მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი უცვლელია, რუბლი გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (08.04 – 15.04)

625bfda4d03a6
ეგნატე შამუგია
18.04.22 08:30
6662
გასულ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.064 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.065-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მცირე, 0.05%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეთოთხმეტე სავაჭრო კვირასაც 0.81%%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, მცირედით, 0.79%-ითაა გამყარებული. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.29%-ით იყო გამყარებული, რაც თებერვალში 5.44%-იანი გაუფასურებით გამოირჩეოდა.
 
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო აშშ და ევროპის კავშირის მიერ სანქციები დაწესდა, რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მაგალითად, მარტის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 22.38%-ით გამყარდა, რაც მეოთხე კვირას 5.00% იყო. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 15.89%-ით იყო გამყარებული, რაც აპრილის პირველ სავაჭრო კვირას 5.88%-იან გამყარებას აღწევდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაუბრუნდა რუბლი ომამდე ნიშნულს, თუმცა გასულ კვირას 3.06%-ით გაუფასურდა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე 11.09%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტში 24.93%-ით იყო გამყარებული.

გარდა რუბლისა, გასულ კვირას მაღალი ნიშნულით იაპონური იენიც გაუფასურდა. კერძოდ, აპრილის მეორე სავაჭრო კვირას იენი 1.71%-ითაა გაუფასურებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 9.66%-ია. რუსული რუბლი და იაპონური ვალუტის შემდეგ, ევრო 0.55%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირასაც 1.59%-ით იყო გაუფასურებული. აპრილის მეორე სავაჭრო კვირას მცირედით, 0.10%-ით ჩინური იუანიც გაუფასურდა, ხოლო სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მაღალი ნიშნულით, 0.76%-ით თურქული ლირაა გამყარებული. შედარებით ნაკლები, 0.74%-იანი გამყარებით სომხური დრამი გამოირჩევა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 08.04 – 15.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 11.04 – 15.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აპრილის პირველ სავაჭრო კვირასთან შედარებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ოდნავ არასტაბილურია. თუკი წინა კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.25%-ით იხრებოდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას 0.28% იყო. აღნიშნული ადრეულ პერიოდთან შედარებით მკვეთრი სტაბილურობაა, რადგან მარტის ბოლო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 1.05%-ს აღწევდა. უფრო ადრე, მარტის მეოთხე სავაჭრო კვირას 0.25% იყო, ხოლო მესამე კვირას კი - 0.29%.

წინა კვირების მსგავსად, აპრილის მეორე სავაჭრო კვირასაც მკვეთრი არასტაბილურობა რუსულ რუბლს ახასიათებდა. გასულ კვირას, 3.06%-იანი გაუფასურების ფონზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.35%-ით იხრებოდა. აპრილის პირველ სავაჭრო კვირას კი 5.88%-იანი გამყარების ფონზე რუბლის მერყეობა 2.27%-ს აღწევდა, რაც მარტის მეოთხე და ბოლო კვირას 4.11% და 5.82% იყო. უფრო ადრე, მესამე და მეორე სავაჭრო კვირების მანძილზე 8.26% და 9.19% -ები. გასულ კვირას შერჩეული ვალუტებიდან, რუბლის შემდეგ, შედარებით მაღალი, 0.48%-იანი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგს ახასიათებდა. სხვა დანარჩენი ვალუტები დაბალი მერყეობით ხასიათდებოდა. მათ შორის, ყველაზე ნაკლები, 0.08%-იანი მერყეობა ჩინურ იუანს ახასიათებდა. ხოლო უკრაინული გრივნას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.16% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 08.04/15.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. აღნიშნული საშუალოდ 3.68%-ს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 15.05%-ით რუსულ რუბლთან გამყარდა. თუმცა, მარტის მესამე სავაჭრო კვირას ლარის კურსი ყველზე მეტით, 25.76%-ით სწორედ რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. მეოთხე კვირასაც ლარი ყველაზე მეტით, 4.11%-ით რუსულ ვალუტასთან იყო გაუფასურებული. მარტის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ ვალუტასთან მიმართებით კვლავ მასშტაბურად, 14.21%-ით გაუფასურდა. აღნიშნული ტენდენცია აპრილის დასაწყისშიც გაგრძელდა, რადგან წინა კვირას ლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით 4.02%-ით გაუფასურდა. აპრილის მეორე კვირასაც ლარის საშუალო შეწონილი კურსი ყველაზე მეტით, 2.35%-ით სწორედ რუსულ რუბლთანაა გამყარებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში რუბლი, დოლართან მიმართებით, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი კურსი 8.34%-ით რუბლთან მიმართებითაა გამყარებული.

აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესთან გამყარებულია. რუბლის შემდეგ, ყველაზე მაღალი, 1.98%-იანი გამყარებით ლარი იაპონურ იენთან მიმართებით გამოირჩევა. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 0.85%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში თავად ევრო დოლართან მიმართებით 0.55%-ითაა გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ევროსთან მიმართებით 5.15%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას რუბლი ყველაზე მეტით მეზობელი - თურქეთი და სომხეთის ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით 0.87%-ითაა გაუფასურებული, რაც დრამთან მიმართებით 0.62%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას ლარი რუბლთან მიმართებით 2.35%-ით გამყარდა, რაც ნომინალურ ეფექტურ კურსზეც გამყარებით აისახა, რადგან კურსის ინდექსში რუბლის წილი 14.6%-ია. აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.42%-ით გამყარებულია, რაც წინა კვირას 0.25%-ით იყო გაუფასურებული. აღნიშნული მაჩვენებელი მარტის ბოლო სავაჭრო კვირას 1.21%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 5.17%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 27.81%-ია.

აპრილის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 137.4-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.14%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეთოთხმეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.25% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 27.02%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 26.03% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეთხუთმეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.