მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (09.04 – 16.04)

607ab84edbc67
ეგნატე შამუგია
19.04.21 08:00
919
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.430 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.420-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.26%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.04%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირას კი - 1.45%-ით. ამდენად, ლარი ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო კვირაა უფასურდება. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.16%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.05%-ს აღწევდა და აპრილის დასაწყისიდან დღემდე კი - 0.15%. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას საგარეო ვაჭრობის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან მხოლოდ ლარი და უკრაინული გრივნა გაუფასურდა. თუმცა, აპრილის მეორე სავაჭრო კვირას გრივნა შედარებით ნაკლებით, დოლართან მიმართებით 0.20%-ით გაუფასურდა, რომელიც წინა კვირას გამყარებული იყო. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ეროვნული ვალუტა აპრილის მეორე სავაჭრო კვირას გაუფასურდა, წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.44%-ითაა გამყარებული.
 
თუკი აპრილის პირველ კვირას საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა 1.29%-იანი გაუფასურების ნიშნულით „ლიდერი“ იყო, გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 2.10%-ით გამყარდა. გასული კვირის მასშტაბური გამყარების ფონზე, აპრილის დასაწყისიდან დღემდე რუსული რუბლის ნომინალური კურსი 0.48%-ითაა გამყარებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან 2.39%-იანი გაუფასურებაა. გარდა რუბლისა, დიდი გამყარების ნიშნულით კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ვალუტა გამოირჩევა. გასულ კვირას თურქული ლირის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.74%-ით გამყარდა, რაც მარტის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენების შემდეგ ლირის ნომინალური გაცვლით კურსის შედარებით მკვეთრი სტაბილურობისკენ ცვლილებას ასახავს, რაც მოსალოდნელია რომ მომდევნო კვირასაც გაგრძელდეს, რადგან გასული კვირის ხუთშაბათს, ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელის პირობებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩა. სწორედ, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინი იყო მარტის ბოლოს პანიკური ვაჭრობის და ლირის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ლირის გაცვლით კურსზე მძიმედ აისახა. წლის დასაწყისიდან დღემდე, დოლართან მიმართებით თურქული ლირა შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 7.96%-ითაა გაუფასურებული.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, გასულ კვირას ასევე მაღალი ნიშნულითაა სომხური დრამი გამყარებული. კერძოდ, აპრილის მეორე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.35%-ით გამყარდა, რაც წინა კვირასაც 0.82%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. შედეგად, აპრილის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთის ეროვნული ვალუტა 1.76%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან 0.02%-ია. აღნიშნულზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა პოლიტიკური არასტაბილურობის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გააჩნდეს, რომელიც იანვარ-მარტში საკმაოდ მწვავე იყო. გასულ კვირას სხვა ვალუტებიდან დოლართან მიმართებით ჩინური იუანი (0.46%), იაპონური იენი (0.77%), ევრო (0.52%) და ბრიტანული სტერლინგიც (0.42%) გამყარდა, მაგრამ შედარებით ნაკლებით, ვიდრე საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტები. ამდენად, სამეზობლოს და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მასშტაბური გამყარების ფონზე, ბოლო შვიდი კვირაა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით უფასურდება.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 09.04 – 16.04 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - გასულ კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 212.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 12.04 - 16.04-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აპრილის პირველ სავაჭრო კვირასთან შედარებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით არასტაბილურია, რადგან გასულ კვირას საშუალოსთან მიმართებით მერყეობა 0.35% იყო, რაც წინა კვირას 0.20%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ლარი ყველაზე მეტად არასტაბილური მარტი-აპრილის საზიარო კვირას იყო. აღნიშნულ სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსის საშუალოსგან გადახრა 5.46%-ს აღწევა, რაც ანტირეკორდი იყო არამხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებით, არამედ შერჩეული სხვა ვალუტების მერყეობის ნიშნულებიდან გამომდინარეც. საერთო ჯამში კი, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ყველა შერჩეული ვალუტის მერყეობა უფრო მეტი იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამყარების მაღალი ნიშნულის ფონზე რუბლი (0.84%), ლირა (0.72%) და დრამის (0.79%) გაცვლითი კურსი მეტად მერყევი იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 09.04/16.04 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თუკი წინა კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ორ ვალუტასთან მიმართ იყო გაუფასურებული, მდგომარეობა კვლავ შეიცვალა და გასულ კვირას ლარის ნომინალური შეწონილი გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებულია. ასეთივე მდგომარეობა იყო მარტი-აპრილის საზიარო სავაჭრო კვირასაც, როცა ლარის შეწონილი გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ მასშტაბურად გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან (2.29%) და აზერბაიჯანულ მანათთან (1.97%) მიმართ იყო გაუფასურებული. გასულ კვირას კი ლართან მიმართებით ყველზე მეტით სომხური დრამია გამყარებული, რომელიც დოლართან მიმართებით 1.35%-ით გამყარდა, ხოლო ლართან კი - 3.66%-ით. განსხვავებით წინა კვირისა, როცა ლარის ნომინალური შეწონილი კურსი დრამთან 1.29%-ით იყო გამყარებული. აღნიშნულ პერიოდში ლარი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით იყო გამყარებული, მაგრამ აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.64%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას, ლარის შეწონილი გაცვლითი კურსი უფრო მეტით გაუფასურდა რუსულ რუბლთან მიმართებით. კერძოდ, აპრილის მეორე სავაჭრო კვირას რუბლთან მიმართებით ლარის გაუფასურება 2.15%-ს აღწევს. აღნიშნულ პერიოდში, ეროვნული ვალუტა ყველაზე ნაკლებით აზერბაიჯანულ მანათთან, 0.05%-ით და გრივნასთან 0.12%-ითაა გაუფასურებული. ეს უკანასკნელი კი, დოლართან მიმართებით, გასულ კვირას 0.20%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი აპრილის პირველ სავაჭრო კვირას ეფექტური გაცვლითი კურსი 0.50%-ით იყო გამყარებული, გასულ კვირას ეფექტური ნომინალური კურსი 1.28%-ით გაუფასურდა. აღნიშნული კი აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსის ლირა, რუბლი, დრამი და სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მასშტაბურ გაუფასურებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 2.65%-ითაა გაუფასურებული.

აპრილის მეორე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 108.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.58%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.22%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით მეტად არასტაბილურობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 7.69%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 5.89% იყო. ამდენად, აპრილის მეორე კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება და იმპორტის მხრივ კი - პირიქით. ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა კი, ასეთ დროს, სხვა ქვეყნებისთვის საქართველოდან იმპორტის გაიაფებას უკავშირდება.