24.მაისი .2021 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (14.05 – 21.05)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (14.05 – 21.05)
views 3249
უკან

გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.309 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.411-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 3.00%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.35%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ზედიზედ ცხრაკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ზედიზედ სამკვირიანი გამყარებაა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.47%-ითაა გაუფასურებული, რაც მარტის თვეში 3.05%-ს აღწევდა და აპრილში კი - 0.64%-ს. რაც შეეხება მიმდინარე თვეს, მაისის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.00%-ითაა გამყარებული. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ მაისის მესამე სავაჭრო კვირას შერჩეული ყველა ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარებულია, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტით ქართული ლარი. წლის დასაწყისიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების ნიშნული, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ძირითადი ვალუტიდან, თურქული ლირის და იაპონური იენის შემდეგ მესამეა. პირველი იანვრიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 13.11%-ითაა გაუფასურებული, რაც მხოლოდ მარტის თვეში 13.20% იყო. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მაისის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ლირის ყველაზე მაღალი ნიშნულით, 2.63%-იანი გაუფასურების შემდეგ, გასულ კვირას აღნიშნული ვალუტა, გასულ კვირას 0.41%-ით გამყარდა. მაისის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 2.01%-ითაა გაუფასურებული.
 
გასულ კვირას, ლარის შემდეგ, ყველაზე მაღალი ნიშნულით რუსული რუბლი გამყარდა. კერძოდ, მაისის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.51%-ითაა გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 0.52%-ია. აპრილის თვეში კი რუბლის გამყარება 1.22%-ს შეადგენდა, ხოლო მაისის დასაწყისიდან დღემდე კი ეს მაჩვენებელი 1.79%-ია. გარდა რუბლისა, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიდან, წლის დასაწყისიდან დღემდე, მაღალი გამყარების ნიშნულით უკრაინული გრივნა გამოირჩევა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში, დოლართან მიმართებით გრივნის გაცვლითი კურსი 3.19%-ითაა გამყარებული. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს - მაისის მესამე სავაჭრო კვირას უკრაინის ეროვნული ვალუტა 0.47%-ით გამყარდა. შედარებით ნაკლებით კი სომხური დრამი, რომლის გამყარების ნიშნული 0.39% იყო. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.28%-ითაა გამყარებული, რაც აპრილში 2.12% იყო. გასულ კვირას კი, დოლართან მიმართებით ყველაზე ნაკლებით ჩინური იუანი გამყარდა, რამაც მხოლოდ 0.05% შეადგინა. მსოფლიოს ნომერ პირველი საექსპორტო და საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყნის ეროვნული ვალუტა წლის დასაწყისიდან დღემდე 1.43%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 14.05 – 21.05 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აპრილის ბოლო და მაისის კვირებში კი სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 17.05 - 21.05-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას შერჩეული ვალუტებიდან ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით, 3.00%-ით გამყარდა, აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა ყველაზე მაღალი იყო. კერძოდ, მაისის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.05%-ით იხრებოდა, რაც კვირის ბოლოსკენ კურსის მყისიერ გამყარებას უკავშირდება. წინა კვირას კი ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა 0.16% -იყო, რაც მაისის პირველ კვირას, 0.10 პ.პ. -ით, მეტი 0.26%-ს აღწევდა. ლარის შემდეგ კი, მაღალი მერყეობით თურქული ლირა გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლირის მერყეობა ყველაზე მაღალი, 1.24%-ს აღწევდა, როცა კურსი 2.63%-ით გაუფასურდა. ამ ფონზე, მაისის მეორე სავაჭრო კვირას ყველაზე არასტაბილური სწორედ თურქეთის ეროვნული ვალუტა იყო. გასულ კვირას კი, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.51%-ით იხრებოდა, რაც კვირის მანძილზე 0.41%-ით გამყარდა. ხოლო, გასული კვირის მანძილზე ყველაზე დაბალი მერყეობით ჩინური იუანი გამოირჩეოდა. ერთი მხრივ, იუანი ყველაზე დაბალი ნიშნულით, 0.05%-ით გამყარდა და მეორე მხრივ, სავაჭრო კვირის მანძილზე, საშუალოსთან მიმართებით ყოველდღიური გაცვლითი კურსის ყველაზე ნაკლებით, 0.08%-ით მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 14.05/21.05 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილების ტენდენცია არამხოლოდ დოლართან არამედ, სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებითაც შეიცვალა. თუკი მარტ-აპრილში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით უფასურდებოდა, მდგომარეობა მაისიდან შეცვლილია და ბოლო ორი კვირა თითქმის ყველას ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. მაისის მესამე სავაჭრო კვირას კი მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. თუკი წინა კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ორ ვალუტასთან - უკრაინულ გრივნა (0.10%) და ბრიტანულ სტერლინგთან (0.07%) იყო გაუფასურებული, გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებულა.

მაისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით სწორედ აშშ დოლართან მიმართებითაა გამყარებული, რამაც 3.31% შეადგინა. თუკი, ლარის შეწონილი გაცვლითი კურსი წინა კვირას ყველაზე მეტით, 2.29%-ით თურქულ ლირასთან იყო გამყარებული, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას შედარებით მაღალი 2.52%-ია, მაგრამ ამ პერიოდში, რუსულ რუბლის შემდეგ ყველაზე დაბალი. მაისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე ნაკლები ნიშნულით რუბლთან მიმართებით გამყარდა. გასულ კვირას საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი რუბლთან მიმართებით 2.50%-ით გამყარდა. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ასეთი მასშტაბური და მყისიერი გამყარება კი ბოლო წლებისთვის ამ უკანასკნელისთვის ნაკლებად დამახასიათებელია და პირიქით, მკვეთრი გაუფასურებები მეტად თვალსაჩინო იყო.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მსგავსად მაისის მეორე სავაჭრო კვირისა, გასულ კვირასაც ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, მაისის მეორე სავაჭრო კვირას ეფექტური ნომინალური კურსი 2.79%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.60% იყო. ამდენად, ზედიზედ სამი კვირაა ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსიც მყარდება, რადგან მაისის პირველ სავაჭრო კვირაც ეს მაჩვენებელი 0.76%-იან გამყარებით გამოირჩეოდა.

მაისის მესამე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.05%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.38%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 4.15%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 6.41% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. ასეთი ტენდენცია კი, მაისის დასაწყისიდანაა დამახასიათებელი.