%-ით იხრებოდა, რაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე დაბალი ნიშნულია. აღნიშნული ასევე წინა პერიოდებთან შედარებითაც დაბალია, რადგან აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის მერყეობა 0.26% იყო, ხოლო აპრილის მესამე კვირას მერყეობა 0.47%-ს აღწევდა.

მსგავსად ადრეული პერიოდისა, მასშტაბური გამყარების ფონზე კვლავ ყველაზე მერყევ ვალუტად რუსული რუბლი რჩება. გასულ კვირას რუბლი შემდეგ მაღალი მერყეობით სომხური დრამი გამოირჩეოდა, რომელიც კვირის მანძილზე 5.69%-ით გაუფასურდა, ხოლო მერყეობის ნიშნული 2.63%-ს აღწევდა. სომხური ვალუტის შემდეგ, 2.50%-იანი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგს ახასიათებდა, რომელიც, ასევე, გასულ კვირას 1.87%-ით გაუფასურდა. ბრიტანული ვალუტა წინა კვირასაც მაღალი, 2.09%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 29.04/06.05 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

დოლართან მიმართებით, რუბლის ომამდე ნიშნულზე დაბრუნებასთან და შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამყარებასთან ერთად, ეს უკანასკნელი ლართან მიმართებითაც ამავე ტენდენციას იზიარებს. ამდენად, ბოლო რამდენიმე კვირა ლარი ყველაზე მეტით სწორედ რუსულ რუბლთან მიმართებით უფასურდებოდა, რასაც წინ გამყარების ტენდენცია უძღოდა. აპრილის მეორე სავაჭრო კვირას, როცა რუსული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა, მასთან ლარი 2.35%-ით გამყარდა. აპრილის მესამე კვირას რუბლთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.54%-ით იყო გაუფასურებული. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 12.92%-ით გაუფასურდა, რაც გასულ კვირას 6.53% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 10.85%-ით რუბლთანაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ლარი დანარჩენ სხვა ვალუტებთან მიმართებით ყველასთან გამყარებულია.

გასულ კვირას ლარი ყველაზე მეტით სომხურ დრამთან მიმართებით გამყარდა, რაც თავად დოლართან ყველაზე მეტით, 5.69%-ით იყო გაუფასურებული. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 6.82%-ითაა გამყარებული, როცა წინა კვირას 4.98%-ით იყო გაუფასურებული. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი ბრიტანულ ვალუტასთან მიმართებით 2.51%-ითაა გამყარებული, ხოლო იაპონურ იენთან 2.14%-ით. ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან 1.65%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 12.24%-ია. ეს კი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი გამყარების ნიშნულია. ასეთივე მდგომარეობა იყო გასულ წელსაც, რადგან თავად ლირა, დოლართან მიმართებით, შერჩეულ ვალუტებს შორის 2021 წლის ყველაზე მეტით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მაისის პირველ სავაჭრო კვირას ლარი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, მაგრამ რუბლთან გაუფასურდა, რომლის წილი ინდექსში 14.6%-ია. თუმცა, საბოლოოდ, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი გამყარებულია. მაისის პირველ სავაჭრო კვირას აღნიშნული ინდექსი 0.50%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 1.27%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 5.24%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.02%-ია.

მაისის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 137.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.48%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ გაზრდილ არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეჩვიდმეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.46% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 27.77%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 28.78% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეთვრამეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.