მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (04.12 – 11.12)

5fd46dc553324
ეგნატე შამუგია
14.12.20 08:00
1100
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.328 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.299-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.43%-იანი გამყარებაა, რაც დეკემბრის პირველ კვირას 0.51% იყო. ამდენად, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარება ზედიზედ ორ კვირა გაგრძელდა. ასეთი რამ კი ბოლო პერიოდში იშვიათია. თუმცა, შერჩეული ვალუტებიდან ლარსი გაცვლით კურსზე გაცილებით მეტით რუსული რუბლი გამყარდა, რამაც 2.47% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსული რუბლის გაცვლითი კურსი გამყარება წინა კვირას უფრო მაღალ ნიშნულს, 2.47%-ს იკავებდა და გასული კვირის მსგავსად, დეკემბრის დასაწყისში, დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტად გამყარებული იყო. გარდა რუბლი და ლარისა, დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას უკრაინული გრივნისა (1.01%) და ევროს (0.02%) ნომინალური გაცვლითი კურსიც გამყარდა.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, წინა კვირების მსგავსად, სომხური დრამი კვლავ გაუფასურდა. თუ მიმდინარე თვის პირველ სავაჭრო კვირას დრამის გაცვლითი კურსის გაუფასურება 0.76%-იან ნიშნულზე იყო, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 1.80%-ია, რაც შერჩეული ვალუტებიდან გაუფასურების კუთხით ყველაზე მაღალი ნიშნულია. თუმცა, დრამი ერთადერთი ვალუტა არ ყოფილა, რომლის გაცვლითი კურსი მკვეთრად გაუფასურებულია. ამ პერიოდში, წინა კვირის გამყარების შემდეგ, თურქული ლირა 1.30%-ით გაუფასურდა, ხოლო ბრიტანული სტერლინგი კი - 1.55%-ით. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა ბოლო წლებში არასტაბილურობით გამორჩეულია და ლარის მსგავსად გაუფასურების ტენდენცია ახასიათებს [წლიურ მაჩვენებელში].

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 04.12 – 11.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია, რასაც ბოლო ორი თვის მანძილზე თითქმის ყოველ კვირა ახორციელებდა. მიმდინარე წელს სებ-ის მიერ სულ 25 ინტერვენცია იყო [გაყიდვა], რამაც ჯამში 843.2 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ბანკს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი არ შეუსყიდია, რაც 2019 წელს 11-ჯერ, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 07.12 - 11.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დოლართან მიმართებით, წინა პერიოდის მსგავსად, გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ნაკლებად მერყევი იყო. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.18%-ით იხრებოდა, რაც ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველ კვირას 0.08% და 0.31% იყო. ეს კი ბოლო სამი კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის შედარებით სტაბილურობას ასახავს. ამავე პერიოდში შედარებით სტაბილური ჩინური იუანი (0.11%), ევრო (0.19%) და გრივნა (0.22%) იყო. სავაჭრო კვირის მანძილზე კი ყველაზე არასტაბილური სომხური დრამი აღმოჩნდა, რომლის მერყეობა საშუალოსთან მიმართებით 0.90%-ს აღწევს, ხოლო გაუფასურება კი - 1.80%-ს. დრამთან შედარებით ნაკლებით, მაგრამ მერყეობა თურქულ ლირასაც ახასიათებდა. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე საშუალოსთან მიმართებით გაცვლითი კურსის 0.56%-იანი გადახრა დაფიქსირდა, ხოლო 1.30%-ით გაუფასურდა. ამდენად, გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად, ყველაზე არასტაბილური ვალუტა სომხური დრამი იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 04.12/11.12 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, დეკემბრის პირველი სავაჭრო კვირის მსგავსად, ლარი შედარებით სტაბილური იყო ყველა ვალუტასთან მიმართებით. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურის მხოლოდ რუბლთან (0.80%) და გრივნასთან (0.41%) გაუფასურდა. თავად ეს ვალუტები კი დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით გამყარდა. აღნიშნულ პერიოდში, კი ლარი დანარჩენ 7 ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია, რაც ბოლო თვეებში იშვიათია. კერძოდ, ყველაზე მეტით თურქულ ლირასა (2.89%) და სომხურ დრამთან (2.66%) მიმართები. აღნიშნული ვალუტები კი სავაჭრო კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით 1.30% და 1.80% -ებით იყო გაუფასურებული. რაც შეეხება დოლართან მიმართებით ლარის საშუალო ნომინალურ კურსს - მიმდინარე თვის მეორე სავაჭრო კვირას 0.74%-იანი გამყარება დაფიქსირდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 1.07%-იანი გამყარება დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვის პირველ კვირას 0.88%-ით იყო გაუფასურებული. დეკემბრის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 111.48 ნიშნულზე იყო, რომელის მერყეობა 0.12%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.29%-ს აღწევდა. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 5.7%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 4.4% იყო.
საერთო ჯამში, ბოლო სამი კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით სტაბილური იყო, ვიდრე წინა პერიოდში. თუმცა, რუსულ რუბლთან მიმართებით გაუფასურების ტენდენცია ახასიათებდა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელს ბოლო სამი კვირაა დოლართან მიმართებით გამყარების გამოკვეთილი ტენდენცია ახასიათებს. რაც შეეხება დოლართან მიმართებით ლარის გაცვლით კურსს - დეკემბრის დასაწყისიდან გამყარებას განაგრძობს, რაც 1.17%-ს შეადგენს.