მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (11.06 – 18.06)

60cf0ba0100d4
ეგნატე შამუგია
21.06.21 08:00
1070
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.165 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.180-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.47%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.30%-ით იყო გაუფასურებული. შესაბამისად, გასულ კვირას გაცვლითი კურსის გამყარებით, ლარმა მანამდე არსებული ზედიზედ ხუთკვირიანი მკვეთრი გამყარების ტენდენცია დაიბრუნა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.89%-ითაა გამყარებული, რაც მაისში თვეში 5.45%-ს აღწევდა და ივნისში კი - 2.47%-ს. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, სომხური დრამიც გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას სომხეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.80%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.29%-ით იყო გამყარებული. ამდენად, დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ მესამე კვირაა მყარდება. შედეგად, მიმდინარე თვის დასაწყისიდან დღემდე დრამის გაცვლითი კურსი 1.26%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან 1.45%-ია.
 
ივნისის მესამე სავაჭრო კვირას, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, სხვა დანარჩენი გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით საქართველოს ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნული ვალუტა. გასულ კვირას თურქული ლირა, დოლართან მიმართებით, 3.84%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას ყველაზე მეტით, 2.71%-ით იყო გამყარებული. ეს კი მიუთითებს, რომ ბოლო კვირებს მანძილზე თურქეთის ეროვნული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით არასტაბილურია, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტით, 17.14%-ითაა გაუფასურებული. მაისის თვის მანძილზე ლირის გაუფასურება 2.92%-ს შეადგენდა, რაც მიმდინარე თვეს 2.15%-ია. თურქულ ლირასთან შედარებით ნაკლებით, მაგრამ გასულ კვირას მაღალი ნიშნულით ბრიტანული სტერლინგი და ევროც გაუფასურდა. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.19%-ითაა გაუფასურებული, ხოლო ევროს კი - 2.06%. ბრიტანული ვალუტა წინა კვირსაც გაუფასურებული იყო. კერძოდ, ივნისის მეორე სავაჭრო კვირას გაუფასურების ნიშნული 0.28%-ს შეადგენდა. ხსენებული ვალუტების შემდეგ, ყველაზე მეტით უკრაინული გრივნაა გაუფასურებული. თუკი წინა კვირას უკრაინის ეროვნული ვალუტა 0.61%-ით იყო გამყარებული, გასულ კვირას გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.11%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 11.06 – 18.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 14.06 - 18.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ივნისის მეორე სავაჭრო კვირასთან შედარებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გასულ კვირას შედარებით სტაბილური იყო. თუკი წინა კვირას ლარის 0.30%-იანი გაუფასურების ფონზე ყოველდღიური გაცვლითი კურსის მერყეობა 1.98%-ს აღწევდა, გასულ კვირას 0.47%-იანი გამყარების პირობებში ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.57%-ით იხრებოდა. ამდენად, ივნისის მესამე სავაჭრო კვირას გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილური იყო, მაგრამ შერჩეული ვალუტებიდან გაცილებით მეტი სტაბილურობა სომხური დრამს ახასიათებდა. კერძოდ, ივნისის მესამე სავაჭრო კვირას დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი, ყველაზე მეტით, 0.80%-ით გამყარდა, როცა მისი მერყეობა ყველაზე დაბალი, 0.20% იყო. დრამის მსგავსად დაბალი მერყეობით იაპონური იენიც გამოირჩეოდა. გასულ კვირას, 0.39%-იანი გაუფასურების ფონზე იენის მერყეობა 0.25%-ს შეადგენდა. განსხვავებით სომხური დრამი და იაპონური იენისა, ივნისის მესამე სავაჭრო კვირას მაღალი მერყეობით თურქული ლირა გამოირჩეოდა. კერძოდ, გასულ კვირას ყველაზე მეტით, 3.84%-იანი გაუფასურების ფონზე ლირის ყოველდღიური გაცვლითი კურსის მერყეობა 1.26%-ს აღწევდა. წინა კვირასაც კი, ყველაზე მეტით, 2.71%-იანი გამყარების პირობებში, ყველაზე დიდი, 1.11%-იანი მერყეობით ხასიათდებოდა. შედარებით ნაკლებით, მაგრამ სხვა ვალუტებისგან განსხვავებით არასტაბილური იყო უკრაინული გრივნა. გასულ კვირას 1.11%-იანი გაუფასურების პირობებში გაცვლითი კურსის ყოველდღიური ნიშნული საშუალოსთან მიმართებით 1.01%-ით იხრებოდა. დაახლოებით ამავე ნიშნულით მერყეობდა კიდევ ერთი გაუფასურებული ვალუტა - ევრო. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ევროს მერყეობა 1.00%-ს აღწევდა, ბრიტანული სტერლინგის კი - 0.90%-ს.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 11.06/18.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. გასულ კვირას კი, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რადგან შერჩეული ვალუტებიდან ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი მხოლოდ დრამთანაა გაუფასურებული. თავად დრამი კი გასულ კვირას დოლართან მიმართებით ყველაზე მეტითაა გამყარებული. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი, სომხურ დრამთან მიმართებით, 1.01%-ითაა გაუფასურებული. სხვა დანარჩენ ვალუტებთან მიმართ ლარის გაცვლითი კურსი გამყარებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით. გასულ კვირას ლირასთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 3.52%-ით გამყარდა, როცა ივნისის მეორე სავაჭრო კვირას, ლარი, ყველაზე მეტით, სწორედ თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართ იყო გაუფასურებული. გარდა თურქული ლირისა, ლარის გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით ევრო და სტერლინგთან მიმართაც გამყარდა. ორივე ვალუტა კი დოლართან მიმართებით გაუფასურებულია. ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 2.00%-ით გამყარდა, ხოლო ბრიტანულ სტერლინგთან გამყარებამ 1.82% შეადგინა. თუკი ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართ 5.31%-ით იყო გაუფასურებული, გასულ კვირას ტენდენცია 0.85%-იანი გამყარებით შეიცვალა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, განსხვავებით წინა პერიოდისა, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გამყარდა. კერძოდ, ივნისის მესამე სავაჭრო კვირას ეფექტური კურსი 1.37%-ითაა გამყარდა, რაც წინა კვირას 3.96%-ით იყო გაუფასურებული.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 116.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.01%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის გამყარების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივნისის მეორე სავაჭრო კვირას მერყეობა 0.59%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.71%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 1.39% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.