მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (07.05 – 14.05)

60a0f344908a6
ეგნატე შამუგია
17.05.21 08:00
1250
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.411 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.423-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.35%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.69%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ზედიზედ ცხრაკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ზედიზედ ორკვირიანი გამყარებაა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.58%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.05%-ს აღწევდა და აპრილში კი - 0.64%-ს. რაც შეეხება მიმდინარე თვეს, მაისის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.03%-ითაა გამყარებული. წლის დასაწყისიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების ნიშნული, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ძირითადი ვალუტიდან, თურქული ლირის და იაპონური იენის შემდეგ მესამეა. პირველი იანვრიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 13.68%-ითაა გაუფასურებული, რაც მხოლოდ მარტის თვეში 13.20% იყო. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მაისის პირველ სავაჭრო კვირის მანძილზე ლირის ყველაზე მაღალი ნიშნულით, 1.34%-იანი გამყარების შემდეგ, გასულ კვირას აღნიშნული ვალუტა, შერჩეულთაგან ყველაზე მეტით, 2.63%-ით გაუფასურდა. მაისის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 2.51%-ითაა გაუფასურებული.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, კიდევ ორი ვალუტა - ბრიტანული სტერლინგი და უკრაინული გრივნა გამყარდა. კერძოდ, მაისის მეორე სავაჭრო კვირას სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.77%-ითაა გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ბრიტანული სტერლინგი შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 3.03%-ითაა გამყარებული, რაც მაისის თვეში 1.34%-ია. ამავე პერიოდში, უკრაინული გრივნა, დოლართან მიმართებით, 0.86%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, სტერლინგის შემდეგ ყველაზე მეტით, 2.73%-ით გამყარდა. რაც შეეხება გასულ კვირას, მაისის მეორე სავაჭრო კვირას გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.69%-იანი გამყარება იყო.
გარდა ლარის, გრივნის და სტერლინგისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები, დოლართან მიმართებით, მაისის მეორე სავაჭრო კვირას გაუფასურებულია. მათ შორის, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტით, თურქული ლირის შემდეგ, იაპონური იენი გაუფასურდა. კერძოდ, იენის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.70%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა. თავის მხრივ, წლის დასაწყისიდან დღემდე, იაპონური ვალუტა 5.97%-ითაა გაუფასურებული. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა 0.05%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირას 0.31%-ით იყო გაუფასურებული. ამავე პერიოდში, სომხური დრამის გაცვლითი კურსი 0.18%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 0.11%-ია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 07.05 – 14.05 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აპრილის ბოლო და მაისის პირველ-მეორე კვირებში კი სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 10.05 - 14.05-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მაისის პირველი სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილური იყო, რადგან საშუალოსთან მიმართებით ყოველდღიური კურსი 0.16%-ით იხრებოდა. აღნიშნული კი, წინა კვირას 0.26%-ს აღწევდა. გასული კვირას დაბალი მერყეობის ნიშნულით ლარი არამხოლოდ წინა პერიოდთან, არამედ სხვა ვალუტებთან შედარებითაც სტაბილური იყო, რადგან ლარზე უფრო დაბალი მერყეობა მხოლოდ სომხურ დრამს ახასიათებდა. კერძოდ, მაისის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე დრამის გაცვლითი კურსის მერყეობა 0.06% იყო. ამ პერიოდში ყველაზე მეტად არასტაბილური თურქული ლირაა, რომელიც 2.63%-იანი გაუფასურების ფონზე, 1.24%-იანი მერყეობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლირის გამყარების მიუხედავად, აღნიშნულს მაღალი მერყეობა ახასიათებდა. მაისის პირველ სავაჭრო კვირას 1.34%-იანი გამყარების ფონზე, საშუალოსთან მიმართებით ლირის კურსის გადახრა 0.46%-ს აღწევდა. წინა კვირასთან შედარებით, მაისის მეორე სავაჭრო კვირას, შედარებით სტაბილური რუსული რუბლიც იყო, რომლის მერყეობამ 0.34% შეადგინა, როცა კვირის მანძილზე 0.31%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 07.05/14.05 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილების ტენდენცია არამხოლოდ დოლართან არამედ, სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებითაც შეიცვალა. თუკი მარტ-აპრილში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით უფასურდებოდა, მდგომარეობა მაისიდან შეცვლილია და ბოლო ორი კვირა თითქმის ყველას ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. გასულ კვირას ლარის ნომინალური შეწონილი კურსი მხოლოდ ორ ვალუტასთან, ბრიტანულ სტერლინგთან და უკრაინულ გრივნასთან გაუფასურდა. გრივნასთან ლარის გაცვლითი კურსი 0.10%-ითაა გაუფასურებული, ხოლო სტერლინგთან კი - 0.70%-ით. აღსანიშნავია, რომ თავად ეს ვალუტები, გასულ კვირას დოლართან მიმართებით 0.69% და 0.77%-ებით გამყარებულია.

მაისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით საქართველოს ნომერ პირველ საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართ გამყარდა. გასულ კვირას თურქული ლირა ლართან მიმართებით 2.29%-ითაა გაუფასურებული, ხოლო დოლართან კი, ეს ნიშნული 2.63%-ია. გარდა ლირისა, ლარის გაცვლითი კურსი იენთან (0.63%), დრამთან (0.51%) და მანათთანაც (0.49%) შედარებით მაღალი ნიშნულითაა გამყარებული. აღნიშნულ პერიოდში, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით 0.32%-ითაა გამყარებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე 5.14%-ითაა გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან მხოლოდ თურქულ ლირასთან (7.89%) და იაპონურ იენთანაა (1.75%) გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მსგავსად მაისის პირველი სავაჭრო კვირისა, გასულ კვირასაც ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, მაისის მეორე სავაჭრო კვირას ეფექტური ნომინალური კურსი 0.60%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.76% იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი თითქმის ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია, აღნიშნული ეფექტური კურსის მასშტაბურ გამყარებაში არ აისახა, რადგან სავაჭრო კალათაში მაღალი წილი მქონე ვალუტებთან მიმართებით გამყარების ნიშნული დაბალია, გარდა თურქული ლირისა.

მაისის მეორე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 107.8-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.38%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.41%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 6.41%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 6.99% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.